დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში სეზონურ დასაქმებას სთავაზობს, 6 თვის წინ ყურადღება ჯერ იმით მიიქცია, რომ გამოცხადების პირველივე დღეს 35 000 მსურველი დარეგისტრირდა, შემდეგ კი - უკმაყოფილო დასაქმებულების ისტორიებით.
საქართველოს 11-მა მოქალაქემ, რომლებიც აცხადებენ, რომ გერმანიაში არასათანადოდ სამართლიან გარემოში აღმოჩნდნენ, პროგრამა დროზე ადრე შეწყვიტეს, საქართველოში დაბრუნდნენ და დასაქმების სააგენტოს სასამართლოში უჩივლეს.
თითოეული კომპენსაციად 17 000 ლარის გადახდას ითხოვს „იმ მორალური და მატერიალური ზიანისთვის, რაც გერმანიაში ყოფნისას მიადგათ“.
ამავე თემაზე
"კანონი მაინც მიაკითხავთ" - გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულები სასამართლოში ჩივილს აპირებენრა მოხდა გერმანიაში
საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს ფერმაში ჩასვლისთანავე დამსაქმებელმა უთხრა, რომ ისინი არა კონტრაქტის, არამედ მისი პირობებით იმუშავებდნენ. მაგალითად, დასაქმებულები ხელფასს არა საათობრივ სამუშაოში აიღებდნენ, არამედ აღებული მოსავლის შესაბამისად.
ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ჯაბა ჩაჩანიძემ გერმანიაში მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების შესახებ ერთ-ერთ პირველს, რადიო თავისუფლებას უამბო.
Your browser doesn’t support HTML5
ამბის გახმაურების შემდეგ, ქართული და გერმანული დასაქმების სააგენტოების შუამდგომლობით მარწყვის საკრეფად სეზონურ სამუშაოზე ჩასული ათკაციანი ჯგუფი სხვა ფერმერთან გადაიყვანეს.
ახალ ადგილზე საცხოვრებელი პირობები უკეთესი იყო, მაგრამ ანაზღაურება მაინც იმაზე დაბალი, ვიდრე ამას კონტრაქტი ითვალისწინებდა.
„ტრენინგზე გვითხრეს, რომ დღეში 70 ევრო მაინც უნდა დარჩენოდა იქ წასულ ადამიანს, ჩვენ კი 10 ევრო არ გვრჩებოდა, 5,6 ევროს მაგივრად 3 ევროს გვაძლევდა [ფერმერი] მოსავლის წონის მიხედვით. ეს პროგრამა თავიდან ბოლომდე არის ტყუილი“, - ამბობს ჯაბა ჩაჩანიძე, ერთ-ერთი იმ 11-დან, რომლებიც სააგენტოს „დაკარგული თანხისა“ და მორალური ზიანის ანაზღაურებას სთხოვს.
დასაქმების სააგენტო თვლის, რომ ყველა ვალდებულება შეასრულა: შეარჩია პროგრამაში მონაწილეობის კანდიდატები, გაუწია კონსულტაცია და შემდეგ გერმანიის ფედერალურ სააგენტოს წარუდგინა მათი კანდიდატურები. ასევე დროულად აცნობა გერმანელ პარტნიორებს იმ პრობლემების შესახებ, რაც საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ჩასვლისას შემდეგ შეექმნათ და საქმის კურსში ჩააყენა, თუ რის გამო წამოიჭრა დავა ქართველ დასაქმებულებსა და გერმანელ დამსაქმებლებს შორის.
„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დაიცავს საკუთარ პოზიციას და იმედი გვაქვს, სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თავის მხრივ კიდევ ერთხელ ნათელს მოჰფენს არსებულ ვითარებას“, - წერილობით უპასუხა სააგენტომ რადიო თავისუფლებას.
ნოდიკო კურტანიძეც ამავე ჯგუფის წევრია, თუმცა დარჩენას საქართველოში დაბრუნება ამჯობინა.
„ბინის ფული უნდა გეხადა, საჭმელი შენ უნდა გეყიდა, ცხრაზე აუცილებლად უნდა დაგეძინა და ხუთის ნახევარზე უნდა გასულიყავი სამუშაოდ. წვიმაშიც აუცილებლად უნდა გემუშავა, ხელფასი კიდევ აქ სამი ევრო გვქონდა, ყუთზე და იქ კიდევ, 2,45 ევრო, ვითომ საქმე მოაგვარა საელჩომ. როდესაც ვკრეფდით [მარწყვს], სულ უკმაყოფილო იყო [დამსაქმებელი], ცოტას კრეფთ, ცოტას კრეფთო, ყვიროდა და კიოდა... ავდექი და წამოვედი. სადღაც 170 ევრომდე მქონდა ნამუშევარი, მეტი თუ არა, და როდესაც დაველაპარაკე, ფულზე იძახდა, რომ მცირედი მადლობლებიც არ ხართ, შემეცოდეთ და მაგიტომ წამოგიყვანეთო, რა ფულზეა საუბარიო და არ მოგვცა, ეგ კი არა, ვინც იქ დარჩა, დღემდე არ მიუციათ არც მათთვის“.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული 20-კაციანი ჯგუფიდან ყველა უკმაყოფილო იყო, 10 ადამიანი მაინც დარჩა გერმანიაში და ახალ პირობებს დათანხმდა.
გერმანიაში დარჩენილები თავისუფლებას უყვებიან, რომ 3 თვე იმუშავეს დამსაქმებელთან ისე, რომ აგვისტოში საქართველოში ჩამოსულებს დღემდე არ აუღიათ ანაზღაურება, 2 თვეა იცდიან, თუმცა აქვთ იმედი, რომ თანხას ჩაურიცხავენ. ისინი სასამართლოში არ ჩივიან.
დასაქმების სააგენტოში ხელფასების დაგვიანებას იმით ხსნიან, რომ გერმანელ დამსაქმებელს საბანკო ანგარიშები აქვს დაყადაღებული და თანხას ვერ რიცხავს.
„ამ საკითხის გარშემო არაერთგზის გაიმართა კომუნიკაცია და მსჯელობა გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოსთან და, შესაბამისად, მიღებულია პოზიტიური სიგნალი იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში დამსაქმებელი შეძლებს ჩვენს მოქალაქეებს გადაუხადოს კუთვნილი ხელფასი”, - წერია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წერილობით პასუხში.
დასაქმებით უკმაყოფილო ჯგუფსა და სააგენტოს შორის სასამართლო პროცესი საქართველოში დეკემბრის ბოლოს გაიმართება.
პარალელურად, ქართველ დასაქმებულებს გერმანიაშიც ჰქონდათ სარჩელი შეტანილი, თუმცა საზღვარგარეთ დავის წარმოება იმდენად ძვირი უჯდებათ, რომ ვეღარ აგრძელებენ. „ონლაინ გაიმართა სასამართლო, სწრაფი ფოსტით საბუთები გავაგზავნეთ, ჩვენ 2000 ევროს ვითხოვდით, იქ გამომუშავებულ ჩვენს თანხას. სასამართლომ მორიგებისთვის 400 ევრო შემოგვთავაზა, საიდან გამოიყვანა ეს თანხა, გაუგებარია. მიკერძოებული იყო და ფერმერს უჭერდა მხარს. ყველა აქ მყოფი ჯგუფის წევრი შევთანხმდით, რომ გერმანიაში დავას ვწყვეტთ, ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჯერ რაც გავაგზავნეთ [დოკუმენტაცია], მარტო ის დაჯდა ერთ ადამიანზე 100 ლარი, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ბევრი არ არის, მაგრამ ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ძალიან ბევრია, ადვოკატიც არ გვყავდა, მხოლოდ თარჯიმანი, რომელიც გვითარგმნიდა. ეგ 400 ევრო დაჯდა. ამას რომ კიდევ ხარჯები დამატებოდა, ვერ შევძლებდით, ადვოკატის აყვანას 1000 ევრო სჭირდებოდა, რაც არ გვაქვს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ჯაბა ჩაჩანიძე.
გერმანული საკონსულტაციო ცენტრი „მირა“, მიგრანტებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, უფლებების დაცვაში ეხმარება. ორგანიზაციას ვკითხეთ, რატომ აღმოჩნდნენ საქართველოდან ჩასული მოქალაქეები ასეთ მდგომარეობაში და რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები. „სამწუხაროდ, მოქმედი შრომის კანონმდებლობისა და დადებული კონტრაქტების ასეთი დარღვევები, განსაკუთრებით სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში, ისევ და ისევ ხდება. მაგრამ არიან ფერმერებიც, რომლებიც იხდიან სათანადო ხელფასს კანონის შესაბამისად”, - გვიპასუხა „მირას” კონსულტანტმა მარგარეტ ბრუგერმა.
რატომ დაარღვიეს გერმანელმა ფერმერებმა ხელშეკრულების პირობები, ამაზე „მირას“ თავისი ვარაუდები აქვს:
- გერმანელ ფერმერებს პრობლემები აქვთ - ხარჯები იზრდება და შემოსავალი კი უმცირდებათ;
- გერმანიის სოფლის მეურნეობას რეფორმები სჭირდება;
- გერმანელი ფერმერებისთვის 2021 წელი ცუდი გამოდგა - ხშირი წვიმა, მწირი მოსავალი და, შესაბამისად, ფინანსური პრობლემები. თუმცა ეს და ყველა სხვა შესაძლო მიზეზი არ ამართლებს ხელშეკრულებების, კონტრაქტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შეუსრულებლობას.
„მირა“ ერთ-ერთ პრობლემად გამოყოფს კონტრაქტების საკითხსაც. „სამუშაო ხელშეკრულებები გადაეცა სეზონურ მუშაკებს ძალიან გვიან და არა ქართულად, არამედ გერმანულად ან ინგლისურად.
ფერმერები/დამსაქმებლები და საქართველოსა და გერმანიაში დასაქმების ორგანოები (დასაქმების სააგენტო) პასუხისმგებელნი არიან ამაზე“, - აცხადებს „მირას“ კონსულტანტი მარგარეტ ბრუგერი.
თავად გერმანიის ფედერალურ დასაქმების სააგენტოს ივლისში გერმანული გამოცემა TAZ ესაუბრა და ჰკითხა იმ კონტრაქტებზე, სადაც მითითებული ანაზღაურება არ შეესაბამებოდა გერმანულ კანონმდებლობას. 2021 წლის 1 ივლისიდან, დასაქმებულის მინიმალური ხელფასი 9,60 ევრომდე გაიზარდა, საქართველოს მოქალაქეების არაერთ კონტრაქტში კი 9,35 ევროა მითითებული.
გერმანიის დასაქმების სააგენტოში ამაზე უპასუხეს, რომ „შესაძლებელია, დამსაქმებლებმა შემთხვევით გადმოიტანეს იგივე ციფრები შარშანდელი კონტრაქტებიდან“. ნებისმიერ შემთხვევაში გერმანიის დასაქმების სააგენტოს არ შეუძლია იმ სამუშაო ხელშეკრულებების შეცვლა, რომელსაც ფერმერები და დასაქმებულები აფორმებენ.
ასევე ნახეთ გერმანიაში დასაქმებულების კონტრაქტი - რა წერია ჯარიმებზე და არა მხოლოდგამოდის, რომ მსგავსი „გაუგებრობებისგან“ სრულებით არ არის დაზღვეული გერმანიაში დასაქმების მსურველი ათასობით მოქალაქე, რომლებიც აპლიკაციას ახლაც ავსებენ და კონტრაქტებს აფორმებენ.
„როდესაც გავრცელდა ვიდეოები, ბევრი მირეკავდა და მწერდა, აინტერესებდათ, მართლა იყო თუ არა ასეთი სიტუაცია. 19 მაისის შემდეგ გავრცელდა ვიდეოები და ორ დღეში სასწრაფოდ წამოიყვანეს ახალი ჯგუფი, მხოლოდ პირველ ჯგუფში იყო ეს პრობლემა და თქვენთან კარგად იქნებაო. ბევრი იქ ჩასული მწერდა, არ დაგიჯერე და წავაგეო“, - უყვება რადიო თავისუფლებას ჯაბა ჩაჩანიძე.
ერთ-ერთი ასეთი დასაქმებული ეკატერინე თოიძეა, რომელიც მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ პროგრამით კმაყოფილი არ არის და ცუდი დამსაქმებელი შეხვდა, დეტალების გახსენება კი აღარ სურს.
სამაგიეროდ, კმაყოფილია და სიხარულით გვიზიარებს შთაბეჭდილებებს რუსკა შამანაური, რომელიც ორი კვირის წინ დაბრუნდა სეზონური სამუშაოებიდან.
„ძალიან მინდა გაგრძელდეს პროგრამა, რომ ქართველმა ხალხმა ისარგებლოს, ასევე მნიშვნელოვანია ის ჯგუფები, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ, უნდა გაირკვეს მათი საკითხიც“, - ამბობს იგი. რუსკა ქარხანაში მუშაობდა, კერპენის ერთ-ერთ დასახლებაში, ხილსა და ბოსტნეულს ახარისხებდა და აფასოებდა.
დილის 6-დან საღამოს 6 საათამდე მუშაობდნენ ის და კიდევ რვა ქართველი, საათობრივი ანაზღაურება კი კანონის შესაბამისად 9,6 ევრო ჰქონდათ. ახლა მისი ქმარია სეზონურ სამუშაოზე და, როგორც რუსკა ამბობს, ყველაფერი ისეა, როგორც დაჰპირდნენ.
გაამართლა თუ არა დასაქმების პროგრამამ, ამ კითხვაზე, ცხადია, განსხვავებული პასუხი აქვთ მათ, ვისაც გაუმართლა და კარგი დამსაქმებელი შეხვდა და მათ, ვისაც არაკეთილსინდისიერ ფერმერთან მოუწია მუშაობა.
როგორც დასაქმების სააგენტო და გერმანული მხარე ამბობენ, პრობლემები შეიძლება ყველგან გაჩნდეს, 100%-ით დაზღვეული არავინაა. რამდენს არ გაუმართლებს იმ 100 000-მდე მსურველიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც სეზონური სამუშაოების დაწყების იმედით თავიდანვე დარეგისტრირდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე, ძნელი სათქმელია.
ფაქტია, რომ ამ ეტაპზე 5 000 ადგილის პირობებში აგვისტომდე 300-მდე ქართველია მხოლოდ წასული. გერმანიის გარდა, საქართველოს სახელმწიფო თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთანაც.
ახლა მოლაპარაკებები ისრაელსა და საფრანგეთთან მიმდინარეობს. ამ დროისთვის ისრაელში წასვლის მსურველების შერჩევა ხდება, რადგან შინ მოვლის სპეციალისტები, რომელიც ისრაელს ესაჭიროება, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
ასევე ნახეთ რა იქნება ქართველი მომვლელების მოვალეობა, ხარჯი, შემოსავალი ისრაელში?დასაქმების სააგენტოში აცხადებენ, რომ საფრანგეთთან მიგრაციის პროექტის განსახორციელებლად აქტიურად მუშაობენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, თუ რა ვაკანსიები იქნება შემოთავაზებული.