მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის ბილეთი გამოაქვეყნა 

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს გეგმავს. მან „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა კიევი-თბილისის ავიაბილეთი ორ პერსონაზე. ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავს დაბრუნებას.

„რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება, თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.

მე არანაირი პირადი ამბიცია და არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს, იმიტომ, რომ ნამდვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ ბრძოლას იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, საქართველო არამხოლოდ დარჩეს მსოფლიო რუკაზე, არამედ დაუბრუნდეს სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

ყოფილი პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ყველანი ერთმანეთს გვერდით დაუდგება და გადადებს განსხვავებებს.

„ჩვენ უნდა წავიდეთ სრულ გამარჯვებამდე. შეხვედრამდე, თბილისში“, - ამბობს სააკაშვილი.

2 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.