Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილმა გლდანის დაწესებულებაში სამედიცინო ტექნიკა დააზიანა


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გლდანში, პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა. მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს.

"იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება", - აღნიშნულია უწყების გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რა ტექნიკა დააზიანა სააკაშვილმა.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, რომლის წარმომადგენელი მიხეილ ღოღაძე ადგილზე იყო მისული მიხეილ სააკაშვილის სანახავად. მიხეილ ღოღაძეს "ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკის" დაზიანებაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ მედიასთან თქვა, რომ ექსპრეზიდენტი იძულებით გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან.

"მას [მიხეილ სააკაშვილს] არ უნდოდა გადმოსვლა მე-18 დაწესებულებაში. მანქანიდან გადმოიყვანეს და შეასახლეს ძალის გამოყენებით, ვინაიდან პროტესტის ნიშნად აცხადებდა უარს, არ გადმოდიოდა მანქანიდან. მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში. უარს აცხადებს მკურნალობაზე და აგრძელებს შიმშილობას", - თქვა მიხეილ ღოღაძემ, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციური სისტემის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც სააკაშვილის დედამ გამოთქვა ეჭვი, რომ მისი შვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს, ნათქვამია:

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით."

XS
SM
MD
LG