პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, განმარტების გარეშე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევში გააბრუნეს ევგენი გრუშოვეცი, რომელიც სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოდიოდა.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, ეს დაცვის უფლების განხორციელების უხეში დარღვევაა.
„განსაკუთრებით სასაცილო მოვლენას ჰქონდა გუშინ ადგილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ხელისუფლების პანიკური შიშის მორიგი გამოხატულება იყო, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, რომელიც მოდიოდა აქ იმისთვის, რომ გაემართა შეხვედრები ჩვენთან ანუ ქართველ ადვოკატებთან, თავად მიხეილ სააკაშვილთან. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის საქმე არ იხილება მხოლოდ ქართულ სასამართლოებში, ეს საქმე გაგზავნილია, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სწორედ ამ საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით მხოლოდ ქართველი ადვოკატები არ ვიცავთ მის ინტერესებს, და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოველგვარი განმარტების გარეშე ეს ადამიანი არ შემოუშვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ეს არის დაცვის უფლების უხეში დარღვევა და ამის არანაირი უფლება არ ჰქონდა სახელმწიფოს, მაგრამ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ისინი მიდიან აბსოლუტურად ყველაფერზე და ისინი არიან პანიკურად შეშინებული მიხეილ სააკაშვილის პიროვნებასთან დაკავშირებით და კადრულობენ აბსოლუტურად ყველაფერს", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, „მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ისე გააბრუნეს უკან, რომ ბარგიც კი არ გაატანეს, ეს ფაქტი არის სამარცხვინო“.
„მიუხედავად მრავალჯერადი მოთხოვნის, მიგვეღო უარის დასაბუთება, რისი ვალდებულებაც კანონით აკისრია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამგვარი უარი მას არ მისცეს და დაცინვით უთხრეს, რომ უარს, დასაბუთებას კიევში მოისმენდა და კიევში მისცემდნენ, რაც არის აბსურდი“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ თემაზე განმარტებას ალბათ შსს გააკეთებს. ევგენი გრუშოვეცის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატად მოხსენიებას შალვა პაპუაშვილმა "ინტერპრეტაცია" უწოდა.
„რაც შეეხება ადვოკატებს, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი იურიდიული დახმარება ეწევა, რამდენიმე ადვოკატი ემსახურება მას, ასე რომ, მისი უფლებების დაცვის კუთხით არანაირი პრობლემა არ არის, ისევე როგორც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არანაირი შეზღუდვა უფლებების დაცვის კუთხით თუ სხვანაირად მისთვის არ არსებობს. უკრაინის მოქალაქეს რაც შეეხება, ადვოკატს თქვენ ინტერპრეტირებთ, ადვოკატი სპეციფიკური მომენტია, რაც ნიშნავს, რომ უნდა იყოს საქმეში როგორც ადვოკატი წარმოდგენილი, არ ვიცი, ეს ადამიანი ვინ არის, სავარაუდოდ, არის იურისტი, მაგრამ ადვოკატობა ცოტა სხვა რამე არის და ამასთან დაკავშირებით ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს განმარტებას, მე ვერ გეტყვით, არ არის ჩემი კომპეტენცია საზღვარზე ვინმეს შემოშვება ან არშემოშვება“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
შსს-ს ამ დრომდე არ განუმარტავს უკრაინელი იურისტის ევგენი გრუშოვეცის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის საფუძვლები. რადიო თავისუფლება მომხდარზე შსს-ს კომენტარს ელოდება.
უკრაინელი იურისტის თანახმად, თბილისის აეროპორტში არ შეუშვეს, თვითმფრინავში პასპორტი ჩამოართვეს და „დეპორტირებული მგზავრი“ უწოდეს.
ამჟამად საქართველოში იმყოფება უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა, რომელიც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეხვდება მიხეილ სააკაშვილს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს.
ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებენ კონსილიუმის რეკომენდაციების შეუსრულებლობაში, რასაც უარყოფს მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი განცხადებით, კონსილიუმის დასკვნაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას ეხება, საუბარია მულტიპროფილიან კლინიკაზე, რაც ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას არ ნიშნავს.
20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.