პაპუაშვილი: ოპოზიცია სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირებს, ქართველ ხალხს არ უნდა ქაოსი

მმართველი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს, მონაწილეობა მიიღონ "ქართული ოცნების" მიერ 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაში, რომელიც მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ენმ-მ ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი მშვიდობიანი აქცია ჩაატარა 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანი არჩევნების შემდეგაც და ახლაც არეულობისთვის მზადებაა და მმართველმა პარტიამ და მისმა მხარდამჭერებმა ამის საშუალება არ უნდა მისცენ. არეულობის მცდელობად მიიჩნევს პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფარულად შემოსვლას საქართველოში არჩევნების წინ და "სპეკულირებას სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით" ოპოზიციის მხრიდან.

"თუკი მათ კამპანიას მოვაცილებთ სრულად პოპულისტურ სატყუარებს, რომლებსაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ყალბი გაერთიანების დაანონსებით და ყალბი დაპირებების სახით გასცემენ, დავინახავთ, რომ მათი მთავარი გეგმა კვლავ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. დღესაც, მათი გეგმა არის არა 30 ოქტომბრის მეორე ტურებისთვის მზადება, არამედ, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში და არჩევნების დღეს მაქსიმალურად ეცდებიან ამ თემით საზოგადოების დაზაფვრას და სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობას.

თუმცა, ისევე როგორც 2 ოქტომბერს, ამ ჯერზეც ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, მათ ამ გეგმების განხორციელების შესაძლებლობას არ მივცემთ.

ქართველ ხალს არ უნდა ქაოსი, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი და წარსულში დაბრუნება, არამედ მშვიდობიანი, პროგრესზე ორიენტირებული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. ის ასევე ცდილობს მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა და სხვადასხვა აქტორის მიერ გაკეთებული განცხადებები საარჩევნო დარღვევების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

"წელსაც ვიხილეთ ოპოზიცია, რომელიც აფრიალებდა ე.წ. გაყალბებულ ბიულეტენებს და ოქმებს, ქვეყნის მტრად და თავდასხმის ობიექტად აცხადებდა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მაგრამ წელს საარჩევნო სტატისტიკით მანიპულაციის მათი მცდელობა თავიდანვე ჩაიშალა. გადამწყვეტი როლი ამაში საარჩევნო რეფორმისას ჩვენი ინიციატივით ჩადებული უბნების 10% გადათვლის მექანიზმმა შეასრულა, რაც სტატისტიკურად იმდენად დიდი და რეპრეზენტატული ოდენობაა, რომ ყოველგვარ სპეკულაციას წერტილი დაუსვა. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ცესკოს აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში ოპოზიციის ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მყისიერი რეაგირება", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს

"რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ", - თქვა 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდიდან 25 ოქტომბერს. ის ამბობს, რომ "ქართული ოცნების" აქცია 27 ოქტომბერს არ არის უკვე გამართული აქციის კონტრაქცია, მისთვის ეს არის "შემაჯამებელი საარჩევნო აქცია".

ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, მარტივია პასუხი კითხვაზე - რატომ არ იქნება ივანიშვილი 27 ოქტომბრის აქციაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის ითხოვს ჩაინიშნოს მის საქმეზე სასამართლო, რათა თავისი სიმართლე თქვას.

სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მისი მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ გართულდება სააკაშვილის ჯანმრთელობა, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, მისი მკურნალი ექიმი კი ამბობს, რომ აუცილებელია მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

ასევე ნახეთ რატომ (არა) ციხის საავადმყოფო?