ყოველდღიურად თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტს ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. პიკის საათებში ავტობუსები, მეტრო და მიკროავტობუსები, ძირითადად, სავსეა, ცენტრალურ გამზირებზე კი საცობებია.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისი ახალ მერს ირჩევს - მათ სატრანსპორტო ხედვებში არის მსგავსება და განსხვავებებიც. Partiebi.ge-მ მერობის ხუთი კანდიდატის გეგმებს მოუყარა თავი, რადიო თავისუფლება კი გთავაზობთ მათ.
კახა კალაძე - თბილისის მოქმედი მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი
თბილისის მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის დაპირებების ნაწილი მისი მერობის პირველ ვადაში უნდა შესრულებულიყო. მეტროს ახალი ვაგონების დამატების, მეტროს სადგურების განახლებისა და მეტროს ახალი სადგურების პროექტირების შესახებ. თუმცა ეს დაპირებები ახლაც შეუსრულებელია და ახალ საარჩევნო პროგრამაშიც მოხვდა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კალაძე მოსახლეობას ახალი მეტროსადგურების პროექტირებას აღარ ჰპირდება. აღსანიშნავია, რომ დაპირებების ნაწილი შესრულდა, ნაწილი კი ახლა სრულდება.
ასევე ნახეთ რა შეასრულა და რა ვერ - კახა კალაძის 2017 წელს გაცემული დაპირებებიმომდევო ოთხი წლის დაპირება:
- მომდევნო ოთხ წელში კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას დამატებით 380 ახალი ავტობუსის ყიდვას ჰპირდება - მოქმედ და ახალ ხაზებზე 200 18-მეტრიანი და 180 8-მეტრიანი ავტობუსების დამატებას;
- უკვე შემუშავებულია ქალაქში ე.წ. 10 სატრანზიტო დერეფანი - კალაძე ამ დერეფნის ამუშავებასა და გადაადგილების ეფექტიანობის გაზრდას ჰპირდება მოსახლეობას;
- მეტროსადგურების განახლებასთან ერთად მიკროავტობუსების პარკის შეცვლაზეა საუბარი - ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ათეულობით მარშრუტზე ახალი, "ლურჯი მიკროავტობუსები" დადის და ისინი ჩართულია გადახდის ერთიან სისტემაში - ერთჯერადად გადახდილი 50 თეთრით შესაძლებელია საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა;
- კვლავ აქტუალურია მეტროს ახალი ვაგონების დამატება - ამჯერად კალაძე პირობას დებს, რომ სრულიად ახალი 40 ვაგონი ორი წლის განმავლობაში ეყოლება თბილისს;
- კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში თბილისში ერთიანი სამგზავრო აბონემენტების სისტემის დანერგვა იგეგმება. დაპირებების ჩამონათვალში მოხვდა "ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა" - ამით სატრანსპორტო ქსელის რაციონალური გამოყენებაა დაგეგმილი;
- ქალაქის განახლებული ტრანსპორტის ფარგლებში იგეგმება ორი ახალი საბაგირო დერეფნის მოწყობაც;
- კალაძის კიდევ ერთი დაპირება 315 კმ-მდე ველობილიკის მოწყობას ეხება;
- მერი გეგმავს გააგრძელოს ტაქსების რეფორმა, რომელიც ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, თავის დროზე, მტკივნეული იყო. კალაძე ახლა გეგმავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
ნიკა მელია - ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია
მერობის კანდიდატი ამბობს, რომ საცობების გასანეიტრალებლად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება - ახალი ტრანსპორტის დამატება, სატრანსპორტო სისტემის გადახედვა და ტრანსპორტის მიმზიდველობა. მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ ქალაქს 900 ახალი ავტობუსი უნდა ჰყავდეს.
- "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მერად არჩევის შემთხვევაში თბილისს ტრამვაის ხაზების საჭიროების კვლევის ჩატარებისა და ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების დაპირებას გასცემს. ტრამვაისა და ტროლეიბუსების ხაზები თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაუქმდა;
- მერობის კანდიდატის პრიორიტეტულ ტრანსპორტის ჩამონათვალში მოხვდა საბაგიროც. მისი ხედვით, მნიშვნელოვანია ახალი ხაზების მოწყობა: უნივერსიტეტი - ბაგები - წყნეთი; დიდუბე - ვაშლიჯვარი - ლისი; თბილისის ზღვა-ლოტკინი-სადგურის მოედანი; ზღვის უბანი-ახმეტელის თეატრი; ვაზისუბანი - მეტროსადგური "სამგორი"; ვაკის პარკი, კუს ტბის დაკავშირება ახალ სადგურ - მთაწმინდასთან და მთაწმინდის დაკავშირება არსებულთან - ნარიყალა, რიყე;
- მოქმედი მერის მსგავსად, მერობის ეს კანდიდატიც ფიქრობს, რომ აუცილებელია მეტროს არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ხედვებში აღნიშნულია, რომ მუშაობა უნდა დაიწყოს ახალი ხაზების დასაპროექტებლად და გაიზარდოს მატარებლების შემადგენლობაც.
გიორგი გახარია - საქართველოსთვის
"ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი და პრემიერი გიორგი გახარია ამომრჩეველს "ტრანსპორტითა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ" ქალაქს ჰპირდება.
- ყოფილი მერის შეუსრულებელი დაპირება - თბილისში ახალი მეტროსადგურების აშენება - ახლა გახარიას დაპირებაა. ეს ხაზებია: დიდი დიღმის, ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით. გარდა ამისა, გეგმავს თბილისისა და რუსთავის დაკავშირებას მეტროს ხაზით;
- ფიქრობს, რომ ახალი მეტროსადგურების გახსნა გაზრდის უძრავი ქონების ღირებულებას, თავად მეტროს განვითარება კი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით წარმოუდგენია;
- დაპირებების ჩამონათვალში მოხვდა ავტობუსების პარკის ჩანაცვლება, რომელიც მოქმედმა მერმა უკვე დაასრულა. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა;
- გახარია მოსახლეობას გზის, წყალგაყვანილობისა და სადრენაჟო სისტემების გამართვას ჰპირდება. კანდიდატი ფიქრობს, რომ ასე ახლად აშენებული ინფრასტრუქტურა შენარჩუნდება.
ანა ბიბილაშვილი - ლელო საქართველოსთვის
პარტიის მერობის კანდიდატი მოსახლეობას ყველა უბანში ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰპირდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზებისთვის წამახალისებელი პროგრამების დანერგვა კი ერთ-ერთი პრიორიტეტია.
გარდა ამისა:
- მეტროს არსებული ქსელის რეაბილიტაციას და შემადგენლობების დამატებას მოლოდინის დროის შესამცირებლად;
- მეტროს გაგრძელებას ტრამვაის/საგარეუბნო რკინიგზის სადგურებით, როგორც დიდი დიღმის, ისე - სოფელ ლილოს მიმართულებით;
მერობის კანდიდატს სურს მუნიციპალური ტრანსპორტის ერთიანი მობილური აპლიკაციის შექმნა, რომლითაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის დაგეგმვა. ეს დაპირება კახა კალაძესაც ჰქონდა და დღეს არსებულ აპლიკაციაში ავტობუსი და მეტროა ინტეგრირებული.
თამარ კეკენაძე - მესამე ძალა
ტრამვაის ქსელის აღდგენა-გაფართოება მოხვდა თამარ კეკენაძის დაპირებების ჩამონათვალში. ეს მერობის კანდიდატიც მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ ხაზების გაყვანა დიდი დიღმის, ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით.
გარდა ამისა, მისი ხედვით, აუცილებელია თბილისი-რუსთავისა და თბილისი-მცხეთის დამაკავშირებელი სწრაფი, ღია მეტროს გაკეთება. აქვე აღნიშნულია, რომ აუცილებელია მეტროს ინფრასტრუქტურის განახლება.
მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სატვირთო მატარებლების თბილისის შემოვლითი გზით გადაადგილება.