პოლიცია ენმ-ის დეპუტატ წევრებს იუსტიციის სამინისტროში შესვლის უფლებას არ აძლევს

თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მხარდამჭერები მივიდნენ, დაპირისპირება იყო. პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ანი წითლიძესა და ლევან ხაბეიშვილის, რომლებიც ამავდროულად არიან პარლამენტის წევრებიც, არ მისცა შენობაში შესვლის უფლება.

დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პოლიციას სთხოვა დაესახელებინა კანონის ის მუხლი, რომლის შესაბამისადაც მათ უარი უთხრეს ადმინისტრაციულ შენობაში შეშვებაზე.

იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროს მიუახლოვდნენ, იქ მდგომმა პოლიციის კორდონმა ისინი ძალის გამოყენებით გადაწია უკან.

"დღეს ვნახეთ, როგორ გადააქციეს პოლიცია რატი ბრეგაძის ლეკვებად", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც აქციის მონაწილეებს სთხოვა აღარ მიახლოვებოდნენ პოლიციელებს.

პარლამენტის დეპუტატები არ შეუშვეს არც ჯანდაცვის სამინისტროში. სამინისტროსთან"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე და ზაალ უდუმაშვილი იმყოფებოდნენ.

თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ერთდროულად ორ ადგილზე აქცია ერთმანეთის პარალელურად დაიწყო. აქციის მოთხოვნა კვლავ უცვლელია - საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. აქციის მონაწილე დეპუტატები ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და იუსტიცის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას.

ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით თბილისში ორ ადგილზე აქცია ერთდროულად იმართება

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში პერმანენტულ აქციებს 8 ნოემბრიდან მართავს. პარტიის ორგანიზებით მოქალაქეები იკრიბებიან ქალაქის სხვადასხვა წერტილში საერთო მოთხოვნით - მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. როგორც ადვოკატები და სახალხო დამცველი ამბობენ, ეს დაწესებულება მოშიმშილე პატიმრის საჭიროებებისთვის სათანადოდ აღჭურვილი არ არის.

მიხეილ სააკაშვილის გლდანის პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის მომენტიდან, პატიმრების საკნებიდან მისი მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები. იმის დატურად, რომ სააკაშვილს კანონის ფარგლებში მოექცნენ, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.

ასევე ნახეთ "წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!" - პენიტენციური სააკაშვილის ახალ ვიდეოს ავრცელებს

ეს მასალები სახალხო დამცველმა შეაფასა, როგორც პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა. სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვეს, შეწყვიტოს ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და დაიცვას ადამიანის პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ასევე ნახეთ სახალხო დამცველი: გავრცელებული კადრებით სააკაშვილის პატივის, ღირსების უფლება დაირღვა