შიმშილობის (შეწყვეტის) დილემა

მიხეილ სააკაშვილი არ წყვეტს 1 ოქტომბერს დაწყებულ შიმშილობას, ის ასევე უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, რაც, არასათანადო სამედიცინო პირობებთან ერთად, სასიკვდილო საფრთხეს უქმნის რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც 32-ე დღეა შიმშილობს.

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი 1 ნოემბერს მოინახულა საპყრობილეში, შენიშნა, რომ მისი მდგომარეობა, წინა შეხვედრასთან შედარებით, თვალშისაცემად დამძიმებულია:

ლიაზა იასკო

„ძალიან რთულია იმის ყურება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. მისთვის უკიდურესად საჭიროა სამედიცინო დახმარება და იმ კლინიკაში გადაყვანა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამ დროისათვის მას 20 კილოზე მეტი აქვს უკვე დაკლებული. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“.

შიმშილობის სამედიცინო ასპექტი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართვისა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის თხოვნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა 1 ნოემბერს თავის ადვოკატებს უთხრა, რომ არ წყვეტს შიმშილობას და არც პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადასვლას თანხმდება და არც - გორის ჰოსპიტალში.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა იგი კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ შესაძლოა, გორის ჰოსპიტალში დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. ვერტმფრენის მობილიზებაც სწორედ ამას უკავშირდება. ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს წყაროსგან გვაქვს“, - განაცხადა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ნიკა გვარამია

მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ნიკა გვარამიას განცხადება გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის შესახებ:

„ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კვლავ უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. გარდა ამისა, როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თხოვნით შექმნილ ექსპერტთა ალტერანტიულ ჯგუფს, არ ეძლევა საშუალება, შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობა, ასევე უფლებრივი მდგომარეობა. ჯიშკარიანის თქმითვე, იკვეთება არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება და დისკრიმინაციული მიდგომა პატიმარ სააკაშვილის მიმართ.

მარიამ ჯიშკარიანი

„არც იუსტიციის და არც ჯანდაცვის სამინისტროს არ მოუწოდებია არცერთი სამედიცინო დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომ ამგვარი პაციენტის განთავსება და მართვა შესაძლებელია ციხის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვეზე მეტია შიმშილობს, სასწრაფოდ არის გადასაყვანი მაღალი დონის მულტიპროფილურ კლინიკაში, სულ ცოტა, ორი მიზეზის გამო: I - ადეკვატურად იქნეს შეფასებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა; II - მიეწოდოს მას ადეკვატური ინფორმაცია რისკების შესახებ, რამაც შესაძლოა შეაცვლევინოს აზრი შიმშილობის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი, რომლის თქმითაც, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი აუცილებელი იქნება რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარება, რასაც ასევე სჭირდება მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილება და მაღალი კვალიფიკაციის რეანიმატოლოგები:

„საჭიროა სპეციალისტების ჩართვა რეაბილიტაციის პროცესში, რათა არ მოხდეს ადამიანის დაინვალიდება, რისი რისკიც, ამგვარი ხანგრძლივი შიმშილობისა და თანდაყოლილი დაავადებების პირობებში, ყოველთვის ძალიან მაღალია“.

შიმშილობა არჩევნებამდე

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაში საეტაპო თარიღად მიიჩნეოდა 30 ოქტომბერი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ოპოზიციის წარმატება განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების წინაპირობად.

„არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის”, - ეწერა მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთ წერილობით მიმართვაში, რომელიც მისი ადვოკატების დახმარებით გავრცელდა.

ფილოსოფოს გია ნოდიას თქმით, ზუსტი გაზომვა იმისა, თუ რა გავლენა მოახდინა არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობამ და შიმშილობამ, შეუძლებელია, თუმცა, ფაქტია, რომ სწორედ ამ ტალღაზე გახდა შესაძლებელი როგორც პოლიტიკური ტემპერატურის აწევა, ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ყველაზე მასშტაბური ოპოზიციური მიტინგის გამართვა 14 ოქტომბერს.

„მეორე ტურმა ვერ მოუტანა გამარჯვება ოპოზიციას, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შედარებით წარმატებული იყო, რადგან ძალიან მცირე უპირატესობით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. თანაც, როგორც ბევრი დამკვირვებელი შენიშნავს, გაიმარჯვა ბევრი გაყალბებისა და ზეწოლის ხარჯზე და არა ისე, რომ მაინც იგებდა და რამდენიმე პროცენტი წაიმატა. ასე ახლოს გამარჯვებასთან ოპოზიცია არასოდეს ყოფილა“, - უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.

პოლიტიკის ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა მოახდინა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება, მაგრამ, მისივე თქმით, საქმეც ის არის, რომ სააკაშვილის ამომრჩევლის სრული მობილიზება არ არის საკმარისი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ „ხელისუფლება მამაძაღლობს“.

გია ხუხაშვილი

„ეს არ არის თამაში, სადაც მეორე ადგილზე გასვლაც კარგია. უნდა გაიმარჯვო. შესაბამისად, შედეგის მიღების თვალსაზრისით, ეს სტრატეგია, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მაქსიმალურ კონსოლიდაციას გულისხმობდა, მცდარი აღმოჩნდა. უკეთესი იყო ნიკა მელიას სტრატეგია, რომელიც ორიენტირებული იყო იმ ამომრჩევლის მოზიდვაზე, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილი მესია არ არის და, მეტიც, რომელიც სააკაშვილს კრიტიკულად უყურებს. მელიას რომ მისცემოდა საშუალება პოზიტიური დღის წესრიგის ფორმირებისათვის, რომელიც გახსნიდა გზას იგივე გიორგი გახარიას, ანა დოლიძის და სხვების ამომრჩევლებისკენ, ამ შემთხვევაში, მეორე ტურებში უფრო უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა“, - უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

შიმშილობა არჩევნების შემდეგ

გია ხუხაშვილი იმასაც ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას აღარ აქვს პოლიტიკური განზომილება:

„პოლიტიკური განზომილება ჰქონდა არჩევნების დასრულებამდე. არჩევნების შემდეგ ეს არის როგორც წმინდა ჰუმანიტარული, ასევე სახის შენარჩუნების საკითხი. ილუზიაა, თითქოს შიმშილობის გაგრძელება რაღაც რევოლუციურ პროცესს მისცემს დასაბამს. ამის წინაპირობები არ არსებობს. შესაბამისად, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და მე მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად ვუსურვებ ჯანმრთელობას, მაგრამ თუ ის თვლის, რომ რაღაც პოლიტიკურ დივიდენდებს მისცემს შიმშილობის გაგრძელება, ეს ნამდვილად არ იქნება ასე“.

თუმცა, ერთია სწორი ან არასწორი პოლიტიკური გათვლა და სულ სხვა - სავალალო შედეგი, რომელიც, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის დაუსრულებელ შიმშილობას მოჰყვეს.

ჟურნალ „ტაბულის“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საქართველოს თავზე:

თამარ ჩერგოლეიშვილი

„ჩემს პერსონალურ გრძნობებში არ არის საქმე - მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანისთვის იქნება პერსონალურად მძიმე მიშას სიკვდილი. ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება კიდევ ერთი დევნილი პრეზიდენტის სიკვდილი. მინდა მჯეროდეს, რომ ის ციხეში არ მოკვდება. ოღონდ მე ასევე მჯეროდა, რომ ის ხანგრძლივად ციხეში წასვლისთვის მზად არ იყო და არ ჩამოვიდოდა, მაგრამ შევცდი - ჩაჯდა არაჟნის ტრაილერში და ჩამოვიდა. თუ ჩემი შეგრძნება მართალი იყო, მიშა გრძელვადიანი ციხისთვის მზად არაა და ურჩევნია მოკვდეს - მე არ ვიცი, მას როგორ უნდა დავეხმაროთ. რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ მისი სიკვდილი ქვეყანას ძალიან მძიმე დაღად დარჩება და ამაში მართლები ვიქნებით - ივანიშვილის რეჟიმს ეს ქვეყანა არ ადარდებს, ივანიშვილის რეჟიმის და საქართველოს ეროვნული ინტერესები ხშირად ერთმანეთს გამორიცხავს. ამიტომ ისევ სააკაშვილს თუ ვთხოვთ, რომ ქვეყანაზე იფიქროს - შიმშილობა შეწყვიტოს, ეს ქვეყანა მომავალი ტრავმებისგან დაიცვას და ცოცხალი იყოს“, - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველ ნოემბერს ფეისბუკში.

მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით, უკვე მიმართა ბევრმა თანაპარტიელმა. „ბატონო მიხეილ, გთხოვთ, შეწყვიტოთ შიმშილობა!“ - ამ სათაურით გავრცელდა 31 ოქტომბერს მიმართვა (manifest.ge), რომელსაც რამდენიმე ასეული მოქალაქე აწერს ხელს:

„ბატონო მიხეილ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომელთათვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე, მოგმართავთ თხოვნით, შეეწყვიტოთ შიმშილობა - ისევ საქართველოს საკეთილდღეოდ. გთხოვთ ყურად იღოთ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების თხოვნა და არ გაწიროთ თქვენი სიცოცხლე. თქვენი სიცოცხლის შეწყვეტა ხომ სწორედ თქვენს და საქართველოს მტრებს გაახარებდა. თქვენ ცოცხალი, ჯანმრთელი და დღეგრძელი სჭირდებით საქართველოს“.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით დარჩიაშვილი კი ამერიკისა და ეროვკავშირის ელჩებს მიმართავს, არ დარჩნენ გულგრილი იმ ტრაგედიისადმი, რომლითაც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა დასრულდეს და, რომელიც, მისი თქმით, დიდ ტრავმას მიაყენებს როგორც ქართულ კოლექტიურ ცნობიერებას, ასევე უარყოფითად აისახება დასავლეთისადმი ქართველების დამოკიდებულებაზე.

„თუ დასავლეთი დისტანცირებული დარჩება ქართველი ერის ამ დრამიდან, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება დასავლეთის მიმართ ქართველთა დამოკიდებულებაზე. ასე რომ, გთხოვთ, გააკეთოთ რაღაც უფრო თვალსაჩინო, რათა შეცვალოს მოვლენების მსვლელობა. დაგვეხმარეთ, გადავიყვანოთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მას ადეკვატურ დახმარებას გაუწევენ“, - წერს დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნებულ მიმართვაში, რომლის ადრესატები ელჩები კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი არიან.

დავით დარჩიაშვილი

ცნობილია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობისადმი:

  • „კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას", - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც კრიტიკის შემდეგ თვითშესწორება მოახდინა და განმარტა, რომ შიმშილობას გულისხმობდა.
  • „როდესაც ადამიანი იღებს შიმშილობის გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, როგორც სააკაშვილი ამას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსალოდნელია გარკვეული უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ გადასხმა გაკეთდა, მაგალითად, არის გარკვეული საკვების მიღების პრეცედენტები, ამას, ბუნებრივია, ყველა უნდა დააკვირდეს და რაღაც "კლოუნადის" დადგმის საშუალება ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ“, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის შიმშილობისადმი ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ადამიანურ კოდექსს მიღმაა:

„წარმოუდგენელი და ყოვლად ამაზრზენია, რასაც სამწუხაროდ დღემდე აგრძელებენ, რითაც აჩქარებენ ჰუმანიტარულ კატასტროფას, რაც უთუოდ იქნება შიმშილობის იმგვარი დასრულება, რაზეც ლაპარაკიც კი არ მინდა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოვლენების ყოველგვარი განვითარება მივიღოთ იმიტომ, რომ უკვე აღარ იქნება საუბარი იმაზე, ვინ ვის მხარეს არის. საუბარი იქნება იმაზე, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად ჩაიდინა მკვლელობა“.

ცხადია, არავინ ელოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არჩევნების დასრულებისთანავე შეწყვეტდა, თუმცა, როგორც ფილოსოფოსი გია ნოდია ამბობს, შიმშილობის შეწყვეტა, უფრო ზუსტად, შეწყვეტის გამართლება, იოლი არც მომდევნო დღეებში იქნება:

გია ნოდია

„ეს ყოველთვის პრობლემურია და პრობლემურია მიხეილ სააკაშვილისთვის, რადგანაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა. შეიძლება ობიექტურად მასაც აწყობდეს შიმშილობის შეწყვეტა და - ხელისუფლებასაც, მაგრამ რაღაც სერიოზული საფუძველი უნდა იყოს იმისთვის, რომ მან ეს გააკეთოს. თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ბევრი გამარჯვება რომ მოეპოვებინა ოპოზიციას, რაღაც სათქმელი იქნებოდა, რომ ახალ ეტაპზე გადავედით და ა.შ. რაზეც 30 ოქტომბრის ღამესვე ილაპარაკა ნიკა მელიამ... ამ მიზეზით შიმშილობის შეწყვეტა მისთვისაც მისაღები იქნებოდა. ახლა ასეთი საფუძველი არ ჩანს“.

რადიო თავისუფლება: ვისი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი საფუძველი შეიქმნას - თანაპარტიელების, ხელისუფლების, საზოგადოების?

„ცხადია, მისი დაღუპვა არავის უნდა. პასუხისმგებლობა იმაზეა, ვისაც მეტი შეუძლია, მეტი კი შეუძლია ხელისუფლებას. ასე რომ, ხელისუფლებაზეა პასუხისმგებლობა მიუხედავად იმისა, რომ ის ამას არ აღიარებს, მაგრამ, შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს, რომ მისკენ არის ყველა მზერა მიმართული. იმედი მაქვს, რომ "ქართულ ოცნებაში" ვიღაც მაინც იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს და, რომ ეს იქნება ლაქა, რომელიც გაჰყვება არა მარტო "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, არამედ საქართველოს უახლოეს ისტორიას. იმედი მაქვს, რომ "ოცნებაში" ამას ვიღაც მაინც იაზრებს. გასაგებია, რომ არ აწყობთ ამის ხმამაღლა თქმა, მაგრამ, ვფიქრობ, ამდენს უნდა ხვდებოდნენ“, - უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ ართმევენ თუ არა პატიმარ პრეზიდენტს მკურნალობის უფლებას?
ასევე ნახეთ მრავალპროფილური კლინიკა აკვიატებული აზრი არ არის - ინტერვიუ ექიმ ზურაბ ფაღავასთან
ასევე ნახეთ რატომ (არა) ციხის საავადმყოფო?
ასევე ნახეთ შიმშილობის ანატომია: რატომ აცხადებენ და რა მოსდის ადამიანს?
ასევე ნახეთ პატიმრის წნევა, პულსი და სხვა პერსონალური მონაცემები - პენიტენციური დაწესებულება კანონს არღვევს?