"ქართული ოცნების" ლიდერი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პასუხი კითხვაზე, რის გამოც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მათ მიერ ორგანიზებულ აქციას არ დაესწრება, მარტივია. ამ საკითხზე მან ხაშურში ისაუბრა, სადაც 30 ოქტომბერს მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება.
"ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მოგეხსენებათ, წასული არის პოლიტიკიდან, უკვე თვეებია, არ მონაწილეობს არანაირი სახით, არანაირი ფორმით ქართული პოლიტიკის ცხოვრებაში. შესაბამისად, პასუხი არის ძალიან მარტივი და ნუ ცდილობთ რაღაც სკანდალის შექმნას", - თქვა ღარიბაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 ოქტომბერს ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება" აქციას მართავს. ზუსტად ამ ადგილზე, ორი კვირის წინ, 14 ოქტომბერს აქცია გამართა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად 20 მუნიციპალიტეტში იმართება, მათგან ხუთივე თვითმმართველ ქალაქში. თვითმმართველ ქალაქებში სახელისუფლებო კანდიდატებს ყოფილი ხელისუფლების დაყენებული კანდიდატები უპირისპირდებიან.