23 კაციანი ჯგუფიდან დარჩენილი ათი მოქალაქე კი გერმანიაში რჩება იმის იმედით, რომ კონტრაქტის პირობებით ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებინებს გერმანელ დამსაქმებელს.
გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამით წასული მოქალაქეების ნაწილი რომ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს უჩივის, პროგრამის დაწყებიდან მალევე გახდა ცნობილ. პრობლემის გადაჭრა თვეების მანძილზე ვერ მოხერხდა. კონტრაქტის პირობები ერთს ამბობს, დამსაქმებელი კი მეორეს.
რთულ სანიტარულ პირობებში ცხოვრებიდან ერთი თვის თავზე საქართველოდან გამგზავრებულების ე.წ მეოთხე ჯგუფს დამსაქმებელი შეუცვალეს და თითქოს ამით უნდა მოგვარებულიყო პრობლემა, მაგრამ არა. მართალია ახლა კანალიზაციის წყლები ეზოში აღარ გადმოედინება, მაგრამ ანაზღაურება იმაზე დაბალია, ვიდრე პირველი დამსაქმებელი იხდიდა.
პროგრამით დასაქმებული ჯაბა ჩაჩანიძე რადიო თავისუფლებასთან იმ ზარალზე ლაპარაკობს რაც გერმანიაში ყოფნისას მიადგათ. ის ახლა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება.
„ საცხოვრებელი პირობები უკეთესი იყო, მაგრამ ანაზღაურება ბევრად უარესი. წინა დამსაქმებელი 3 ევროს გვიხდიდა და გვიწონიდა ყუთებს, ეს 2.5 ევროს გვიხდიდა ყუთში, არ აინტერესებდა კონტრაქტი, ფაქტობრივად ტრეფიკინგის მსხვერპლი ვიყავით, თავზე გვედგა, არ უნდა ამდგარიყავი, არ უნდა შეგესვენა, მოკლედ მძიმე სიტუაცია იყო და ამას ჩვენ არ დავთანხმებულვართ.“
ნატო ფხალაძე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ კონტრაქტის პირობები მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ - საქართველოდან გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯგუფის ერთ-ერთ წევრს გამოატანა სააგენტომ გერმანულ ენაზე დაწერილი შრომითი პირობები.
რეალურად კონტრაქტის პირობებისა და გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მინიმალური ანაზღაურება საათში 9,5 ევრო უნდა იყოს, თუმცა როგორც ნატო ამბობს, ორივე დამსაქმებელი თავისი წესებით ხელმძღვანელობდა.
გერმანიაში ყოფნის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებთან გრძელი დასახელების უწყების - გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მიგრანტთა საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელიც მივიდა. შეისწავლა შრომის პირობები და არაერთი დარღვევა დაადგინა:
- სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები არ არიან დაზღვეულები;
- დასაქმებულებს არ უნაზღაურდებათ დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის საათები;
- დასაქმებულები იმაზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე ეს გერმანიის კანონმდებლობით მინიმალური ხელფასის სახითაა დადგენილი და ა.შ
შედეგად საქართველოს მოქალაქეებს დაჰპირდნენ რომ ამ ფერმერის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყებოდა. სავარაუდოდ იგივე ელის მეორე დამსაქმებელსაც.
„კანონი მაინც მიაკითხავთ, მე გერმანული კანონის იმედად წამოვედი. კანონი შეიძლება დაირღვეს, მაგრამ თუ ვინმე ხმას ამოიღებს, იმედი მაქვს კანონი დაგიცავს.“ - ამბობს ნატო ფხალაძე
სარჩელის შეტანასა და კონსულტაციაში საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებული პროფკავშირები და სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაეხმარებათ. პროფკავშირების იურიდიული დეპარტამენტის იურისტი თამილა გაბაიძე ამბობს, რომ დასაქმების სააგენტო ვალდებული იყო მონიტორინგი გაეწია სიტუაციისთვის და სწრაფი რეაგირება მოეხდინა პრობლემებზე. რამდენად ადეკვატური იყო მათი ქმედებები, სწორედ ამის შესწავლა მოხდება.
„ სარჩელი შეტანას ვაპირებთ ზიანის ანაზღაურების გამო, რასაც საფუძვლად უდევს ის, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ საქართველოს მოქალაქეებს არ გაუწია ეფექტიანი დახმარება უფლებრივი დარღვევების თაობაზე. სავარაუდოდ არ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია სახელშეკრულებო პირობების შესახებ და კონსულტაციები რომლის გაწევის ვალდებლებაც ჰქონდა საქართველოში, სავარაუდოდ ესეც არაჯეროვნად იყო ჩატარებული.
ზუსტი პასუხისთვის საჭიროა რომ ეს ადამიანები ჩამოვიდნენ, გავესაუბროთ და მივიღოთ კონკრეტული ინფორმაცია რა ინფორმაცია მიიღეს და რა დახვდათ გერმანიაში.“
რატომ ვერ მოხდა დაშვებული შეცდომების გათვალისწინება და რა რეაგირებას გეგმავს სააგენტო, რა არის მათი პასუხი დაგეგმილ სარჩელზე ჯერ-ჯერობით უცნობია, მეორედ შექმნილ პრობლემურ სიტუაციაზე დასაქმების სააგენტოს რადიო თავისუფლებასთან კომენტარი არ გაუკეთებია.