Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით თბილისში ორ ადგილზე აქცია ერთდროულად იმართება


თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ერთდროულად ორ ადგილზე აქცია ერთმანეთის პარალელურად იმართება. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ დიდუბისა და 300 არაგველის მეტროსადგურებთან.

აქციის მოთხოვნა კვლავ უცვლელია - საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.აქციის მონაწილე დეპუტატები ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და იუსტიცის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას.

​"გამოსავალი არის ერთადერთი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის კლინიკაში. მეტი გამოსავალი არ არსებობს. თუ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა მოკლან, მაშინ გამოვიდნენ და თქვან. ერთადერთი გამოსავალი, რომ შევინარჩუნოთ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არის მისი გადაყვანა შესაბამის კლინიკაში", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მედიასთან საუბრის დროს.

300 არაგველის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული აქცია მსვლელობით გაგრძელდა. ამ მსვლელობაში მოქალაქეებს წინ პოლიტიკური ლიდერები მიუძღოდნენ. ისმოდა შეძახილები - "მიშა". ისინი იუსტიციის სამინისტროსკენ გადაადგილდებოდნენ, რომელიც ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში პერმანენტულ აქციებს 8 ნოემბრიდან მართავს. პარტიის ორგანიზებით მოქალაქეები იკრიბებიან ქალაქის სხვადასხვა წერტილში საერთო მოთხოვნით - მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. როგორც ადვოკატები და სახალხო დამცველი ამბობენ, ეს დაწესებულება მოშიმშილე პატიმრის საჭიროებებისთვის სათანადოდ აღჭურვილი არ არის.

მიხეილ სააკაშვილის გლდანის პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის მომენტიდან, პატიმრების საკნებიდან მისი მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები. იმის დატურად, რომ სააკაშვილს კანონის ფარგლებში მოექცნენ, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.

ეს მასალები სახალხო დამცველმა შეაფასა, როგორც პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა. სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვეს, შეწყვიტოს ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და დაიცვას ადამიანის პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

XS
SM
MD
LG