უკრაინის „ევროპული პერსპექტივა“ და გზავნილი მოსკოვიდან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი (მარცხნივ), ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი.

600 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისკენ მიმართული სამი მნიშვნელოვანი შეთანხმება - ასეთია კიევში გამართული ერთდღიანი ევროკავშირ-უკრაინის 23-ე სამიტის მთავარი შედეგი, რომელმაც მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო ამბიციური განაცხადის გაკეთებისკენ უბიძგა.

„მოველით, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა და წევრი სახელმწიფოები გაბედულებას და წინდახედულებას გამოიჩენენ უკრაინის, როგორც ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილის დასანახად. ევროპული პერსპექტივის მიცემა უკრაინისთვის, რომელიც ევროკავშირთან ერთად საერთო ფასეულობებს იზიარებს, ლოგიკური და მოსალოდნელი ნაბიჯია. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინა დაჟინებით იმუშავებს ევროკავშირის სახელმწიფოებსა და ყველა თავის პარტნიორთან“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ, ურზულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


სამიტზე ჩასულ ევროკავშირის ლიდერებს მასპინძლისათვის არ მიუციათ არანაირი დაპირება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. თუმცა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა კიევს შესთავაზა სამი გზა, რომლითაც უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს სიარული, თუკი სურს, რომ უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობა ახალ სიმაღლეზე ავიდეს. ესაა რეფორმები, თანდათანობითი ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებების სრული დანერგვა, რაც, ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, „დაახლოებისკენ მიმართული მძლავრი, მამოძრავებელი ძალაა“.

დახმარება ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ევროპული პერსპექტივის მიცემა უკრაინისთვის, რომელიც ევროკავშირთან ერთად საერთო ფასეულობებს იზიარებს, ლოგიკური და მოსალოდნელი ნაბიჯია.
ვოლოდიმირ ზელენსკი

გარდა ამისა, ევროკავშირისკენ მიმავალ უკრაინას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება ენერგორესურსების საკითხის გადაწყვეტა კარსმომდგარი ზამთრის წინ, როდესაც ქვეყანას რუსეთის გაზის ტრანსპორტირებით მიღებული შემოსავლის დაკარგვისა და ბუნებრივი აირის მარაგების შემცირების სერიოზული საფრთხე ემუქრება.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა დაინტერესებულია შეინარჩუნოს რუსული გაზის სატრანზიტო მარშრუტი, რომლის დაკარგვა ქვეყნის ბიუჯეტს 2 მილიარდ დოლარს აზარალებს.

„საფრთხის გამო ჩვენ სხვადასხვა შესაძლებლობას ვეძებთ. ჩვენ დღეს განვიხილეთ მესამე ენერგეტიკული პაკეტის და ცალკე სანქციების პოლიტიკის ამოქმედება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ“, - ხაზი გაუსვა 12 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსჯელობას ამ თემაზე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დიდი დრო დასჭირდება, მაშინ როდესაც ევროპასთან დამაკავშირებელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის რუსული გაზსადენის პირველი ხაზი უკვე ივსება ბუნებრივი აირით.

ასევე ნახეთ

დაიწყო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შევსება ბუნებრივი აირით

ექსპლუატაციაში გაზსადენის შესვლამდე დარჩენილი ეს ბოლო ნაბიჯი უკავშირდება ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ ზრდას და რეზერვების შემცირებას, რაც მოახლოებული ზამთრის წინ, საფრთხეს უქმნის კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზიანებული ევროპის კონტინენტის ეკონომიკურ აღორძინებას.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრი აირია და, პროექტის თანახმად, უკრაინის გვერდით ავლით, საწვავს რუსეთიდან ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით პირდაპირ გერმანიას მიაწვდის.

უკრაინა განაგრძობს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საწინააღმდეგო ლობირებას და პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ცდილობს მოაგვაროს მოახლოებული ზამთრის წინ ქვეყნის ბუნებრივი აირით უწყვეტი მომარაგების საკითხი.

12 ოქტომბრის სამიტზე, უკრაინამ და ევროკავშირმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულების მოვლენათა განვითარების „ყველა სცენარს“ განიხილავენ.

„ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ გავზარდოთ გაზის მოწოდების შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. ეს გულისხმობს ასევე სლოვაკეთთან დამაკავშირებელი გაზსადენიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის რევერსის შესახებ შეთანხმების შემუშავებას“, - ითქვა 12 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე.

ევროკავშირი განიხილავს ასევე უკრაინის გაზ-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აქტიურად გამოყენებისა და უკრაინის მიწისქვეშა ბუნებრივი აირების საცავების გამოყენების შესაძლებლობას, რათა ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე.

უკრაინამ ევროკავშირისგან „ღია სივრცე“ მიიღო

„ღია ცის“ ხელშკრულება გზას გაუხსნის უკრაინის საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიან კომპანიებს, აღკვეთს მონოპოლიებს და შეამცირებს ბილეთის საფასურს.
იური პანჩენკო, მიმომხილველი

ასეთი ამბიციური პროექტების განხორციელებას და უკრაინის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას საკმაოდ დიდი თანხა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გათვლით, 300 მილიარდი ჰრივნა (დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი) ესაჭიროება.

ამ თანხის მობილიზება თავად უკრაინამ უნდა მოახერხოს კორუფციასთან ბრძოლითა და ეკონომიკური რეფორმების წყალობით, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის კიევი სოლიდურ საერთაშორისო დახმარებას იღებს. უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის უკრაინას გამოუყოფს 600 მილიონი ევროს მოცულობის მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშს.

„ჩვენ მივესალმებით უკრაინისათვის ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ პირობათა შესრულებას და ცნობად მივიღეთ 600 მილიონი ევროს მოცულობის მეორე ტრანშის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება. ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად შესაბამისი რეფორმების გაგრძელება. ჩვენ დავადასტურეთ უკრაინის მაკორეკონომიკური სტაბილურობის მხარდაჭერისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულების აუცილებლობა“, - ნათქვამია 12 ოქტომბრის ევროკავშირ-უკრაინის სამიტის ერთობლივ განცხადებაში.

უკრაინისგან განსხვავებით, „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ მონაწილე საქართველომ აგვისტოს ბოლოს უარი თქვა ევროკავშირის მაკროსაფინანსო დაფინანსებაზე - იაფ სესხზე, რომელიც ქვეყნისთვის იყო გამიზნული.

საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის მორიგ ტრანშზე, 75 მილიონ ევროზე, უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ ბიუჯეტში ფული დაგროვდა, ეკონომიკა ვითარდება და ქვეყნის წინაშე სესხის აღების საჭიროება აღარ დგას.

ასევე ნახეთ

"სიტყვებსაც ვეღარ აკონტროლებს" - ევროკავშირის სესხისა და პრობლემების ჯაჭვის ამბავი

31 აგვისტოს ევროკავშირმა ხელისუფლების საპასუხოდ განაცხადა, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდება და საქართველო აღარ მიიღებს მაკროსაფინანსო დახმარების მორიგ ტრანშს. იქვე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ არ იყო შესრულებული ამ თანხის მისაღებად აუცილებელი პირობები და სამომავლო დახმარებაც პროგრესის შესაბამისი იქნება.

გარდა ამისა, კიევში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრაზე ხელი მოეწერა კანონს „ღია ცის“ შესახებ, რომელსაც ევროკავშირის ორი წევრ სახელმწიფოს, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული დაპირისპირების გამო, უკრაინა 8 წლის განმავლობაში ელოდა.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ გზა გაუხსნა „ღია ცის“ ხელშეკრულებასთან უკრაინის მიერთებას, რომელიც ამიერიდან თანასწორ პირობებში ჩააყენებს უკრაინულ და ევროპულ ავიაკომპანიებს და აამაღლებს უკრაინის ტურისტულ მიმზიდველობას.

„ღია ცის“ ხელშკრულება გზას გაუხსნის უკრაინის საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიან კომპანიებს, აღკვეთს მონოპოლიებს და შეამცირებს ბილეთის საფასურს“, - უთხრა საინტერნეტო გამოცემა „ევროპეისკაია პრავდის“ მიმომხილველმა იური პანჩენკომ რადიო თავისუფლებას.

12 ოქტომბრის სამიტზე უკრაინამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს კიდევ ორ ხელშეკრულებას, რომლებიც ითვალისწინებს უკრაინის მონაწილეობას ორ საკმაოდ მაღალბიუჯეტიან პროგრამაში.

„ევროპის ჰორიზონტი“ - ეს არის 2021-2027 წლებზე გათვლილი ევროკავშირის უმსხვილესი პროგრამა, რომელიც მეცნიერებისა და ინოვაციების დაფინანსებას ითვალისწინებს 95,5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის ფარგლებში.

პროგრამა „კრეატიული ევროპა“, რომლის ბიუჯეტი 2,4 მილიარდი ევროა, სამ მიმართულებას: კულტურას, მედიას და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობას მოიცავს.

12 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინასწარვე გამოაცხადა, რომ უკრაინა-ევროკაშირის შემდგომ სამიტზე ხელი მოეწერება უკრაინისათვის ძალიან მნიშვნელოვან „სავაჭრო-ეკონომიკურ უვიზო მიმოსვლას“, რომლითაც ევროკავშირის მიერ აღიარებული იქნება უკრაინაში წარმოებული პროდუქციის სერტიფიკატი.

„შესაბამისად, ამ სერტიფიკატებით შესაძლებელი გახდება უკრაინული პროდუქციის გაყიდვა ევროკავშირის ბაზრებზე, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ქვეყნის ბიუჯეტს და წაახალისებს მეწარმეობას“, - ამბობს იური პანჩენკო.

რუსეთის აგრესიული რიტორიკა ევროკავშირ-უკრაინის სამიტის წინ

უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და აღინიშნა, რომ რუსეთს, უკრაინის მიმართ ქმედებების გამო, შემდგომშიც მოიხსენებენ აგრესორ ქვეყნად.

„ჩვენ ვადასტურებთ და გადაჭრით ვგმობთ, 2014 წლის თებერვლიდან მოყოლებული რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიული აქტების შედეგად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა ხელყოფას“, - ნათქვამია ევროკავშირ-უკრაინის სამიტის ერთობლივ განცხადებაში.

ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში განხორციელდა, როცა ნახევარკუნძულზე შევიდნენ რუსეთის არმიის ნაწილები და მათი კონტროლის ქვეშ ჩატარდა რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების თაობაზე. ის უკრაინის კანონების დარღვევით გაიმართა. კენჭისყრის შემდეგ, რომელსაც არ ცნობს მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 18 მარტს გამოაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ შემადგენლობაში იღებს ყირიმსა და სევასტოპოლს.

უკრაინა ყირიმს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. დასავლეთის ქვეყნები რუსეთისგან ითხოვენ, უარი თქვას ანექსიაზე და დააბრუნოს ნახევარკუნძული. კრემლი აცხადებს, რომ ყირიმის კუთვნილების საკითხი საბოლოოდ არის გადაწყვეტილი.

კონფლიქტი გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტულ ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლების შედეგად 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს მიმდინარე წლის აპრილში „დონბასის ნებისმიერ წერტილში“ შეხვედრა შესთავაზა.

თავის მხრივ, პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს შესთავაზა „მოსკოვში ნებისმიერ ხელსაყრელ დროს შეხვედრა“, თუ ამ შეხვედრის საგანი იქნებოდა უკრაინის ხელისუფლების მიერ „დარღვეული“ რუსეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა.

მაგრამ ბოლო ხანს მოსკოვმა, როგორც ჩანს, მიდგომა შეცვალა და, საერთოდ ამბობს უარს რაიმე სახის მოლაპარაკებაზე უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტთან.

ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირ-უკრაინის სამიტის წინ გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, დმიტრი მედვედევის საავტორო სტატია, რომელშიც ვლადიმირ პუტინთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პოლიტიკოსი „უაზროდ“ მიიჩნევს უკრაინასთან მოლაპარაკების გამართვას და ზელენსკის „უბედურ ადამიანს“ უწოდებს.

ასევე ნახეთ

დმიტრი მედვედევი „უაზროდ“ მიიჩნევს უკრაინასთან მოლაპარაკების გამართვას და ზელენსკის „უბედურ ადამიანს“ უწოდებს

„უნდა დაველოდოთ უკრაინაში ჭკუათმყოფელი ხელისუფლების გამოჩენას, რომელიც რუსეთთან ომის ზღვარზე მისულ კონფრონტაციასა და დებილურ „ყირიმის პლატფორმაზე“ კი არა, არამედ რუსეთთან ურთიერთსასარგებლო და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. უკრაინის სწორედ ასეთ ხელისუფლებასთან შეიძლება საქმის დაჭერა. რუსეთს შეუძლია ლოდინი. ჩვენ მომთმენი ხალხი ვართ“, - წერს დმიტრი მედვედევი.

უკრაინის ხელისუფლებიდან ამ სტატიას მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკა გამოეხმაურა, რომელმაც „უკიდურესად უცნაური, უადგილო და არააქტუალური“ უწოდა დმიტრი მედვედევის ეპისტოლეს. მედიასთან გაკეთებულ კომენტარში პოდოლიაკამ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან ურთიერთობაში ანგარიშს უწევს მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოზიციას და არა მისი თანამოაზრის, დმიტრი მედვედევის მიერ, „შანტაჟის პოზიციიდან“ დაწერილ წერილს.