ავტორი: ნიკოლაი შეტკო („ნასტოიაშჩეე ვრემია“)
ზუსტად 5 წლის წინ, 2014 წლის 8 მარტს, ავიაკომპანია „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ- 777“, რომელიცკუალა-ლუმპურიდან პეკინისკენ მიფრინავდა, ინდოეთის ოკეანის თავზე გაუჩინარდა.
მას შემდეგ რეის MH370-ისა და მასზე მყოფი 239 მგზავრის ბედის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. უშედეგოდ დასრულდა რამდენიმე მასშტაბური საერთაშორისო ექსპედიცია, რომლის შემდეგაც შეწყდა თვითმფრინავის ორგანიზებული ძებნის პროცესი.
„თითქმის დაუჯერებელი და საზოგადოებისათვის აშკარად გაუგებარია, რომ მსხვილი კომერციული ავიალაინერი გაქრეს და მსოფლიომ არ იცოდეს, თუ რა დაემართა მას და იმ ხალხს, ვინც ბორტზე იმყოფებოდა“, - ნათქვამია სატრანსპორტო უსაფრთხოების ავსტრალიური კომისიის ანგარიშში.
მაგრამ დღემდე დიდი მსჯელობის საგანია ზოგიერთი ფაქტი თუ პოპულარული შეთქმულების თეორია, რომელიც რეის MH370-ის გაუჩინარებას უკავშირდება.
„ღამე მშვიდობისა, Malaysian 370”
მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგ- 777-200” (საბორტო ნომრით9M-MRO) კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროდრომიდან 2014 წლის 8 მარტს ადგილობრივი დროით 00:42-საათზე აფრინდა.
თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 239 კაცი: 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი, მათ შორის 2 გამოცდილი მფრინავი.
თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო, ეკიპაჟი - ჯანმრთელი, ხოლო ფრენის მარშრუტზე ამინდი, ოფიციალური გამოძიების თანახმად, კარგი უნდა ყოფილიყო.
აფრენიდან მალევე ავიალაინერმა აკრიფა მაქსიმალური სიმაღლე 35 ათასი ფუტი (11 კმ). ფრენის მეორმოცე წუთზე მალაიზიელმა დისპეტჩერმა MH370-ის ეკიპაჟს დაავალა დაკავშირებოდა ვიეტნამელ დისპეტჩერს, ვინაიდან თვითმფრინავი უკვე ტოვებდა მალაიზიის პასუხისმგებლობის ზონას და შედიოდა ვიეტნამის საჰაერო სივრცეში.
სიგნალიდან 4 წამში MH370-ის კაბინიდან გაისმა ფრაზა: „ღამე მშვიდობისა, Malaysian 370”. ეს იყო ბოლო შეტყობინება, რომელიც მსოფლიომ გაიგო რეის- MH370-ისგან.
ამის შემდეგ ძალიან მალე თვითმფრინავი გამოირთო ტრანსპონდერიდან (სარადიოლოკაციო გადამცემიდან, რომელიც ფრენის შესახებ იძლევა ინფორმაციას) და, შედეგად, MH370 ავიადისპეტჩერთა ეკრანებიდანგაქრა.
მაგრამ რამდენიმე ხნის განმავლობაში თვითმფრინავი კიდევ რჩებოდა სამხედრო ძალების რადარებზე, ვინაიდან მათ „მიზნის“ აღმოსაჩენად ტრანსპონდერები არ სჭირდებათ.
სამხედრო წყაროების ცნობით, „ბოინგი“ სიამის ყურის თავზე შემობრუნდა და კურსი აიღო ჩრდილო-დასავლეთისკენ, კუნძულ მალაკისმიმართულებით, რომელიც მალაიზიას ყოფს ინდონეზიის ნახევარკუნძულ სუმატრისგან.
სუმატრის ჩრდილოეთ ნაპირებთან MH370 უკვე სამხედრო-საჰაერო ძალების რადარებიდანაც გაუჩინარდა, თუმცა მანამდე სამგზავრო თვითმფრინავი უცნაურად კარგავდა სიმაღლეს: ჯერ ადიოდა 18 კილომეტრის სიმაღლეზე, შემდეგ კი ეშვებოდა 1,5 კმ-ის დონეზე, შემდეგ კვლავ მაღლდებოდა 9 კმ-ის ეშელონზე, მაშინ როცა სამგზავრო ავიალაინერებმა ფრენის დროს მკაცრად უნდა დაიცვან სიმაღლე. „ბოინგ- 777“-ისათვის განსაზღვრულია 13 კმ-ის ეშელონი.
ასევე უცნაურად ეცემოდა თვითმფრინავის სიჩქარე: საათში 589-დან 492 კვანძამდე (კვანძი უდრის1,852 კმ-ს), რაც ძალიან ბევრია.
რა იყო შემდეგ
რადარებიდან გაუჩინარების შემდეგ თვითმფრინავის შემდგომი ბედის დადგენა შესაძლებელი გახდა სათანამგზავრო კავშირის სისტემით (SATCOM), რომელიც ბრიტანული კომპანია Inmarsat-ის თანამგზავრების ქსელშია ჩართული.
ეს სისტემაისეა მოწყობილი, რომ თუ „ბოინგი“ ვერ გამოიყენებდა საკუთარ კავშირს გარკვეული დროის განმავლობაში, მაშინ ხმელეთზე მდებარე საკონტროლო სადგური ყოველ საათში გაუგზავნიდა თვითმფრინავს შეტყობინებას იმის შესამოწმებლად, ყველაფერი რიგზე იყო, თუ არა.
MH370შეკითხვაზე ავტომატურ რეჟიმში იძლეოდა პასუხს, კოორდინატების მიუთითებლად, მაგრამ Inmarsat-ს შეეძლო შეეფასებინა თვითმფრინავის შესაძლო ადგილმდებარეობა დოპლერის ეფექტის წყალობით ( სიგნალის სიხშირის ცვლილება იმისდა მიხედვით, თუ როგორია მისი წყაროს მოძრაობის სიჩქარე).
ამ ცვლილებების მიხედვით კომპანიამ გამოთვალა და დაადგინა, რომ MH370-ს კურსი ეჭირა ავტსრალიიდან დასავლეთით, ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილისკენ, რომელიც პლანეტის უმნიშვნელოდ დასახლებულ და ცუდად შესწავლილ ვეებერთელა ტერიტორიას წარმოადგენს.
კომპანია Inmarsat-ი იტყობინებოდა კავშირის 7 სეანსის შესახებ MH370-სა და მიწისზედა სადგურს შორის. ხუთჯერ დაკავშირება ინიცირებული იყო ხმელეთიდან და ორჯერ - თვითმფრინავიდან.
ბოლო წარმატებულიდაკავშირება მოხდა 08:19 საათზე, თვითმფრინავის ფრენიდან 7,5 საათის შემდეგ. სწორედ ამ დროისათვის გამოირთო „ბოინგი“. 09:15 საათის შემდეგ ავიალაინერი აღარ პასუხობდა ხმელეთიდან გამოძახებას.
მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა 2014 წლის მარტში განაცხადა, რომ რეის MH370-ის ფრენა „შეწყდა“ ინდოეთის ოკეანის გარკვეულ ნაწილში. ავიაკომპანიამ აღიარა თვითმფრინავის ჩამოვარდნა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის „უეჭველი“ დაღუპვა.
სამძებრო ექსპედიცია.თვითმფრინავის ფრთის ფრაგმენტები
MH370-ის გაუჩინარებიდან მალევე დაიწყო სამძებრო სამუშაოები: მალაიზიამ და ჩინეთმა დაადგინეს კატასტროფის ყველაზე სავარაუდო ზონები და ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 142 მილიონი $ დახარჯეს ურთულეს ოპერაციაში, რათა რაიმე ხელჩასაჭიდი მაინც ეპოვათ.
უშედეგო გამოდგა ძებნის ოპერაციაში კომპანია Ocean Infinity-ის ჩართვა.
მალაიზიის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს კიდევ ერთ სამძებრო ოპერაციას, თუ ვინმესგან შემოთავაზებული იქნება ძებნის ან თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილის დადგენის ახალი მეთოდი.
ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ნაპირებთან გამოირიყა სხვადასხვა ფრაგმენტი, მათ შორის თვითმფრინავის ნამსხვრევს წააგავდა, დაახლოებით, 30. საბოლოოდ კი უტყუარად დადგინდა, რომ მხოლოდ ორი იყო მალაიზიის ავიახაზების რეის MH370-ის ფრთის ფრაგმენტი.
მალაიზიის მხრიდან ოფიციალური გამოძიების ხელმძღვანელი, კოკ სუნ ჩონი, ამტკიცებს, რომ მისმა ჯგუფმა შეამოწმა სოციალურ ქსელებსა და პრესაში გამოქვეყნებული 60 ვერსია და შეთქმულების თეორია, „მაგრამ გუნდმა ვერ შეძლო დაედგინა MH370-ის გაუჩინარების რეალური მიზეზი“, - ნათქვამია დასკვნაში, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა.
შეთქმულების თეორიები და ვერსიები
MH370-ის კატასტროფის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ვერსიას წარმოადგენს ხომალდის მეთაურის, ხაქარი აჰმად შაჰის, თვითმკვლელობა. პოლიციამ მფრინავის სახლის კომპიუტერში აღმოაჩინა ხელით დაპროგრამებული იმ „სამარშრუტო წერტილების“ ფაილის კვალი, რომლითაც თვითმფრინავი მიემართებოდა ინდოეთის ოკეანის სამხრეთით, ადამანის ზღვის გავლით. ეს მონაცემები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ MH370 მსგავსი მარშრუტით მიფრინავდა 2014 წლის 8 მარტსაც.
53 წლის გამოცდილი მალაიზიელი მფრინავი, აჰმად შაჰი, გამოძიების მონაცემებით, 1981 წლიდან მუშაობდა „მალაიზიის ავიახაზებში“, სადაც 1998 წლიდან „ბოინგ 777“-ის მეთაურად დააწინაურეს. ამ თვითმფრინავებზე მას, მთლიანობაში,8695 საათი ჰქონდა ნაფრენი. თავად იყო ინსტრუქტორი და უმცროსი პილოტებისგან გამოცდებსაც იბარებდა.
აჰმად შაჰს ცოლი და სამი შვილი დარჩა. მისი ოჯახი კატეგორიულად უარყოფს სუიციდის შესაძლებლობას და სინამდვილეშიც ძნელად წარმოსადგენია, რომ თვითმკვლელს ჩაფიქრებული განზრახვის სისრულეში მოყვანისათვის ჰაერში დამატებით რამდენიმე საათი გაეტარებინა.
მეორე მფრინავის, 27 წლის ფარიკ აბდულ ხამიდისთვის, საბედისწერო რეისს საწვრთნელი ხასიათი ჰქონდა. მას „ბოინგზე“ მხოლოდ 39 საათი ჰქონდა ნაფრენი და 8 მარტის რეისამდე იგი სულ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო ფრანკფურტში მდებარე მფრინავების მოსამზადებელი ცენტრიდან.
მალაიზიის ხელისუფლების ანგარიშის თანახმად,MH370-ის მფრინავების პროფესიული დონე და ფსიქოლოგიური მომზადება არავითარ ეჭვს არ აღძრავდა.
გამოძიების ავტორები აღიარებენ, რომ „ბოინგის“ მართვის მოწყობილობის გამოყენებით ვიღაცამ შეგნებული ქმედებითშეცვალა თვითმფრინავის კურსი. „არ ვფიქრობთ, რომ ეს ქმედება შეიძლებლოდა ჩაედინათ მფრინავებს“, - განაცხადა საგამოძიებო ჯგუფის უფროსმა, ოკ სუნ ჩონმა, და დასძინა, რომ არ შეიძლება „ამ მოვლენაში მესამე პირის უკანონო ზემოქმედების გამორიცხვა“. მაგრამ დანარჩენი თანამშრომლებისა და ასევე მგზავრების დაკითხვის პროცესში ეჭვი კონკრეტულად არავის მიმართ არ აღძრულა.
გატაცება ანდა გატაცების მცდელობა - მეორე პოპულარული ვერსიაა. მაგრამ პასუხისმგებლობა MH370-ის თაობაზე არც ერთ ტერორისტულ ან სხვა დაჯგუფებას არ აუღია.ნაპირზე გამორიყული ნამსხვრევები ადასტურებს, რომ ეს მცდელობა ნებისმიერ შემთხვევაში უშედეგოდ დასრულებულა. ფრაგმენტები მოწმობს, რომ სავარაუდო გატაცების შემდეგ თვითმფრინავი არ დაშვებულა ბაიკონურის კოსმოდრომზე, როგორც ამას ჟურნალისტი და მფრინავი ჯეფ ვაიზი ფიქრობს.
გამოძიებამ ასევე უარყო ვერსია, თითქოს თვითმფრინავის დაღუპვა მის ბორტზე არსებულ ტვირთს, კერძოდ, 2,5 ტონა ლითიუმის იონურ ბატარეასა და Motorolas დამტენ მოწყობილობას გამოეწვიოს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბატარეები ხარისხიანად იყო შეფუთული და არ შეეძლოთ გამოეწვიათ რაიმე პრობლემა, მით უფრო, რომ მსგავსი ტვირთი „მალაიზიის ავიახაზების“ რეისებით 2015 წლის მაის-იანვარში 99-ჯერ მაინც გადაუტანიათ.
დაღუპული თვითმფრინავის ბორტზე იყო ასევე ამერიკული კომპანია Freescale-ის კუთვნილი 6 კგ მიკროსქემები. ამ ტვირთს, რომელიც 2015 წელს ნიდერლანდურმა კომპანია NXP Semiconductor-მა შეიძინა, მიაცილებდა ამერიკული კომპანიის 20 თანამშრომელი.
შეთქმულების ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, MH370-ში,სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო Freescale-ის რამდენიმე თანამშრომელი,სავარაუდოდ,მნიშვნელოვანი პატენტის ავტორი, რომელთა დაკარგვისა თუ დაღუპვისშემდეგ პატენტი დარჩა Freescale-ს, კომპანიას, რომელსაც როტშილდები ფლობენ. ამ ვერსიას უარყოფს საიტი snopes.com-ი , რომლის თანახმად,სავარაუდო მნიშვნელოვანი პატენტის სავარაუდო ავტორები MH370-ზე მყოფ მგზავრთა სიაში არ აღმოჩნდნენ.
დაბოლოს, კიდევ ერთი ვერსია თვითმფრინავის შორეულ ქვეყანაში გატაცებაა. მისი აპოლოგეტები იშველიებენ Boeing-777-ზე არსებულ მოწყობილობას, რომელსაც გარკვეულ (მაგალითად, თვითმფრინავის გატაცების) შემთხვევაში, შეუძლია მფრინავის კაბინაში გათიშოს მართვის ნებისმიერი შესაძლებლობა და ხომალდი მიმართოს წინასწარ განსაზღვრული წერტილისკენ. მაგრამ გამოძიების მიერ ამ ვერსიის შესამოწმებლად გადაგზავნილი წერილის პასუხად კომპანია Boeing-ში განაცხადეს, რომ ასეთი მოწყობილობა სამგზავრო თვითმფრინავებზე არ დაყენებულა.
რა უნდა გაკეთდეს, რომ თვითმფრინავები არ უჩინარდებოდნენ
MH370-ის გაუჩინარებამ მრავალი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებები კვლავ დააფიქრაიმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თვითმფრინავის თვალყურის დევნება მთელი ფრენის განმავლობაში და ნებისმიერ დროს, თუნდაც ისინი მიფრინავდნენ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც რადარებზე არ ჩანს. ასეთ ტერიტორიებს კი განეკუთვნება პლანეტის ¾.
ამ ამოცანის გადაჭრა არც ისე იოლია, როგორც შეიძლება ჩანდეს. დიდწილად, ამის გადაჭრა დამოკიდებული იქნება არსებულ და პერსპექტიულ თანამგზავრულ სისტემებზე.
2016 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საზოგადოებამ (ICAO) შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია,სახელწოდებით „ავიაციის საავარიო-სამაშველო სისტემა“(GADSS), რაც ითვალისწინებს თვითმფრინავის კოორდინატების გადაცემას ყოველ 15 წუთში (ან ყოველ 1 წუთში - განსაცდელში ჩავარდნის შემთხვევაში).
მიუხედავად იმისა, რომ ICAO-ს არ შეუძლია მოითხოვოს რეკომენდაციების დანერგვა გაერთიანებაში შემავალი წევრებისგან, რამდენიმე ქვეყანამ, „ფორბსის“ თანახმად, უკვე დაიწყო GADSS-ის რეკომენდაციების ნაწილის განხორციელება.
მათ შორის არიან ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები და ასევე მალაიზია, ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთი კორეა.
ქვეყნებს მიეცათ წინადადება, რომ 2021 წლიდან მთლიანად შეესატყვისებოდნენ
GADSS-ს, მათ შორის ყველა მსხვილი სამგზავრო თვითმფრინავი ვალდებული იქნება,ყოველ ერთ წუთში მოახდინოს კოორდინატების გადაცემა განსაცდელშიჩავარდნისას.
უპასუხო შეკითხვები
„მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის, „ბოინგ- 777“-ის, უგზო-უკვლოდ გაუჩინარების მეხუთე წელს დაგროვილია უამრავი კითხვა, რომლებზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა არ ხერხდება. კერძოდ:
- კონკრეტულად სად იმყოფება რეის MH370-ის „ბოინგ- 777“ ან მისი ნამსხვრევები?
- არიან თუ არა გადარჩენილები?
- რა მოხდა ზუსტად თვითმფრინავის ბორტზე? ცდილობდნენ თუ არა მის გატაცებას?
- ვინ (ან რამ) გამორთო გადამცემები და მიმართა თვითმრინავი სამხრეთისკენ?
- რატომ ჰქონდა ხომალდის კაპიტანს თავის სახლში სიმულიატორზე დატანილი ის წერტილები, რომლებიც წააგავდაMH370-ის სავარაუდო ფინალურ მარშრუტს?
- რატომ მოიქცა ასე უცნაურად კავშირის სათანამგზავრო სისტემა?
- იყო თუ არა ვინმე აზრზე თვითმფრინავში, როდესაც ხომალდი დაუდგენელი მარშრუტით მიფრინავდა?
ოდესმე, ალბათ, მივიღებთ ამ კითხვებზე პასუხს, მაგრამ მანამდე ხუთი წლის წინ „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის, „ბოინგ- 777“-ის, უგზო-უკვლოდ გაუჩინარება ავიაციის თანაედროევე ისტორიის ამოუხსნელ მოვლენად რჩება.