სამადაშვილი  ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვებაზე: მხარს ვუჭერ აქციებს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრძოლა ფორმალურ ფორუმებში

სალომე სამადაშვილი, დეპუტატი, საპარამენტო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მისთვის პოლიტიკური ბრძოლის ველი ყველგან რჩება. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს იგი პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილებას, იგი აღნიშნავს, რომ თითოეულ პოლიტიკოსს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს, თუმცა მისი აზრით, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ბრძოლაში მის ხელთ არსებული ყველა იარაღი უნდა გამოიყენოს:

„მე ჩემს აზრს ვამბობ, პარლამენტის დატოვება ნიშნავს, რომ მე არ ვიღებ მონაწილეობას ფორმალურ სტრუქტურებში, რომელიც დღეს არსებობს სახელმწიფოში და სადაც ოპოზიციას აქვს თავისი წილი თანამონაწილეობის წარმომადგენლობით ორგანოებში. ვფიქრობ, უფლებაა თითოეული პოლიტიკოსის ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს, მას როგორ მიაჩნია სწორად პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება. მათ შორის ნიკა მელიამაც დატოვა პარლამენტი ერთპიროვნულად, ზურა გირჩი ჯაფარიძემაც, მამუკა ხაზარაძემაც მიიღო ეს გადაწყვეტილება დატოვოს პარლამენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემს აზრს ვამბობ, თუ საუბარია იმაზე, რომ ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას ფორმალურ სტრუქტურებში, მაშინ ალბათ საკრებულოს არჩეულმა წევრებმაც უარი უნდა თქვან საკრებულოების დაკავებაზე და მაშინ სრული შემადგენლობით ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი. ოპოზიციის კოორდინირებულ პოლიტიკურ პოზიციაზე თუ არის საუბარი, მაშინ ეს არის პოლიტიკურად სწორი გზა. მე შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს, სწორია თუ არა ზოგადად დატოვება ბრძოლის ველის, მათ შორის იმ ფორმალურ სტრუქტურებში, რომელშიც ოპოზიციას აქვს თანამონაწილეობა. შეუძლია იმსჯელოს ამაზე ოპოზიციამ და ჩამოყალიბდეს ამაზე მაშინ მთლიანად, ანუ როგორც პოლიტიკური ბრძოლის ველი, ახლა დანარჩენი ეს სივრცე ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მისაღებად ყოველთვის არსებობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა, რომლის აზრითაც, ფორმალურ წარმომადგენლობით ორგანოებში, პარლამენტსა და საკრებულოებში ოპოზიციის საქმიანობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქუჩაში:

„რეალურად პოლიტიკური ბრძოლის ველი ჩემთვის რჩება ყველგან. ანუ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ იყოს აქციები ხალხმრავალი აქციები და მივიღებ მონაწილეობას ყველა ქუჩის აქციაში, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრძოლის გამართვა ხელისუფლებისთვის იმ ფორმალურ ფორუმებზე, სადაც ჩვენ გვაქვს წარმომადგენლობა. რაღაც თვალსაზრისით ბევრად უფრო მარტივია რომ შენ შენს თანამოაზრეებს, ათასობით ადამიანს, რომელიც ტაშს გიკრავს, რომელიც შენსავით ფიქრობს, ქუჩაში შეხვდე და მიესალმო, ვიდრე დაუპირისპირდე უშუალოდ ბრძოლის ველზე შენს მოწინააღმდეგეს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შენ არ მოგცეს თუნდაც იმ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც გაქვს მონიჭებული კონსტიტუციით, რეგლამენტით თუ ასე შემდეგ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა „დილის საუბრებში“.

ასევე ნახეთ მამუკა ხაზარაძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს

"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატი იყო თბილისში, 31 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე თქვა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

"აი, ეს არის მანდატი. ვტოვებ იმიტომ, რომ ქუჩაში თქვენთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის, გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი შვილებისთვის. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე", - თქვა მან.

ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში აქციას არა 7 ნოემბერს, არამედ 6 ნოემბერს გამართავს

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი აირჩიეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. გეგმების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ", თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ 31 ოქტომბერს, თბილისის პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის გარდა, არჩევნების შედეგებს ოპოზიცია ადგილზე გააპროტესტებს სხვა ქალაქებშიც. მორიგი აქცია დედაქალაქში 6 ნოემბერს გაიმართება.