Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიამ გამოაცხადა 10 ნოემბრის საპროტესტო აქციების გეგმა


ნიკა მელია
ნიკა მელია

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. მან აქციის მონაწილეებს 10 ნოემბრის გეგმა გააცნო.

ნიკა მელიას თქმით, ყოველდღიურად ბრძოლა გაგრძელდება ორგანიზებულად და მზარდად.

10 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისში სამ ადგილზე ერთდროულად გაიმართება აქცია: იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. როგორც მელია აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია, ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. „ამავე დროს, მეოთხე ადგილზე გაიმართება აქცია, რომელსაც მე განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველდღე“, - დაამატა მელიამ.

პოლიტიკოსი ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს, რომ აუცილებელი არ არის ღამისთევა და საჭიროა ენერგიის შენარჩუნება. „დილიდან ჩვენ უნდა გამოვაცალოთ ენერგია რეჟიმს“, - თქვა მან.

როგორც მელია აღნიშნავს, პროტესტი გაიშლება სხვადასხვა ფრონტზე. „ყოველ დილით ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება, დღის ბოლოს გეგმებს შეგატყობინებთ რამდენიმე წერტილთან მიმართებაში, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ დავასახელებ და იმტვრიონ თავი „ქართული ოცნების“ სპეცდანიშნულების რაზმებმა თუ პროკურორებმა და პოლიციელის უფროსებმა", - აღნიშნავს მელია.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები ახლოს არიან მიზნის შესრულებასთან. ის მოელის, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში. „ხელისუფლება ერთ კუთხეშია მიმწყვდეული“, - ამბობს ნიკა მელია. მან ხაზგასმით ილაპარაკა საერთაშორისო საზოგადოების შეფასებების შესახებ.

ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, პარტია „დროა“-ს ლიდერი ელენე ხოშტარიაც შეწყვეტს შიმშილობას.

„მისაღწევია მიშას გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რითაც ელენე ხოშტარიას მოთხოვნას პასუხი გაეცემა და შეწყვეტს შიმშილობას. მისი მდგომარეობა არ არის მარტივი. არანაკლებ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ახლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ არა უარესი“, - თქვა მელიამ

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-40 დღეა შიმშილობს და არავის აქვს დაღლის უფლება.

ნიკა მელიამ 8 ნოემბერს საპტოტესტო აქციების სამი ძირითადი მოთხოვნა დაასახელა:

  • მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში
  • წართმეული არჩევნების დაბრუნება
  • მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG