ადვოკატი რუსთავის ციხეში ხანძარზე: პატიმრები თავიანთი ძალებით ცდილობდნენ ცეცხლის ლოკალიზებას

ადვოკატი ანა კეკენაძე რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებასთან მყოფ ჟურნალისტებს უყვება, რომ ამ ციხეში 14 ოქტომბერს გაჩენილი ხანძრის დროს, რომელსაც ორი მსჯავრდებულის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაგვიანებით მივიდნენ სახანძრო ეკიპაჟები და ცეცხლის გაჩენიდან პირველი ერთი საათის განმავლობაში თავად მსჯავრდებულები ცდილობდნენ სასადილოს შენობაში მის ლოკალიზებას. ანა კეკენაძე ხანძრის ამბავს ჰყვება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის მონათხრობის მიხედვით, რომელიც სასჯელს ამ ციხეში იხდის და რომლის ფანჯრებიც უყურებს იმ შენობას, სადაც გუშინ, დღის 2 საათის შემდეგ გაჩნდა ხანძარი.

"დროულად ვერ მოხდა რეაგირება, პატიმრები თავიანთი ძალებით ცდილობდნენ ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებას. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში პატიმრები ცდილობდნენ სხვების ამოყვანას იმ შენობიდან, სადაც ცეცხლი გაჩნდა. თავად პატიმრებმა ჩაამსხვრიეს მინები, რომ ამოეყვანათ ის ადამიანები, ვინც გაჭედილი იყო და ვერ ახერხებდა გამოსვლას. ათამდე ადამიანი გამოიყვანეს ასე", - ამბობს ანა კეკენაძე. მისივე ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს ამ შენობასთან არც ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ და ისინიც გვიან მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე.

"ეს დაწესებულება არის ნახევრად ღია, შესაბამისად, აქ პატიმრები თავისუფლად გადაადგილდებიან დღის პირველ ნახევარში და როცა დაინახეს ხანძარი, დაიწყეს იქ მყოფი ადამიანების დახმარება", - ამბობს ადვოკატი.

პენიტენციური სისტემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 14 ოქტომბერს ციხის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა 11 ეკიპაჟი. რადიო თავისუფლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ცდილობს იმის დაზუსტებას, რომელ საათზე შევიდნენ ხანძრის ადგილას მეხანძრეები, თუმცა პასუხი უწყებისგან ამ დრომდე [3:00 Pm] არ გვაქვს.

ასევე ნახეთ ცნობილია რუსთავში ხანძრისას დაღუპულ მსჯავრდებულთა ვინაობა

რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 14 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. სხვადასხვა წყარო საუბრობს იმაზე, რომ ორი მსჯავრდებული ხანძრის ჩაქრობისას უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა არც ციხის ადმინისტრაციას და არც იუსტიციის სამინისტროს გარდაცვალების ფაქტი 15 ოქტომბრის დილის 10 საათამდე არ დაუდასტურებია. გუშინ გაკეთებულ განცხადებაში პენიტენციური სისტემა მხოლოდ ბუნტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფდა და ამბობდა, რომ ხანძრის გამო საპატიმრო დაწესებულებაში ელექტროენერგიის მოწოდებაა შეფერხებული.

რუსთავის ციხეებთან დღეს მთელი დღის განმავლობაში მიდიან სხვა პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები, რომ გაიგონ რა მდგომარეობაში არიან მათი ახლობლები და დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრები - ხანძრის შემდეგ მსჯავრდებულებს შეზღუდულები ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან.

მომხდარის შესახებ გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა, მომხდარს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც.

ასევე ნახეთ ადვოკატი რუსთავში ხანძრისას დაღუპულ პატიმრებზე: ერთი მეორეს გამოსაყვანად შევიდა, კვამლის გამო ვეღარ გამოვიდნენ