საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ანულირებულად გამოეცხადებინა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანმხება.
კითხვაზე, როგორ აუხსნის ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, უპასუხა, რომ ეს მათი საქმეა.
„თქვენ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის“,- თქვა მან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი განცხადებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ანულირებულად გამოეცხადებინა 19 აპრილის დოკუმენტი.
მიშელი ყველა მხარეს მოუწოდებს პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები.
ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების დოკუმენტის ანულირების გამო, "ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია" ამერიკის შეერთებული შტატები. ამგვარი განმრტება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ მოხდართან დაკავშირებით.
საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები აგრძელებენ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება.
28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.