Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე დღეს: იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში


ბანერები სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან, რუსთავი, 6 ნოემბერი
ბანერები სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან, რუსთავი, 6 ნოემბერი

"პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია" - ესაა დასკვნა, რომელიც 5 ექიმის შემადგენლობით დღეს გამართულ კონსილიუმს ეკუთვნის. 5 ექიმიდან 2 კონსილიუმში მონაწილეობას დისტანციურად, სატელეფონო ჩართვის ფორმატით იღებდა. კონსილიუმის შემაჯამებელ ოქმში ნათქვამია, რომ ექიმებს პაციენტი 8 ნოემბერს ფიზიკურად და პირადად არ უნახავთ და მათი მსჯელობა ეყრდნობა პირადი ექიმის მოხსენებას.

"მკურნალი ექიმის გადმოცემით პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა, იმატა საერთო სისუსტემ, მეტად შენელებულია კონტაქტისას", - წერია კონსილიუმის ოქმში. აქვე აღნიშნულია, რომ მოშიმშილე მსჯავრდებული უარს აცხადებს ყოველგვარი წამლისა და საკვები დანამატის მიღებაზე.

"უარს აცხადებს ნუტრიზონის [საკვები დანამატი] მიღებაზე, არ ღებულობს დანიშნულ ელექტროლიტებს და ვიტამინებს. კლება საწყისი წონიდან მიახლოებით 10%", - წერენ ექიმები.

დასკვნას ხელს აწერენ:

  1. ნევროლოგი - ალექსანდრე ცისკარიძე;
  2. კრიტიკული მედიცინის ექიმი - გიორგი გოცაძე;
  3. პირადი ექიმი - ნიკოლოზ ყიფშიძე;
  4. ენდოკრინოლოგი - ელენე გიორგაძე (ფიზიკურად არ ესწრებოდა);
  5. ჰემატოლოგი - ნინო შარაშენიძე (ფიზიკურად არ ესწრებოდა).

8 ნოემბერს, კონსილიუმის სხდომის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციური სისტემის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც სააკაშვილის დედამ გამოთქვა ეჭვი, რომ მისი შვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს, ნათქვამია:

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით".

XS
SM
MD
LG