პანდემიის დასასრული გადაიდო - ვიცით როდემდე?

უკვე თითქმის ორი წელი გავიდა, რაც მსოფლიოში პანდემიას დასასრული არ უჩანს. პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა, ოპტიმისტურად ნათქვამი „აი, ეს ყველაფერი რომ დამთავრდება” სულ უფრო და უფრო იშვიათად ისმის. პანდემია თითქოს დასრულებას არ აპირებს და ვირუსი მუდმივად ვითარდება, რომ სიცოცხლე გაიხანგრძლივოს. როდემდე უნდა შემოვდოთ თაროზე ჩვენი გეგმები და პანდემიის დასრულების რა ვერსიებს განიხილავენ მეცნიერები?


პანდემიის დინამიკა აქამდე

2020 წლის 11 თებერვალს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სახელი დაარქვა ვირუსს, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა და პირველად იტალიასა და ირანს მოედო. COVID-19 შემოკლებულად „კორონავირუსის დაავადება 2019“-ს ნიშნავს. ამ დროს რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ ვირუსი მსოფლიო მასშტაბებს მიაღწევდა, მაგრამ სწრაფი გადადების წყალობით, აპრილის დასაწყისში 100-ზე მეტ ქვეყანაში კოვიდით უკვე მილიონი ადამიანი იყო ავად, გარდაცვალების შემთხვევებმა 50 000-ს გადააჭარბა, აპრილის ბოლოს - 200 000-ს. ვირუსი ძალას იკრებდა.

2020 წლის ივნის-ივლისში მსოფლიო „პირველი ტალღის“ პიკში შევიდა. ყველაზე ძლიერი დარტყმა აშშ-მა, ესპანეთმა, ბრაზილიამ მიიღეს, თუმცა კოვიდმა სხვა ქვეყნებშიც მოასწრო ცხოვრების მნიშვნელოვნად შეცვლა. საქართველოში კი, დაავადებამ მატება ზაფხულის მერე, 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ნოემბრიდან დეკემბრამდე პანდემიამ ახალი რეკორდი დაამყარა - დაავადდა 5 მილიონ ადამიანზე მეტი. 2021 წლის დასაწყისში მსოფლიომ პირველად ფართოდ გაიცნო შტამის ცნება - ე.წ. ბრიტანული შტამი, ანუ ვირუსის ალფა შტამი. ბრიტანეთმა მასობრივად აცრა „ფაიზერით“ დაიწყო, აშშ-მა „მოდერნას” ვაქცინა გამოიყენა. 29 იანვარს ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო „ასტრაზენეკამ“. შეიქმნა საერთაშორისო პლატფორმა კოვაქსი, რომლის ამოცანაც იყო დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნების დეფიციტური ვაქცინებით მომარაგება.


2021 წლის ზამთრის აცრების ფონზე პანდემია თითქოს ჩაცხრა. მაისში ავტორიზაცია მიიღო „სინოფრამმა”, რომლითაც უმეტესად, აზიის ქვეყნები აიცრნენ. მაისში დაიწყო საუბარი ტურიზმის აღდგენაზე. ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით შენგენის ზონაში შესვლის შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო იმ პირობით, რომ შემომსვლელი სრულად აცრილი იქნებოდა ევროპის წამლის სააგენტოს დამტკიცებული ვაქცინით.

მსოფლიომ ამოისუნთქა, მხოლოდ ერთი თვით, მანამ, სანამ ამ წლის ივლისში დელტა შტამი არ გავრცელდა. SARS-CoV-2 Delta ვარიანტი, სულ ცოტა, ორჯერ უფრო გადამდებია და ბევრი ქვეყნის ვაქცინაციის ტემპს წინ უსწრებს. ვირუსის ეს ვარიანტი ამჟამად ყველაზე გავრცელებულია. ახლა რთულია იმის თქმა, რამდენი პროცენტით იცავს ვაქცინა დაინფიცირებისგან, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ აცრილები „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაშიც კი ნაკლებად ხვდებიან საავადმყოფოებში და იშვიათი გამონაკლისების გარდა, დაცულნი არიან კოვიდით სიკვდილისგან.

„დელტას“ აფეთქებამ პანდემიის „დასრულების” პირობითი თარიღი, რომლის დასახვასაც ორი წელია ვცდილობთ, კიდევ უფრო გადაწია. რა პროგნოზები აქვთ მეცნიერებს, როდის დასრულდება პანდემია და როგორ?

როგორ დასრულდება პანდემია

კოვიდის მთლიანად ამოძირკვის შანსი თითქმის არარეალურია - ბოლომდე გამქრალი ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ ორი დაავადებაა, ყვავილი და საქონლის ჭირი; ორივე მათგანი ვაქცინაციის წყალობით გადაშენდა, მაგრამ ვაქცინის არასაკმარისად ხელმისაწვდომობისა და ანტივაქსერული მოძრაობების გამო, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნელა მიმდინარეობს. ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აიცრება.

დაავადებების უმეტესობა, რომლებმაც ოდესღაც პანდემია გამოიწვიეს და უამრავი სიცოცხლე შეიწირეს, ახლა უმნიშვნელო, ანუ ენდემურ დონემდე დავიდა. მაგალითად, ასე მოხდა გრიპის შემთხვევაში: 1918 წელს გრიპი, დიდი ალბათობით, სასიკვდილო განაჩენი იყო - მაშინდელმა ვარიანტმა 50 მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. დღეს გავრცელებული გრიპის სეზონური ვირუსები 1918 წლის “შთამომავლებია”, რომელიც გაცილებით უფრო სუსტია. პანდემიის დაწყებიდანვე არსებობდა მოსაზრება, რომ მსგავსი ბედი ელის კორონავირუსსაც, და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი მის მოგერიებას ისწავლის. პანდემიის ამ გზით დამთავრებას 2020 წელს რამდენიმე ქვეყანა ფიქრობდა - მაგალითად შვედეთი. ჩანაფიქრის მიხედვით, რისკ-ჯგუფები სახლში დარჩებოდნენ, დანარჩენები კი შემსუბუქებული შეზღუდვების პირობებში დაავადებას გადაიტანდნენ და მოსახლეობის დიდი ნაწილი იმუნიტეტს შეიძენდა. სამწუხაროდ, ამ გეგმას ორი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს - კოვიდით სიკვდილიანობა საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ სამედიცინო სექტორი გადატვირთოს; გარდა ამისა, ჩნდება ახალი შტამები და კოვიდგადატანილი ადამიანი შესაძლოა, ისევ დაავადდეს.

ასევე ნახეთ რა ვიცით (და რა არ ვიცით) „დელტა ვარიანტის“ შესახებ


ახლა მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ზაფხულში გამოჩენილი დელტა ვარიანტი უკვე ვაქცინირებულ ადამიანებსაც გადააქვთ. თავდაპირველ შტამთან შედარებით, რომელიც ავადმყოფისგან, საშუალოდ, 2-3 ადამიანს გადაედებოდა, დელტა შტამი დაახლოებით 5-9 ადამიანს აინფიცირებს. ეს მნიშვნელოვნად ანელებს ჯოგური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ამიტომ პანდემიის „დასრულებისგან” შორს ვართ.

აბა, რატომ ვიცრებით?

იმიტომ, რომ კოვიდით არ მოვკვდეთ. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრა, სიკვდილიანობა შემცირდა. ამის კარგი მაგალითი ისრაელია, სადაც მოსახლეობის 78% საკმაოდ ადრე, ამ წლის იანვარში აიცრა. მაისში ისრაელში კოვიდი თითქმის აღარ იყო, დელტა შტამის გამოჩენის შემდეგ კი შემთხვევებმა ისევ იმატა - ახლა ისრაელში 62 163 აქტიური შემთხვევაა, მაგრამ დაბალია სიკვდილიანობა. მაგალითად, 20 ივნისის მონაცემებით, ისრაელში 2239 ახალი შემთხვევა და 7 სიკვდილი დაფიქსირდა. შედარებისთვის, დღეს, 19 აგვისტოს, საქართველოში, 4743 ახალი შემთხვევა და 59 გარდაცვალებაა. ვაქცინის გარეშე კოვიდით უამრავი ადამიანი გარდაიცვლება, და თუ ვაქცინაცია გავრცელებას არ აჩერებს, ის აჩერებს სიკვდილს.

Your browser doesn’t support HTML5

რატომ ავადდებიან აცრილები?

და როდის დამთავრდება, ბოლოს და ბოლოს?

„ამ კითხვას ხშირად მისვამენ და ჩემი პასუხია: როცა მსოფლიო გადაწყვეტს, რომ დაასრულოს. ეს ჩვენს ხელშია. გვაქვს ამისთვის საჭირო ხელსაწყოები: შეგვიძლია დაავადების პრევენცია, ტესტირება და მკურნალობა“, - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარე ტედროს ღებრეიესუსმა ბოლო კონფერენციაზე.


მაინც რას ნიშნავს ეს „მსოფლიო გადაწყვეტილება”? ჯანმოს ხელმძღვანელი კოლექტიურ ჩართულობას ითხოვს - ვაქცინების თანაბარ განაწილებას, ხშირ ტესტირებას, უსაფრთხოების ზომების დაცვას და ინტენსიურ მკურნალობას მათთვის, ვინც ყველაზე ცუდადაა. რაც უფრო მეტი ადამიანი, თუნდაც ვაქცინირებული, ატარებს პირბადეს და შეინარჩუნებს სოციალურ დისტანციას, დროულად ჩაიტარებს ტესტირებას, მით უფრო ნაკლებად გავრცელდება ვირუსი, ვაქცინაცია კი წამოეწევა გავრცელების ტემპს.

ასევე ნახეთ „ანტივაქსერი არ ვარ, მაგრამ...” - როგორ დასძლიეს აცრის შიში 


მაგრამ მსოფლიო ამ მოთხოვნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ბოლო მონაცემებით, ქვეყნების ნახევარში მხოლოდ 10% არის სრულიად ვაქცინირებული, მეოთხედზე ნაკლებმა ქვეყანამ 40% აცრა, 70% კი მხოლოდ სამ ქვეყანაში ფიქსირდება. ამასობაში, აცრილი და აუცრელი ადამიანები არღვევენ უსაფრთხოების წესებს და ვირუსი ვრცელდება - უკანასკნელი კვირის განმავლობაში შემთხვევების მსოფლიო მატება 2.48%-ია. ვაქცინა მუშაობს, მაგრამ საკმარისი არ არის, ამიტომ ყველა ძველი წესი ძალაში რჩება.

ასევე ნახეთ რამდენად შორია აცრამდე მისასვლელი გზა

ადამიანის ორგანიზმი ნელ-ნელა სწავლობს ვირუსთან ბრძოლას. აცრა და კოვიდის გადატანა ამაში ეხმარება - ყოველი შემდეგი დაინფიცირებისთვის იმუნური სისტემა უფრო შემზადებულია, ვიდრე წინა დაავადების დროს. მომავალში დადგება მომენტი, როცა SARS-CoV-2 ვირუსი მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს გამოიწვევს. უბრალოდ, ამჟამად შეუძლებელია, ზუსტად ვთქვათ, როდის დადგება ეს დრო, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ ხანს ინარჩუნებს ადამიანი იმუნიტეტს პირველი აცრის ან კოვიდის მოხდის შემდეგ. პანდემიის საბოლოო თარიღის მოლოდინს, აჯობებს, მასთან ცხოვრება ჩვევად ვაქციოთ.