ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტების ნაწილი ახალ პოლიტიკურ რეალობაზე ლაპარაკობს და იმასაც ამბობს, რომ დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა. „ოცნება“ კი, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ ის კრიზისი ხელოვნური იყო, მალევე ამოიწურა და ახლაც, სააკაშვილს ყველა მალე დაივიწყებს.
- როგორია „ახალი პოლიტიკური რეალობა“ ან „ახალი დღის წესრიგი“ და შეძლებს თუ არა „ოცნება“, რომ აღარ ახსენოს მოშიმშილე პატიმარი ექსპრეზიდენტი?
- რით განსხვავდება ამჟამად განვითარებული მოვლენები სხვა კრიზისული ეტაპებისგან?
- არსებობს თუ არა გამოსავალი?
დახურვა და დავიწყება
„სააკაშვილის თემა დავხურეთ, არა მარტო ამ ბრიფინგზე, არამედ ზოგადად... ამ წამიდან დავხურე სააკაშვილის თემა“, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 9 ნოემბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ ახალ ბრალდებებსა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების აფიშირებას მიეძღვნა - შექმნას ახალი, ხალხის მოთხოვნებზე ორიენტირებული დღის წესრიგი.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღარ აპირებს პასუხი გასცეს მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვებს და „ჩიხში შესული რადიკალების“ პროტესტსაც მხოლოდ რამდენიმე დღით პროგნოზირებს.
„რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ არეულობა შემოიტანონ... დამთავრებულია ეს თემა. რა თქმა უნდა, რაღაცეებს ეცდებიან რამდენიმე დღე, თუმცა პასუხს მიიღებენ შესაბამისს და ადეკვატურს“, - თქვა მან და იქვე გაახმაურა ინკოგნიტო წყაროს მიერ „გაუთქმელობის პირობით“ მიწოდებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციის რიგებში „დროას“ ლიდერის, ამჟამად მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოწამვლას თათბირზე გეგმავდნენ.
ასევე ნახეთ ელენე ხოშტარია „ოცნების“ განცხადებას მისი მოწამვლის სცენარის შესახებ „ფანტაზიის მძიმე მდგომარეობად“ აფასებსმიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დავიწყების განზრახვა „ოცნების“ ლიდერმა ჯერ კიდევ 14 ოქტომბერს გაამხილა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში; ზუსტად იმ დღეს, როცა თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ენმ-ის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია იმართებოდა.
მაშინ კობახიძემ თქვა, რომ 30 ოქტომბრიდან ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისა და მისი მოშიმშილე ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ აღარავის უნდა ელაპარაკა:
- მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა აქტუალური იქნება წინასაარჩევნო პერიოდში, „კიდევ ორი კვირის განმავლობაში“ და მერე დავიწყებას მიეცემა;
- სააკაშვილი დარჩება ციხეში 6 წელი და ვერ შეინარჩუნებს აქტუალურობას; ხოლო „ნაცმოძრაობა“ იქნება „ნული აქტუალურობით მოსარგებლე პოლიტიკური ძალა“ და „ეს ბოროტება საბოლოოდ უნდა დასრულდეს“;
- არჩევნებამდე „ბევრი უნდა ვისაუბროთ იმ სიმახინჯეებზე, რაც არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობის“ ყოფნასთან ხელისუფლებაში და შემდეგ ოპოზიციაში“;
- მაგრამ როგორც კი დასრულდება არჩევნები - „ამის შემდეგ დავივიწყოთ საერთოდ "ნაცმოძრაობა" და ჩავაბაროთ ბნელ წარსულს, რომელსაც ის მიეკუთვნება“.
ენმ-ის დავიწყებასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. რამდენიმე კვირის წინ, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ თანაგუნდელებსაც სთხოვდა, საერთოდ აღარ ელაპარაკათ ამ თემაზე.
ასევე ნახეთ მელია: საზოგადოება არ მოისვენებს, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენმაშინ დადებული პირობა ვერ შესრულდა და ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ ვერც ახლა შეძლებს იმ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დავიწყებას, რომელმაც, ცესკოს მონაცემებით, ბოლო არჩევნებზე 30.68% მიიღო და მით უფრო ახლა, როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების გამო, ოპოზიციამ უწყვეტი და ხმაურიანი ქუჩის აქციები დაიწყო.
გამწვავებული ეტაპი
ის რაც დღეს ხდება, 2020 წელს დაწყებული კრიზისის „კიდევ უფრო გამწვავებული ეტაპია“, - ეუბნება პოლიტოლოგი გია ნოდია რადიო თავისუფლებას.
„შარშან ოპოზიცია უკმაყოფილო იყო არჩევნების არა მხოლოდ შედეგებით, არამედ ჩატარების წესით, მაგრამ მას არ ჰქონდა იმის ძალა, რომ ეიძულებინა ხელისუფლება - ჩაეტარებინა ვადამდელი არჩევნები. მაშინ, დრამატული ისეთი ვერაფერი მოხდებოდა - ხანგრძლივი ბოიკოტის გამო, საპარლამენტო დემოკრატია იყო საფრთხეში...
მაგრამ ახლა, როცა დღის წესრიგში ადამიანის [მიხეილ სააკაშვილის] სიცოცხლე დგას, საზოგადოების განწყობაც უფრო მწვავეა და ისიც არ ვიცით, რით დამთავრდება ეს ყველაფერი. ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მხოლოდ ადამიანი არ არის, ის სიმბოლოა...
ამ ხელისუფლების ისტორიაში ყველაზე დიდი მიტინგი 14 ოქტომბერს ჩატარდა და მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა გამოიწვია ეს... რაც ახლა ხდება, დავიწყების სრულიად საპირისპიროა - სააკაშვილის საკითხი მოვლენების ცენტრშია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გია ნოდია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს, რომელმაც საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო შეშფოთება გამოიწვია, „ქართული ოცნება“ იმთავითვე „ხელოვნურს“ უწოდებდა და ძალის დემონსტრირებასაც ცდილობდა.
ასევე ნახეთ უარი დიალოგზე, ცესკოს "შტურმი", გადამეტებული ძალა - რა აჩვენა ხელისუფლებამ- ერთი წლის წინ, 2020 წლის 8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ წყლის ჭავლით დაშალა, რასაც წინ უსწრებდა მისი უარი ოპოზიციასთან დიალოგზე.
- 2021 წლის თებერვალში, ძველ საქმეზე ერთხელ გადახდილ გირაოსთან დაკავშირებული, ბევრისთვის გაუგებარი კალკულაციის საფუძველზე, ენმ-ის ოფისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს პარტიის ლიდერი, ნიკა მელია.
- ოპოზიციის დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში არ შედიოდა პარლამენტში და „ქართული ოცნების“ არაერთმა წარმომადგენელმა თანდათან აღიარა, რომ ერთპარტიული პარლამენტი მათთვისაც დისკომფორტი იყო.
- ამ ერთი წლის განმავლობაში მრავალჯერ გაისმა ენმ-ის „დასრულების“ განზრახვის თაობაზე; მუდმივად იყო ოპოზიციის უდიდესი ნაწილის კრებით „ნაციონალურ მოძრაობად“ მოხსენიება და სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული მრავალი ბრალდება.
- 2021 წლის დასაწყისში, როცა პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა, ენმ-სთან შეთქმულებასა და „ხელისუფლების ატრიალებაში“ „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე გუნდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც დაადანაშაულა. ოდნავ მოგვიანებით, მას „კოკაინშიკიც“ უწოდეს.
ჩანს თუ არა გამოსავალი?
6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილი პარლამენტში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უდიდესი და ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგად, ხელი მოეწერა შეთანხმებას ხელისუფლებასა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დიდ ნაწილს შორის.
სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე დატოვა საპატიმრო ნიკა მელიამაც, მიუხედავად იმისა, რომ იმ ეტაპზე დოკუმენტზე არ იყო ენმ-ის ხელმოწერა.
28 ივლისს, „ქართული ოცნება” ცალმხრივად გამოეთიშა „შარლ მიშელის შეთანხმებას“ და განაცხადა, რომ მისთვის წამგებიანმა ამ დოკუმენტმა, ამავე დროს, ქვეყანა კონსტიტუციის ჩარჩოებიდანაც გაიყვანა. შემდეგ იყო ევროკავშირის იაფ სესხზე ნათქვამ უართან დაკავშირებული ხმაურიც.
როდესაც გამოსავალზე მსჯელობენ, ექსპერტები ამჟამინდელი ვითარების სირთულეს საერთაშორისო პარტნიორების იმედგაცრუებასაც უკავშირებენ.
„ამ დოკუმენტიდან "ქართული ოცნების" გასვლამ გარკვეული დარტყმა მიაყენა დასავლეთის პრესტიჟს და საერთაშორისო პარტნიორობას, აღარ უნდათ, რომ თავისი რეპუტაცია ისევ ეჭვის ქვეშ დააყენონ. ამიტომ ვეღარ ვხედავთ ჩარევის სურვილს... თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვიდრე ნიკა მელიას დაიჭერდნენ, მაინცდამაინც დიდ აქტიურობას არ იჩენდა ევროპა... თებერვლამდე უფრო კრიტიკული განცხადებები ოპოზიციის მიმართ კეთდებოდა“, - გვეუბნება გია ნოდია.
ასევე ნახეთ თამარ გაბუნია: გლდანის საავადმყოფო არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილისაერთაშორისო პარტნიორებისგან იმავე ტიპის აქტიურობას აღარ მოელის კორნელი კაკაჩია. ზოგადადაც ის ფიქრობს, რომ „გარე ჩარევაზე დამყარებული იმედების“ საფუძველზე საქართველოში პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს განვითარდება.
კაკაჩიას აზრით, პროცესი „გრძელვადიან ჩიხში“ შევიდა და მოლაპარაკებები, წესით, ხელისუფლებასაც აძლევს ხელს, რადგან, თუკი გამოსავალი არ გამოინახა, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ხელისუფლებისთვის ყოველთვის „ნელი მოქმედების ნაღმად“ დარჩება.
„ციხეში დიდხანს სააკაშვილის გაჩერება შეუძლებელია, მით უფრო იმ ფონზე, როცა არღვევ მის უფლებებს... არ არის გამორიცხული, რომ ამ პროცესს მოჰყვეს სერიოზული საერთაშორისო გამოხმაურებები კონკრეტულად ადამიანის უფლებების ნაწილში და ესეც პრობლემას შეუქმნის... შეიძლება ამას ურთიერთობების გართულება მოჰყვეს უკრაინასთანაც და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად სერიოზული თავსატეხია ხელისუფლებისთვის“, - გვეუბნება კორნელი კაკაჩია.
ასევე ნახეთ კელი დეგნანი სააკაშვილზე: მას უნდა მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა9 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვაღელვებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - უთხრა მან ჟურნალისტებს და მოუწოდა ხელისუფლებას - პატიმრისთვის უზრუნველყოს „სრულყოფილი სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში“.
„მას უნდა მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით. ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, იზრუნოს პატიმრების მდგომარეობაზე და დაიცვას ისინი ნებისმიერი ძალადობისგან“, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.
ოპოზიციის მიერ წამოწყებული უწყვეტი პროტესტის უპირველეს ამოცანად რჩება მიზანი - აიძულოს ხელისუფლება და მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პენიტენციური სისტემის გარეთ, მრავალპროფილურ კლინიკაში.
9 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ გლდანის საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს გადაიყვანეს, არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და, „ბუნებრივია, შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ“.