Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეანიმაციაში სრულად ვაქცინირებულთა მხოლოდ 0,3% მოხვდა - თამარ გაბუნია


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 5-თვიანი ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან მხოლოდ ერთეულები მოხვდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში. რაც, მისი სიტყვებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობას მოწმობს.

„ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე ინფიცირებულების და მათ შორის აცრილი პირების ინფიცირების მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული, საავადმყოფოებში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას - რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3500-მა პირმა, მათ შორის ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3 %. ანუ რეანიმაციაში მოხვდა ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან საუბარში.

საქართველოში არ დაფიქსირებულა ორჯერად ვაქცინირებულებს შორის COVID-19-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი, რაც თითქმის ორწლიანი ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან კოვიდ-ინფექციამ უკვე 770 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 468 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4921 შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ბოლო დღე-ღამეში 4471-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

19 აგვისტოს დილის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსის 57 704 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 7133;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3555.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 19 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 9.95%;
  • ბოლო 7 დღის - 11.01%;
  • ბოლო 14 დღის - 10.78%.

გასული დღის განმავლობაში, 18 აგვისტოს აიცრა 26 363 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 883 570 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 258 303.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 501 297 შემთხვევა. მათგან 436 977 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6590 ადამიანი.

XS
SM
MD
LG