Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში აქციას არა 7 ნოემბერს, არამედ 6 ნოემბერს გამართავს


"ნაციონალური მოძრაობა" პარტნიორ პარტიებთან "ლელოსთან" და "დროასთან" ერთად თბილისში აქციას არა 7 ნოემბერს, არამედ 6 ნოემბერს გამართავს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ნათქვამი მოგვიანებით პარტიაში დააზუსტეს.

დღეს, 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა, რომ მომდევნო კვირას შეკრებილიყვნენ თბილისში, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. მომდევნო კვირა დღე 7 ნოემბერია.

7 ნოემბერი არის თარიღი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების წარმომადგენლებს დღემდე ახსენებენ. 2007 წელს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია თბილისში რამდენიმე წერტილში შეკრებილი მოქალაქეები. ამ დღის ბოლოს სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედის" შენობაში შეიჭრა, დააზიანეს არხის ტექნიკა და მაუწყებლობა გათიშეს.

ამ თარიღთან დაკავშირებით "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ დაგეგმვის დროს "შაბათი და კვირა აირია".

"არც უნდა დაზუსტება, მე კატეგორიულად გამოვრიცხავ 7 ნოემბერს. რა თქმა უნდა, თარიღი უნდა დანიშნოს ნაციონალურმა მოძრაობამ, ასე ინდივიდუალურად მე ვერ გადავწყვეტ. არ დავიწყებ პრანჭვას, აბსოლუტურად არასწორი მგონია, სალაპარაკოც არ არის, რომ 7 ნოემბერს არ უნდა იყოს აქცია. არ ვიცი 6-ში იქნება თუ 8-ში - ან აქეთ გადაიწევს ან იქეთ... 6-ში იგეგმებოდა და შაბათ-კვირის არევა იყო და ამიტომ იყო გაუგებრობა", - თქვა ხოშტარიამ.

30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში "ქართული ოცნების" კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - "ნაციონალური მოძრაობიდან". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ შედეგებს არ აღიარებს. იმავეს ამბობენ მასთან კოალიციაში მყოფი "ლელოსა" და "დროას" ლიდერები და აცხადებენ, რომ "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადებიან.

XS
SM
MD
LG