გლდანის ციხის დერეფნები - სად არის სააკაშვილი და საიდან ისმის "შუმოკი"

ვინც ერთხელ მაინც შესულა გლდანის ციხის ტერიტორიაზე, მან იცის, რომ ერთ ეზოშია განთავსებული გლდანის ე.წ. მერვე საპყრობილე, ციხის სხვა კორპუსები, ადმინისტრაციული შენობა და თავად მე-18 სამედიცინო დაწესებულება (ციხის საავადმყოფო), სადაც ორიოდე დღის წინ გადაიყვანეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 40 დღის განმავლობაში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი. ეს ნიშნავს, რომ პატიმრების ნაწილი მაინც ხედავს ეზოში გამვლელ, კერძოდ კი, მე-18 დაწესებულებისკენ მიმავალ ადამიანებს.

ერთი ვერსიით, პატიმრებმა, სავარაუდოდ, ასე შენიშნეს მიხეილ სააკაშვილთან შესული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელიც კი აცხადებდა, რომ მთლიანად შეფუთული იყო და „სულ რამდენიმე წამი დასჭირდა“ მანქანიდან გადმოსვლისა და მე-18 დაწესებულებაში შესვლისთვის, მაგრამ ფაქტია, პატიმრები მის სახელსა და გვარს მაინც გაჰყვიროდნენ და ეს ნინოს ესმოდა.

ასევე ნახეთ ლომჯარია ამბობს, რომ სრულიად შეფუთული შევიდა ციხეში, თუმცა პატიმრები მის გვარსაც სკანდირებდნენ

მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამაც უთხრა მედიას, რომ პატიმრებისგან, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, „გინება და უმძიმესი ტექსტები“ ისმოდა. თან უწყვეტად, ღამითაც:

„წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ამყოფებენ სააკაშვილს“, - თქვა გვარამიამ.

„ასეთ ვერბალურ აგრესიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები თუ სხვა ვიზიტორებიც დაექვემდებარებიან“, - ფაქტი ასე შეაფასა სახალხო დამცველმა.

გავრცელდა მეორე ვერსიაც, რომელსაც იზიარებენ სააკაშვილის ადვოკატები და თანაგუნდელები, რომ პატიმრებს სპონტანური „შუმოკი“ კი არ მოუწყვიათ, ადმინისტრაციისგან იყვნენ კარგად ინფორმირებულები, თუ ვინ მიიყვანეს გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, ვინ სტუმრობდა მას და ხმაურიც, გინების თანხლებით, სწორედ ამას მოჰყვა.

პატიმრების ყვირილი მედიის მიერ გადაღებულ კადრებშიც კარგად ისმის და სააკაშვილის მისამართით გინებაც მარტივად გაირჩევა.

რუსთავის მე-12, სპეციალური დაწესებულებიდან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადაყვანას მისი ადვოკატები, უფლებების დამცველები და ოჯახის წევრები ამიტომაც აპროტესტებდნენ, რომ გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მისი მოთავსება უსაფრთხო ვერ იქნებოდა: ის, სულ მცირე, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა.

„ღირსების შემლახავ მოპყრობად და ფსიქოლოგიურ შტურმადაც“ კი შეაფასა ცენტრმა „ემპათიამ“ ის, რაც გლდანის ციხეში მოხდა.

„მასზე ასეთი ზეწოლა გარდაუვალი იყო“, - გვითხრა ტატო ქელბაქიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ თავმჯდომარემ, რომელიც წლების წინ თავადაც მუშაობდა პენიტენციურ სისტემაში.

სწორედ ის ამბობს, რომ შეუძლებელია, გადაწყვეტილების მიმღებებს არ სცოდნოდათ, რა მოჰყვებოდა იქ სააკაშვილის მიყვანას:

„როცა იცი, რომ რაღაც გარდაუვალია და მაინც იქ მიგყავს, ყველა კითხვაზე ნათელია პასუხი“.

გლდანის ციხის ტერიტორია

ტატო ქელბაქიანი არც იმას გამორიცხავს, რომ ე.წ. შუმოკიც წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო, როგორც სააკაშვილისთვის სამაგიეროს გადახდის საჩვენებელი სცენა იდეით - თუ წარსულში აქ შენი რეჟიმის დროს იყვნენ შეურაცხყოფის მსხვერპლები, ახლა შენც იგივე უნდა გაგიკეთოთ:

„მე მიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი ვენდეტას ჰგავს. თუ ეს ასეა, მაშინ, ეს მართლმსაჯულება კი არა, შურისძიებაა“.

თუმცა ციხის ადმინისტრაციის ან უფრო ზემდგომთა ჩართულობა საერთოდ რომ გამოვრიცხოთ (არც სპეციალური პენიტენციური სამსახური და არც იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს), როცა გლდანის ტიპის დაწესებულების ტერიტორიაზე შეგყავს ისეთი პატიმარი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, უკვე მოსალოდნელია ხმაური პატიმრების მხრიდან და, როგორც ტატო გვეუბნება, სულ არ არის საჭირო, იქ „სააკაშვილის რეჟიმის“ პატიმრები ისხდნენ.

მათი რეაქციის გამოსაწვევად, საკმარისია, მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულების და, ზოგადად, გატარებული პოლიტიკის გახსენებაც ე.წ. ქურდული სამყაროს მიმართ:

„მხოლოდ ამ მიზეზითაც შეიძლება არ უყვარდეთ იქ სააკაშვილი, იმიტომ რომ ის ე.წ. კრიმინალურ სუბკულტურას და ე.წ. კანონიერ ქურდებს ებრძოდა“.

ასევე ნახეთ რატომ (არა) ციხის საავადმყოფო?

შეიძლება თუ არა ამ ვერბალური აგრესიის თავიდან აცილება და რა გზით არის შესაძლებელი მისვლა მე-18 სამკურნალო დაწესებულებამდე?

ეს კითხვა დავუსვით რამდენიმე ადვოკატს და უფლებადამცველს, ვისაც ციხეში შესვლის უფლებაც აქვს და გამოცდილებაც და როგორც ირკვევა:

ციხის საავადმყოფომდე რომ მიხვიდე, ფაქტობრივად, მთელი ეზო უნდა გადაჭრა. საპატიმროების ფანჯრებს დაახლოებით 20 მეტრში ჩაუარო.

ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი იხსენებს, რომ ჩვეულებრივ დღეებშიც, როცა ის თავისი დაცვის ქვეშ მყოფებთან ციხეში შედიოდა, პატიმრების მხრიდან მაინც სულ ისმოდა ხოლმე სხვადასხვა შინაარსის შეძახილები - განსაკუთრებით მძაფრდებოდა ეს შეძახილები ციხის ტერიტორიაზე ქალის დანახვისას.

„ამიტომ, გასაგებია, რა მოხდებოდა სააკაშვილის იქ გადაყვანის ცნობის გაგებაზე“.

ნინოს თქმით, სახალხო დამცველს ციხის საავადმყოფოში მიმავალ პატიმართან ისეთი მხრიდან შეუძლია შევიდეს, საიდანაც სხვა პატიმრების ხმის გაგონება შესაძლებელია. მას ის შეძახილები ამიტომაც ესმოდა. ამ ხმებს სიჩუმეში კარგად გაიგონებს სააკაშვილიც.

„მაგრამ უშუალოდ მერვე საპატიმროს მსჯავრდებულების სანახავად, ადვოკატები და პატიმრის ახლობლები, მე როგორც ვიცი, დღეს შედიან იმ მხრიდან, სადაც შესაძლოა, მხოლოდ სამეურნეო ნაწილში დასაქმებულ ერთი-ორ პატიმარს გადაეყარონ, ვისაც ან საკვები მიაქვს, ან ცარიელი ჭურჭელი გამოაქვს“, - გვითხრა ნინო ანდრიაშვილმა.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილის წერილი: „გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში"

ყოფილი მაღალჩინოსნების, ძალოვანი უწყებების თანამდებობის პირების, პოლიციელების თუ პროკურორებისათვის სწორედ ამიტომ არსებობს სპეციალური, რუსთავის მე-12 დაწესებულების მსგავსი დაწესებულება, სადაც მათ სხვა პატიმრებთან არც ვერბალური და არც ფიზიკური კომუნიკაცია არ გააჩნიათ.

ტატო ქელბაქიანიც გვეუბნება, რომ ყველა სხვა დანარჩენ პენიტენციურ დაწესებულებაში, არსებობს ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის მთელი იერარქია და იქ სააკაშვილის მსგავსი პატიმრების ყოფნა გამორიცხულია.

გლდანის ციხე

ცნობილი „გლდანის მერვე“

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მიიჩნევა, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი, ქვეყნის პრეზიდენტი, პირველი პირი იმ ხელისუფლებისა, რომელიც დიდწილად სწორედ ციხის სკანდალს შეეწირა, არ უნდა გადაეყვანათ გლდანის ციხის საავადმყოფოში - ეს არის ამავე ციხის სპეციფიკა და, რაც მთავარია, არცთუ შორეულ წარსულში იქ მომხდარი ამბები.

„გლდანის მერვე“ სწორედ ის ადგილია, საიდანაც გავრცელდა პატიმართა წამების ცნობილი კადრები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.

ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი სწორედ იმ დროს მუშაობდა „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ და ციხეში შესვლაც ხშირად უწევდა - ის თავად არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების მომსწრე და ამბობს კიდეც, რომ არაერთი საქმე წაიღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სწორედ მე-8 და მე-18 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებზე.

ასევე ნახეთ იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილმა გლდანის დაწესებულებაში სამედიცინო ტექნიკა დააზიანა

„სწორედ მე-18 დაწესებულებაში იყო მედპერსონალის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლისა და წამების ფაქტები. სხვათა შორის, ამ სამედიცინო პერსონალის ნაწილი დღესაც იქ მუშაობს“, - იხსენებს ნინო ანდრიაშვილი.

გლდანის ციხე დღესაც არის დახურული ტიპის ციხე, სადაც არიან როგორც მსჯავრდადებულები, ისე ბრალდებულები, ანუ ეს არის როგორც პატიმრობის, ისე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, სადაც, როგორც ტატო ქელბაქიანმა გვითხრა, დღემდე არსებობს მსჯავრდადებულების და ბრალდებულების განცალკევების პრობლემა.

რაც შეეხება ციხის ე.წ. სამკურნალო დაწესებულებას, სადაც ახლა იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ძალიან ბევრ ქვეყანაში „ციხის საავადმყოფოს“ გაგება აღარც არსებობს.

ტატო ქელბაქიანის შეფასებით, ეს საავადმყოფო საერთოდ უნდა დაიხუროს, ციხეში გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ხოლო უკლებლივ ყველა პატიმარი, ვისაც მუდმივი სამედიცინო ზედამხედველობა სჭირდება, გადაიყვანონ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე რჩება გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც, როგორც თავად აცხადებს, მოტყუებით გადაიყვანეს. ის შიმშილობას განაგრძობს.

ოპოზიცია კი მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის და გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციებს მართავს.