გორდონის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინიდან წერილი არ მიუღია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არავითარი წერილი უკრაინის საგარეო უწყებიდან ამ დრომდე არ მიუღიათ. საქმე ეხება უკრაინელი ჟურნალისტის დმიტრი გორდონის განცხადებას.

ჟურნალისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში არ შემოუშვეს, მომხდარს უკავშირებს იმ ფაქტს, რომ 26 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, ორგანიზება გაეწია მის მიერ რუსთავის საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულებისთვის. გორდონი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

ჟურნალისტის მიერ ტელეგრამ-არხზე, 27 ოქტომბრის 14:40 საათზე გამოქვეყნებული შეტყობინებით, თბილისში ერთი საათის წინ ჩაფრინდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში საპასპორტო კონტროლისას პასპორტში შტამპს ელოდებოდა და შემდეგ ოფიციალურად განუცხადეს, რომ საქართველოში შესვლა აკრძალული აქვს. გორდონის ინფორმაციით, მიზეზი არ დაუსახელეს.

ასევე ნახეთ დმიტრი გორდონი საქართველოში ჩამოსვლის აკრძალვას სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას უკავშირებს

მოგვიანებით, გორდონმა ტელეარხ „უკრაინა 24“-ს განუცხადა, რომ საქართველოში გაემგზავრა ორი მიზნით - სააკაშვილთან შესახვედრად და „დმიტრი გორდონის აკადემიის“ გამსვლელი სხდომის ჩასატარებლად. ჟურნალისტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მან საგანმანათლებლო ონლაინაკადემია 2021 წლის მაისში შექმნა.

გორდონმა „უკრაინა 24“-ს უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია საჯაროობის და სააკაშვილთან მისი შეხვედრის. ჟურნალისტის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტის დირექტორის მოადგილემ განუცხადა, რომ მისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მიზეზი 10 დღეში განემარტება უკრაინის საელჩოს. „ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა, მით უმეტეს, მოძმე საქართველოდან, რომლის მეგობარი ვარ ძალიან ბევრი წელია“, - აცხადებს გორდონი.

ჟურნალისტმა 1 ოქტომბერს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც სააკაშვილს უწოდა "გამოჩენილი ადამიანი და რეფორმატორი" და პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდა, ხელი შეუწყოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

ასევე ნახეთ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ისე გააბრუნეს, ბარგიც არ გაატანეს - ადვოკატი შოთა თუთბერიძე


დმიტრი გორდონამდე, უკრაინელმა იურისტმა ევგენ გრუშოვეცმა განაცხადა, რომ მიზეზის აუხსნელად არ შეუშვეს საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილს უნდა შეხვედროდა.

ასევე ნახეთ უკრაინის ომბუდსმენი: საქართველოს შემოსვლისას 40 წუთი დამაყოვნეს საზღვარზე, დამკითხეს რისთვის მოვდიოდი

საქართველოს შსს ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს ჯერ გრუშოვეცის, შემდეგ კი გორდონისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის შესახებ.