რას წარმოადგენს ავღანეთში მოქმედი „ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“?

ქაბულის აეროპორტი "ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოწყობილი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. 27 აგვისტო, 2021 წ.

რა ვიცით ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფო - ხორასანზე“, რომელმაც პასუხისმგებლობა იკისრა ძლიერ აფეთქებაზე ქაბულის აეროპორტთან? აფეთქება მოხდა მაშინ, როცა იქ თალიბანის მიერ ქაბულის დაპყრობის შემდეგ ავღანეთიდან გაქცევის მოსურნე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი.

გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“ (IS-K), რომელიც საკუთრივ „ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფია და რომელმაც 26 აგვისტოს პასუხისმგებლობა იკისრა ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებებზე, წარსულშიც მდგარა ავღანელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ განხორციელებული სისხლიანი თავდასხმების უკან.

2020 წელს ისინი თავს დაესხნენ ქაბულში მდებარე სამშობიარო საავადმყოფოს, დახოცეს 16 დედა და ორსული ქალი, ორი ბავშვი და კიდევ შვიდი ადამიანი.

ჯგუფი ხშირად ესხმოდა თავს შიიტ ჰაზარათა უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებსაც ის ერეტიკოსებად მიიჩნევს.

ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ჯგუფი მსოფლიოში

„ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“ 2015 წელს შეიქმნა და აქტიურად გადაიბირა წევრები ავღანელებისა და პაკისტანელებისგან - განსაკუთრებით მათგან, ვინც ფუნდამენტალისტური თალიბანის რიგები დატოვა.

მათ სახელში სიტყვა „ხორასანი“ მიემართება სახელს ისტორიული რეგიონისა, რომელიც ამჟამად მოიცავს პაკისტანის, ირანის, ავღანეთისა და შუა აზიის ტერიტორიების ნაწილებს.

ჯგუფმა სწრაფად დაიმკვიდრა თავზეხელაღებულის რეპუტაცია და, როგორც ვარაუდობენ, რეგიონში მოქმედი სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციებისგან, მათ შორის, უზბეკეთის ისლამური მოძრაობისგანაც მიიზიდა წევრები.

ასევე ნახეთ 200-მდე გაიზარდა ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წლის იანვარში ჯგუფს მიანიჭა „უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის“ სტატუსი, ხოლო დაარსებიდან სამ წელიწადში „ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის გლობალური ტერორიზმის სიაში მსოფლიოს ოთხ ყველაზე სასტიკ ორგანიზაციას შორის ერთ-ერთი იყო.

გაერთიანება გადაურჩა აშშ-ის მიერ წლების განმავლობაში წარმოებულ სამხედრო კამპანიას, რომელიც მას იღებდა მიზანში და რომელსაც, გავრცელებული ცნობებით, ჯგუფის რამდენიმე ლიდერი ემსხვერპლა, აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად. 2017 წელს აშშ-ის არმიამ „ყველა ბომბის დედად“ წოდებული ბომბი ჩააგდო აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე გამოქვაბულების კომპლექსში, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“ იყენებდა. ეს ბომბი უდიდესია არაატომურ ბომბებს შორის.

წევრები

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, ერთ ეტაპზე ჯგუფს 3000-მდე წევრი ჰყავდა.

გაეროს მიერ ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ავღანეთის კუნარის და ნანგარჰარის პროვინციების მცირე არეალებში ჯგუფი ინარჩუნებს 1500-დან 2200-მდე მებრძოლს. გაეროს ანალიტიკოსების თანახმად, ჯგუფი იძულებული იყო, დეცენტრალიზაცია მოეხდინა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშლილიყო უჯრედებად და მცირე დაჯგუფებებად - რომლებიც ავტონომიურად მოქმედებენ, თუმცა ერთსა და იმავე იდეოლოგიას ეყრდნობიან.

გააქტიურება?

აშშ-ის ოფიციალური პირები და სხვებიც ბოლო ხანებში გამოდიოდნენ გაფრთხილებით, რომ ამ ჯგუფს, შესაძლოა, ავღანეთის დესტაბილიზაცია გამოეყენებინა თავისი პოზიციების გასაძლიერებლად. 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტზე სისხლიანი თავდასხმის წინ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ეროვნული უშიშროების საკითხებში მისი მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებდნენ, რომ „ისლამური სახელმწიფო - ხორასანისგან“ მომდინარე საფრთხე „მწვავე“ იყო.

გავრცელებული ვარაუდით, ჯგუფს ბოლო თვეებში სირთულეები შეექმნა - მათ შორის, ტერიტორიების დაკარგვის თვალსაზრისით. მაგრამ ტერორისტული ჯგუფების მკვლევრები უკვე წელიწადზე მეტია ლაპარაკობენ „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“ გააქტიურების შესახებ.

გაეროს ანგარიშის თანახმად, 2020 წლის ივნისის შემდეგ, ამბიციური ახალი ლიდერის, შაჰაბ ალ-მუჯაჰირის პირობებში, „ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“ რჩებოდა „აქტიურ და საშიშ“ ორგანიზაციად და თავისი რიგების შევსებას ცდილობდა იმედგაცრუებული თალიბანის მეომრებით და სხვა ექსტრემისტებით.

ასევე ნახეთ "ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურება და საფრთხეები საქართველოს წინაშეც

რადიკალიზაციის კვლევების საერთაშორისო ცენტრის წამყვანმა ანალიტიკოსმა, ჩარლი უინტერმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯგუფი წელს მეტ თავდასხმებს ახორციელებს, ვიდრე შარშან - და „ეს მისთვის შესაძლებელი გახდა უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების, მისი ხელმძღვანელობის ცვლილების, და სამიზნე პარამეტრების გაფართოების შედეგად“.

უინტერის თქმით, თალიბანის მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაპყრობამ „ისლამურ სახელმწიფო - ხორასანს“ გაუჩინა ახალი, თუმცა ხანმოკლე სამოქმედო ფაზა, რამაც შედეგად მოიტანა 26 აგვისტოს თავდასხმა აეროპორტზე. „როცა ქაბული თალიბანის წინაშე დაეცა, ჯგუფმა მოქმედება მთლიანად შეწყვიტა საიმისოდ, რომ ეს მომენტი დაეგეგმა“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ავღანეთსა და პაკისტანში მოქმედი ჯიჰადისტური ჯგუფების ანალიტიკოსი, შვედეთის ქალაქ ლუნდში მცხოვრები აბდულ საედი ტვიტერით წერდა, რომ 2020 წლის თებერვლიდან „ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“ იღებდა „ახლებურ ფორმას“ და უფრო საშიში ხდებოდა.

„მათ ჯერ გამოაცხადეს და დაიწყეს დაგეგმვა ხანგრძლივი ახალი ომისა თალიბანთან, რადგან აშშ-ისა და თალიბანის შეთანხმების თანახმად მოელოდნენ, რომ თალიბანი მალე დაეპატრონებოდა ქაბულს - აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ. ნანგარჰარსა და კუნარში დავინახე იმის ნიშნები, რომ ჯგუფმა ამ ახალი კამპანიისთვის წევრების გადაბირება დაიწყო“, - წერდა საედი ტვიტერით, ქაბულში აეროპორტთან მომხდარი სისხლიანი თავდასხმების შემდეგ.

მტრობა ისლამურ სახელმწიფო - ხორასანსა და თალიბანს შორის

ანალიტიკოსი ჩარლი უინტერი ვარაუდობს, რომ ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ განხორციელებული თავდასხმის მიზანი იმის დემონსტრირება იყო, რომ თალიბანს არ შეუძლია პირობის შესრულება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თავდასხმებს შეეწირა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 13 ამერიკელი სამხედრო. ამასთან, მისი ვარაუდოთ, მათ სურდათ, აშშ იძულებული გამხდარიყო მეტი ხნით დარჩენილიყო ავღანეთში.

„სტრატეგიული პერსპექტივიდან, ეს იმდენადვე მიემართებოდა თალიბანს, რამდენადაც ავღანეთის მოქალაქეებს და აშშ-ის სამხედროებს, რომლებიც დაიხოცნენ. იმ ფონზე, როცა თალიბანი ავღანეთში საკუთარი პოზიციის კონსოლიდირებას ცდილობს, ‘ისლამური სახელმწიფო - ხორასანი’ ყველანაირად შეეცდება მისთვის ძირის გამოთხრას“.

უინტერის თქმით, ასეთი თავდასხმები ხელს აძლევს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურად მოქმედ ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“.

„ამის მიზანი არ არის ავღანეთის ‘ჩამოყალიბება’ ხალიფატის ახალ ღერძად - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“ - ამბობს უინტერი და დასძენს - „მიზანია არსებობის, სიურჩის და მიზნების დემონსტრირება და სამომავლო ამბოხისთვის სივრცის შექმნა“.

თალიბანი ახლა ავღანეთის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს - მათ შეტევას მცირე სამხედრო წინააღმდეგობა შეხვდა, იმ ფონზე, როცა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო ძალებმა დააჩქარეს ქვეყნიდან გასვლის პროცესი.

ასევე ნახეთ ღვთის ამარა მიტოვებულები

27 აგვისტოს, რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“ მიერ შექმნილ საფრთხეს.

„‘ისლამური სახელმწიფო’, რომელიც ერაყსა და სირიაში არსებობდა, ავღანეთში არ არის“, - თქვა მან და დასძინა: „არის ხალხი, რომელსაც იზიდავს [ერაყის და სირიის ‘ისლამური სახელმწიფოს’] იდეა, ან საკუთარ თავს მათ მიმდევრებს უწოდებს. დარწმუნებული ვართ, ისინი რეალობას გაითავისებენ, როცა ნახავენ, რომ ავღანეთში შეიქმნა ისლამური მთავრობა, არის უსაფრთხოება, და არ არიან უცხოეთის ჯარები. და მათ ამბოხს და მოქმედებას გამართლება არ აქვს“.

ავღანეთში უსაფრთხოების შესახებ თითქმის არაფერი მიუთითებს. ვრცელდება ცნობები შურისძიების მიზნით მკვლელობებზე, გაერო და უფლებადამცველი ჯგუფები გამოდიან გაფრთხილებით სავარაუდო ომის დანაშაულების და სხვა სისასტიკის შესახებ, თალიბანის მიერ ტერიტორიის დაპყრობისას - განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სამაგიერო მიეზღვება აეროპორტის თავდასხმების გამო. 26 აგვისტოს წარმოთქმულ სიტყვაში ბაიდენმა თქვა, რომ აშშ-ის არმიის მესვეურებს დაევალათ შეიმუშავონ საოპერაციო გეგმა, „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“ ქონების, ლიდერების და ობიექტების მიზანში ამოსაღებად.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორის და ობამას ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრის, ლეონ პანეტას აზრით, ბაიდენის პირობა ნიშნავს, რომ „ჩვენ [ავღანეთში] უნდა დავბრუნდეთ, ‘ისლამურ სახელმწიფოსთან’ გასამკლავებლად“.