„ვაგნერის“ რუსი მებრძოლების მინსკში დაკავება კვლავ მრავალ კითხვას ბადებს

7 სექტემბერს, ამერიკული ტელეკომპანია სიენენის ვრცელ რეპორტაჟში სამმა უკრაინელმა ინკოგნიტო მზვერავმა მოყვა ისტორია იმის შესახებ, როგორ ამზადებდა უკრაინის დაზვერვა ვაგნერელების (კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრების. -რედაქცია) იდენტიფიცირების, ბელარუსში მოტყუებით ჩაყვანისა და შემდგომში შეპყრობის ოპერაციას, რომელიც 2020 წლის ივლისში უშედეგოდ დასრულდა.

აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსი დაქირავებული მებრძოლები მინსკმა ერთი წლის წინ უკრაინის ნაცვლად რუსეთს გადასცა.

ოფიციალურმა კიევმა მაშინ ოპერაციასთან უკრაინის სპეცსამსახურების კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „რუსული ფეიკი“ უწოდა.

სიენენის წყაროები კი ირწმუნებიან, რომ სპეცოპერაციის ჩავარდნამ სერიოზული დარტყმა მიაყენა უკრაინის დაზვერვას, რომელიც ვაგნერელების ერთად თავმოყრასა და მათ უკრაინაში ჩაყვანაზე დაახლოებით 18 თვის განმავლობაში მუშაობდა.

უკრაინის ოპოზიციისა და მედიის ნაწილი პასუხისმგებლობას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აკისრებს. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მრავალი თვის განმავლობაში გულმოდგინედ მიმდინარე სპეცოპერაცია მას შემდეგ ჩავარდა, რაც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ოპერაციის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისს მოახსენეს.

თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთის ეფ-ეს-ბე შექმნილ ვითარებას უკრაინის შიგნით უნდობლობის გასაღვივებლად და კუდიანებზე ნადირობის გასაჩაღებლად იყენებდეს და ცნობა ოპერაციის მზადების შესახებ მოსკოვს ვაგნერელებისგან ჰქონდეს მიღებული.

უკრაინელი ინკოგნიტო მზვერავების ნაამბობი

უკრაინის დაზვერვის სამ მაღალჩინოსან, ანონიმ წყაროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 7 სექტემბერს სიენენმა დეტალურად უამბო მაყურებელს იმ სპეცოპერაციის შესახებ, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ნაბრძოლი ვაგნერელების იდენტიფიცირებას, მათ ერთად შეგროვებასა და შეპყრობას ისახავდა მიზნად.

უკრაინელ მზვერავთა თქმით, სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე მათ სავარაუდო დაქირავებულ რუს მეომრებს შესთავაზეს სამსახური - თვეში 5000 დოლარის ანაზღაურების სანაცვლოდ ვენესუელაში სანავთობე საბადოების დასაცავად წასვლა.

როგორც სიენენი ამტკიცებს, უკრაინელ მზვერავთა წინადადებას გამოეხმაურა ასობით რუსი მოქალაქე, რამაც უკრაინელ მზვერავებს მისცა შესაძლებლობა, რომ მალე დაედგინათ, თუ რომელი მათგანი მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში.

„ჩვენ დავიწყეთ მათთან გადარეკვა და ვეუბნებოდით: ეი, მეგობარო, ეს კარგი, მაგრამ მიამბე შენზე, იქნებ შენ ზეინკალი ხარ და არა მებრძოლი.. და ისინიც გვიამბობდნენ თავიანთ თავზე, გვიგზავნიდნენ დოკუმენეტებს, სამხედრო ბილეთებს და მტკიცებულებებს, რომ იბრძოდნენ“, - უყვება ერთ-ერთი რესპონდენტი სიენენს.

მათ შორის იყო ვიდეო, რომელზე აღბეჭდილ რუს და პრორუსულად განწყობილ დაქირავებულ მებრძოლებს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვერევები უჭირავთ. უკრაინის დაზვერევის მიერ „სამუშაოზე“ აყვანილი რამდენიმე პირი იმასაც აცხადებდა, რომ კავშირი ჰქონდა მალაიზიური ავიხაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის - MH17-ის ჩამოგდებასთან, რომლის დროსაც 298 ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ მალაიზიური „Boeing-777“-ის საიდუმლო

„ორი პირი ესწრებოდა იმ რაკეტების შესყიდვას, რომლითაც MH17-ია ჩამოგდებული. კიდევ ოთხი პირი იმ დაჯგუფებაში ირიცხებოდა, რომელიც ჩვენი (უკრაინული) სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებასა და 70 საუკეთესო ადამიანის დაღუპვაზეა პასუხისმგებელი. ჩვენ გვაინტერესებდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება და მათი დასჯა“, - უთხრა უკრაინელმა მზვერავმა სიენენს.

საბოლო ჯამში შეირჩა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი 29 რუსი დაქირავებული და კიდევ 5 სხვა პირი, დანარჩენების ეჭვების გასაფანტად.

უკრაინის დაზვერვა თავდაპირველად გეგმავდა რუსეთიდან მათ ჩაყვანას თურქეთში, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებით რუსეთში შექმნილი ეპიდვითარების გამო თურქეთში ჩასვლა მხოლოდ მინკის გავლით იყო შესაძლებელი, ამიტომ ერთად შეგროვებული დაქირავებულების ჩაყვანა ბელარუსში ავტობუსით გადაწყდა, საიდანც ისინი, ვითომცდა, ვენესუელაში უნდა გაემგზავრებინათ.

სიენენის ინფორმატორების თანახმად, რუსი დაქირავებულები ბელარუსის დედაქალაქ მინსკიდან 15 წუთის სავალზე დაშორებულ სანატორუმ „ბელორუსოჩკაში“ მოათავსეს. მაგრამ რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე „ვაგნერის“ მებრძოლები თურქეთში გასაფრენად თვითმფრინავში უნდა ჩამსხდარიყვნენ, ისინი ბელარუსის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

დაქირავებულები ბელარუსში და მინსკ-მოსკოვის დაპირისპირება

რუსეთის 33 მოქალაქის დაკავებას მინსკის მახლობლად, გასული წლის ივლისის ბოლოს, რუსეთსა და ბელარუსს შორის საჯარო დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.

ბელარუსის ხელისუფლებამ, რომელსაც წინ რთული საპრეზიდენტო არჩევნები ელოდებოდა, ინციდენტი სწრაფად დააკავშირა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან.

პრეზიდენტმა ლუკაშენკამ სასწრაფოდ მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა და განაცხადა, რომ რუსეთიდან გამოგზავნილი კერძო სამხედრო კომპანიის ათობით მებრძოლი მიზნად ისახავდა ქვეყნის დესტაბილიზაციას 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ბელარუსის პროკურატურამ მინსკის გარეუბანში დაკავებული რუსეთის 33 მოქალაქის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა.

ლუკაშენკა ამბობდა, რომ დაკავებულია მხოლოდ პირველი ჯგუფი იმ 180- თუ 200-კაციანი დაჯგუფებიდან, რომლის გადასროლაც ბელარუსში იგეგმებოდა.

ამავე დროს, გავრცელდა ვერსიაც, რომელიც უკრაინის დაზვერვის ანონიმი წყაროების ვერსიას უფრო ჰგავს, და რომლის მიხედვით, დაკავებული ვაგნერელები მინსკიდან უნდა ჩაფრენილიყვნენ თურქეთში, ხოლო იქიდან მათი გადაყვანა ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მოხდებოდა. დანიშნულების პუნქტად სახელდებოდა ასევე სუდანიც. ასეთი ვარაუდი ემყარებოდა იმას, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანდა სუდანური ფუნტის ერთეული და სატელეფონო ჩიპი, ქალაქ კასალაში მდებარე ჰატმიას მეჩეთის გამოსახულებით.

ასევე ნახეთ რა არის ცნობილი ბელარუსში დაკავებულ რუს დაქირავებულებზე

კრემლმა მინსკს მაშინ მოსთხოვა კერძო სამხედრო კომპანიის წევრების გათავისუფლება და „დაუსაბუთებელი“ უწოდა ბრალდებებს.

ზარი კიევიდან და იმედგაცრუებული ვოლოდიმირ ზელენსკი

იყო კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც კიევიდან გაისმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მოსთხოვა, მინსკის მახლობლად დაკავებული პირების გადაცემა, რომლებიც, კიევის ინფორმაციით, უკრაინაში ტერორისტულ საქმიანობაში იყვნენ ეჭვმიტანილი - ბევრი მათგანი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ფორმირებებთან ერთად უკრაინის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა.

„მე დავურეკე ალექსანდრ გრიგორევჩის, გავაფრთხილე იგი და ვუთხარი, რომ მზად ვიყავი გადამეცა მისთვის მთელი ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე გვესმოდა, თუ რა გვარები ფიგურირებდა და ვინ იყვნენ ისინი... მაგრამ მან ტელეფონზე მითხრა: მესმის ძვირფასო ვლადიმირ ალექსანდროვიჩ, შენ ხომ იცი, თუ როგორ გაფასებ, როგორ უყვარს ბელარუსს უკრაინა, იმედებს არ გაგიცრუებ, ყველაფერი რიგზე იქნება, გავერკვევი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის გადმოგვცემდა ამ მკვლელებს, ამ ვაგნერელებს. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში.

ალიაქსანდ ლუკაშენკამ არჩევნების წინ მაინც მოსკოვის გულის მოგება ამჯობინა მეზობელი უკარინის პრეზიდენტის წყენინებას. მით უფრო, რომ მოსკოვიდან წამოსულმა მუქარამ აშკარად შეარყია ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის უწინდელი კრიტიკული შემართება.

2020 წლის 5 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა გააფრთხილა მინსკი, რომ უშიშროების კერძო ფირმის წარმომადგენელთა დაკავებას რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა.

"არ არის საჭირო ჩვენი დაშინება შედეგებით. ჩვენ ვაცნობიერებთ შედეგებსო", - განაცხადა მეორე დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ლუკაშენკამ.

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ლუკაშენკას 9 აგვისტოს არათავისუფალ და არადემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება, ბელარუსის ლიდერმა მალე დაივიწყა რუსეთის მისამართით გამოთქმული ბრალდებები და გაათავისუფლა მინსკთან ახლოდ დაკავებული დაქირავებული მებრძოლები.

მოსკოვმა და მინსკმა ვაგნერელების საქმე ამით დახურეს, მაგრამ კიევში ამ ისტორიას გაგრძელება მოჰყვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ოპერაცია მრავალი თვის განმავლობაში მზადდებოდა უკრაინის დაზვერვის მიერ.

„ეს ადამიანები აქ, უკრაინაში, რომ აღმოჩენილიყვნენ, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დეტალებს მთელი მსოფლიო შეიტყობდა. უკრაინას შეეძლო ბრალი წარედგინა მათთვის და ეჩვენებინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა არის სერიოზული და ჩვენ არ დავნებდებით“, - უამბო ინკოგნიტო უკრაინელმა მზვერავმა სიენენს.

ძნელად დასამატკიცებელი ბრალდება

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარე სპეცოპერაცია მას შემდეგ ჩავარდა, რაც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ოპერაციის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისს მოახსენეს. ამ ვერსიას ემხრობა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც ამტკიცებს, რომ დაზვერვამ ვაგნერელების იდენტიფიცირების ოპერაცია მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა მოითხოვა უკრაინის პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც ნათელს მოჰფენს „სპეცოპერაციის მსვლელობის დროს ხელისუფლების წარმომადგენელთა მოღალატეობრივ საქმიანობას“.

გავრცელებული ცნობით, ამ ვერსიის გადამოწმებას და ვაგნერელების საქმის შესწავლას ხელი მიჰყო უკრაინის „ვერხოვნა რადაში“ შექმნილმა სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც თანამდებობის პირთა მხრიდან უკრაინის სუვერენტიეტის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას იძიებს.

„მე ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ შეიძლება დამტკიცდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან ვინმემ დარეკა კრემლში და შეატყობინა ასეთი ოპერაციის შესახებ? ასეთი ვერსია მიამიტურად და ცოტა სასაცილოდ გამოიყურება. მე მხედევლობაში მაქვს ის გარემოება, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მართლაც რომ არსებობდნენ გარკვეული ინფორმატორები, ისინი არ იმოქმედებენენ ასე უხეშად და არ დაიყენებდნენ თავს დარტყმის ქვეშ. ჩემი აზრით მაშინაც კი, თუ უკრაინის დაზვერვის ეს ოპერაცის მართლა არსებობდა და ისე განხორციელდა, როგორც სიენენის სიუჟეტშია აღწერილი, ანუ უკრაინის დაზვერვა აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი ვაგნერელებს ტელეფონებზე ურეკავდა და მოითხოვდა მათ შესახებ ინფორმაციის დადასტურებას; მე 300 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მათი ნაწილი ასეთი სატელეფონო ზარის შესახებ აუცილებლად აცნობებდა რუსეთის უშიშროებას. რადგან ასეთ დაქირავებულ მებრძოლებს აუცილებლად ჰყავთ კურატორები ეფესბეში, სხვანაირად ისინი ვერ იბრძოლებენ სირიასა და დონბასში. შესაბამისად ამ ხალხის რაღაც ნაწილი აუცილებლად დაურეკავდა თავის კურატორებს და შეატყობინებდა, რომ მავანი მათ შესახებ აგროვებს ინფორმაციას და რაღაც ოპერაციას გეგმავს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დამოუკიდებელმა უკრაინელმა ექსპერტმა, მიხაილო სამუსმა.

ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, რომელიც ორი თვის წინ რუსულ ფეიკს და „შემოგდებულ“ ინფორმაციას უწოდებდა ბელარუსში ვაგნერელთა დაკავების სპეცოპერაციასთან უკრაინის სპეცსამსახურის კავშირსს და მოუწოდებდა მედიას, რომ „არ გაევრცელებინა არამეგობრული სახელმწიფოს სასარგებლო ჭორები“.

ბელარუსში დაკავებული „ვაგნერელების“ შესახებ საგამოძიებო დოკუმენტური ფილმი მომზადებული აქვს „ბელინგკეტსაც“, რომელიც, მისი ხელმძღვანელის, ხრისტო გროზევის თანახმად, ფილმის გამოქვეყნებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

„ვაგნერი“, საქართველო და მსოფლიო

საერთაშორისო მედიის მსგავსად, „ვაგნერი“ აგვისტოს ბოლოს ქართული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც გავრცელებული ცნობით, რუსეთის ამ კერძო სამხედრო ფირმის ერთ-ერთი მებრძოლი და დაზვრევის ოფიცერი, შეცვლილი გვარ-სახელით ორი წლის წინ საქართველოში იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ სუს-ი: "ვაგნერის" მებრძოლი საქართველოში 2019 წელს იყო შემოსული, ახლა აქ არ იმყოფება

ინფორმაცია "ვაგნერის" მებრძოლის, კირილ კრივკოს, საქართველოში ყოფნის შესახებ ორი კვირის წინ გაავრცელა მოხალისეების საერთაშორისო პლატფორმამ InformNapalm, რომელიც რუსეთის ჰიბრიდული ომის საწინააღმდეგოდ შეიქმნა. ამ ინფორმაციის თანახმად, კირილ კრივკო, რომელიც უკრაინასა და სირიაში იბრძოდა, შეცვლილი გვარ-სახელით ფლობს კომპანიებს საქართველოსა და ყაზახეთში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ცნობა, რომ აღნიშნული პირი, გვარად, კირილ კრივკო, მართლაც იმყოფებოდა საქართველოში, მაგრამ ქვეყნის ტერიტორია დატოვებული აქვს. სუს-ის განცხადებით კრივკოს სახელთან დაკავშირებული კომპანია საქართველოში არ ფუნქციონირებს.

„მას არ აქვს საგადასახადო ანგარიშსწორება საქართველოს ბიუჯეტთან, არ აქვს ოფიციალური მისამართი, არ ჰყავს თანამშრომლები, შესაბამისად, ყველა ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. მსგავსი დეზინფორმაცია, სამწუხაროდ, მოსახლეობაში იწვევს დაუცველობის განცდას, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიოფო უსაფრთხოების სამსახური ვერ აიდენტიფიცირებს პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - თქვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ცნობილია, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები საბრძოლო დავალებებს ასრულებენ იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს სამხედრო ინტერესები აქვს.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არასოდეს უღიარებია „ვაგნერის“ არსებობა. „ვაგნერზე“ დასმული შეკითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სირიაში მყოფი რუსეთის კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ, არამედ დაკავებული არიან „სახალხო-სამეურნეო საკითხებით“.

საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, დაქირავებულთა დანაყოფის დაფინანსების საკითხებს წყვეტს კრემლთან დაახლოებული ოლიგარქ, ევგენი პრიგოჟინის ფინანსური სტრუქტურების კუთვნილი სააქციო საზოგადოება „ევრო პოლისი“.

ევგენი პრიგოჟინი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია აშშ-ის ყოფილი სპეცპროკურორის, რობერტ მიულერის მიერ გამოქვეყნებულ 13-კაციან ბრალდებულთა სიაში.

2021 წლის მარტში საფრანგეთში, სირიასა და რუსეთში მოქმედი სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისგან, მსხვერპლის ოჯახის წევრებმა მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წინააღმდეგ სირიის ტერიტორიაზე ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო.