რატომ არ იცრებიან ანტივაქსერები? - ისინი, ვინც თავს ანტივაქსერებად არ თვლიან, მაგრამ აცრაზე ყოყმანობენ, სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ - ინფორმაციის ნაკლებობა, ფეისბუკში წაკითხული უარყოფითი კომენტარების გავლენა და „სანდო” ვაქცინის ლოდინი. შესაძლოა, აუცრელობის სტატისტიკას დიდწილად სწორედ ეს ადამიანები ქმნიან, ვინც ვაქცინაციას აგრესიულად არ უპირისპირდებიან, მაგრამ აცრასაც არ ჩქარობენ.
11 აგვისტოს დილაა და სოფო „ფაიზერით” პირველი დოზით აცრაზე მივიდა; მეც გავყევი. კლინიკაში ტესტის მომლოდინე უამრავი ადამიანი დაგხვდა, აი, აცრისა კი - ძალიან ცოტა. სოფო ღელავდა, მთხოვა, ბევრი ფოტო გადამიღეო.
„ძალიან მიხარია, რომ მოვიშორებ ამ შიშს. ვუფრთხილდები ჯანმრთელობას, მიყვარს სიცოცხლე, მოვუწოდებ ყველას, რომ იგივე გააკეთონ“.
არადა, სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ ჯერ კიდევ თავად ყოყმანობდა.
„ცუდად არ გამიგო, მაგრამ ეჭვის მომენტი მქონდა, „აი, რა ვიცი რა არის“ ამბავი იყო“, - მითხრა სოფომ ერთი კვირის წინ, როცა პირველად შევხვდი. თან ვსაუბრობდით, თან მის უბანში ვსეირნობდით - „ჰა, რა ქენი აბა აცრაზე?“ - ეკითხებოდა გზად შეხვედრილ მეზობლებს, და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში აზუსტებინებდა, რატომ არ აცრილან. საკუთარ, დიდხნიან აუცრელობას გარემოცვითა და სოციალური ქსელების გავლენით ხსნიდა:
„ხო იცი, რომ შედიხარ [ფეისბუკზე], ათასი ინფორმაცია დევს, „ანტიც“ და მომხრეც და ასე გამოგაქვს აზრი - რა ვიცით რა არის, რა ვიცით როგორ პრობლემებს გამოიწვევს? უშვილობაც გექნება - ასეთ რამეებს ვკითხულობდი. გინდა, არ გინდა, მაინც გღრღნის ცუდად. ახლა ვხვდები, რომ ჭეშმარიტ ინფორმაციას, რომელსაც [ჯანდაცვის სამინისტროდან] გვაწვდიდნენ ამდენი ხანი, კარგად ვერ ვიგებდით. გარშემო ნათესავ ექიმებს რომ ვკითხე, აი, მანდ მითხრეს - აქამდე რატომ არ აიცერი?!“
სოფოსთვის გადამწყვეტი ახლობელი ექიმების მითითება აღმოჩნდა. სანამ მათ პირდაპირ არ უთხრეს, რომ უნდა აცრილიყო, ყოყმანობდა და დიდად არც ჩასძიებია ამ საკითხს. როგორც ამბობს, ასე მის გარშემო ბევრ ადამიანს დაემართა და უმეტესობამ ახლა შეიცვალა აზრი, როცა კოვიდით დაავადებულთა სტატისტიკა გაიზარდა.
აზრი კი შეიცვალა, მაგრამ მაშინვე არ დამჯდარა და აცრის ჯავშნის ბმული არ უძებნია. „ალბათ მარტივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, არ მოვინდომე”. უბრალოდ გაკვრით, მეგობართან საუბარში თქვა, რომ აიცრებოდა, და მან დააკავშირა მოხალისესთან, რომელმაც პორტალზე დაარეგისტრირა. რომ არა ეს შემთხვევითობა, შეიძლება სოფო კიდევ დიდხანს არ აცრილიყო.
სახელმწიფოს აცრის მხარდასაჭერი კამპანია, ფაქტობრივად, არ უწარმოებია, თუმცა ახლა აცრისკენ მოწოდება ისედაც ყველა მხრიდან ისმის - თითქმის ყველას ჰყავს სანაცნობოში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც აიცრა და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს. ამასთანავე, გაიზარდა რისკები, საქართველოში კოვიდით სიკვდილიანობა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა - ყოველდღიურად 50-მდე ადამიანი იღუპება. მაშინ რატომ ჯიუტობენ აცრის მოწინააღმდეგეები და რა ფაქტორები უწყობს ხელს მათ აუცრელობას?
რატომ არ იცრებით?
რატომ არ იცრებით? - ვკითხე ლელა ელბაქიძეს. ლელა სწორედ ის მოხალისეა, ვინც სოფოს და კიდევ რამდენიმე ადამიანს რეგისტრაციაში დაეხმარა, ვინც ფეისბუკზე ყოველდღე აქტიურობს აცრის მხარდასაჭერად - და თვითონ, ჯერაც არ არის აცრილი.
„შიშის ფაქტორით არ მინდა გაკეთდეს რამე, უნდა გაკეთდეს თითოეული ადამიანის ნებით. მე რაღაცა მაკლია. შიში მინდა, რომ ჩავიხსნა. ბოლომდე ვერ ვწვდები წამლის შინაარსს, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს. მინდა, რომ საკუთარი თავი დავარწმუნო, ფსიქოლოგიური მომენტი მაქვს, რომ მოვამზადო ჩემი თავი“.
ლელა სოციალურად დაუცველი, სამი შვილის მარტოხელა დედაა და აცრის შესახებ პირველად საქველმოქმედო ჯგუფ „ზამთრის მარაგის” წევრებისგან გაიგო. ეს ჯგუფი, რომელიც წინა ზამთრიდან მოყოლებული, სოციალურად დაუცველ ადამიანებს მატერიალურად ეხმარება, ახლა USAID-ის დაფინანსებით აცრაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიას აწარმოებს - სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები ვებინარებს ატარებენ და ცდილობენ, აცრასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გასცენ პასუხი.
ლელას არცერთი ვებინარი არ გამოუტოვებია, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. თავს „ანტივაქსერად” არ თვლის, მაგრამ ფიქრობს რომ აცრისკენ დაჟინებული მოწოდება ისეთივე ძალადობაა, როგორც სოციალურ ქსელებში აცრებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება.
„ჩემზე სოციალურმა ქსელებმა ძალიან უარყოფითად იმოქმედა. მოწოდება იმისკენ, რომ ისევ ძალდატანებით შევიცვლი აზრს, ყოვლად დაუშვებელია, აცრისა თუ არააცრის. ძალიან გამაღიზიანებელია იმ ექიმების მოსმენა, ვინც პირდაპირ აცრისკენ მოუწოდებს. მუქარა მოდის თითქოს - აი, არ აიცრები და ეს მოხდება, რაც ცუდი, არაადამიანური მიდგომაა. არ ზრუნავს იმაზე, რომ ჩემნაირმა ადამიანებმა დადებითად შეხედონ ვაქცინაციას“.
ლელა ამბობს, რომ ახლა სახელმწიფოც პირდაპირ აცრისკენ მოწოდებაზე გადავიდა ისე, რომ საკმარისი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. „ზამთრის მარაგის” ჯგუფი მისთვის ერთადერთი წყაროა, სადაც შეუძლია ექიმებს გამოჰკითხოს მისთვის საინტერესო დეტალები. უკვე საკმარისად გაერკვა, რომ სხვებს დაეხმაროს რეგისტრაციაში, მაგრამ საკუთარ თავს ჯერჯერობით ვერ აჯობა - აცრაც და აუცრელობაც ერთნაირად აშინებს.
„ზოგჯერ ვფიქრობ, მოდი-მეთქი, წავიდე და დავისვენო, მოვიცილო ეს სტრესი. მაგრამ ისევ და ისევ შიშია“.
ბაჩანა გვიმრაძე ერთი კვირის წინ, „ფაიზერის“ პირველი დოზით მას მერე აიცრა, რაც ლელამ დაარეგისტრირა. ამბობს რომ ვაქცინაცია სულ უნდოდა, რაც პანდემია დაიწყო, დიდხნიანი აუცრელობისთვის რამდენიმე მიზეზს ასახელებს - ჯერ ჩინურ ვაქცინას არ ენდობოდა, რადგან სხეულში ვირუსის შეყვანის მეთოდზეა დაფუძნებული, „ფაიზერი“ კი „გერმანული და სანდოა“; ჩინურ ვაქცინას ევროპის ბევრი ქვეყანა არ აღიარებს, ბაჩანას კი ემიგრაციაში სურს წასვლა; ცუდად იმოქმედა მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამაც. საბოლოოდ კი, ბაჩანა ამბობს - ლელას რომ არ დაერეკა, შეიძლება არ აცრილიყო.
„ერთი ათი წუთი ვიფიქრე და კარგი-მეთქი, დამარეგისტრირე-თქო. მერე შეიძლება სავალდებულო გახდეს და თან ეს ვაქცინა აღარ იყოს, რომელიც მე მინდა, და ასე გადავწყვიტე. მეგონა, რომ არ იყო ადგილები - ტელევიზორში აცხადებდნენ, რომ გადავსებულია, და ამიტომ არც მიცდია“.
გარშემომყოფების აუცრელობაში ბაჩანა სახელმწიფოსაც ადანაშაულებს და ეკლესიასაც:
„ეკლესიამ დაიკავა ის ადგილი, სადაც სახელმწიფოს უნდა ელაპარაკა. სხვადასხვა სივრცეა არადა. ადამიანები ვაქცინაციის შიშს მღვდლების სიტყვებით ამართლებენ. ნახალოვკაში ერთ-ერთ ეკლესიაში ყველა ანტივაქსერია და ჩემი მეგობარიც იქ დადის. იქ მამაო ჩიპირებაზე საუბრობს და ამანაც დაიჯერა, რომ ბილ გეითსი გააკონტროლებს. ეკლესიაზე ვარ ძალიან გაბრაზებული, სიცოცხლის გადარჩენის მაგივრად საპირისპიროდ იქცევიან“.
ანტივაქსერული შიშის საფუძვლები
ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც არ იცრებიან, ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან, რომელსაც მარტივად ავსებს ნეგატიური, ყალბი ინფორმაცია - ასე თვლის ქეთი ომიაძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი და ერთ-ერთი სპეციალისტი, ვინც „ზამთრის მარაგის“ პროექტშია ჩართული და ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
„ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ნეგატიური ამბების გაზიარება მისთვის უფრო სასიამოვნო და საინტერესოა. რეალურად, ამ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ თავიანთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები“.
ქეთი ამბობს, რომ მის ვებინარებზე დასწრებულ ადამიანებს მუდმივად ერთი და იგივე საკითხები აღელვებთ - ვაქცინის გვერდითი ეფექტები, სხვადასხვა ტიპის ვაქცინის სანდოობა და უკუჩვენებები. მისი გამოცდილებით, კითხვებზე დეტალური და ამომწურავი პასუხების მიღების შემდეგ ადამიანი ვაქცინაციის გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა არის გამონაკლისებიც - როგორიც ლელა ელბაქიძეა.
„არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ფსიქოლოგიური შიშის გადალახვა ძალიან რთულია. ჩემთვის ნაცნობია ეს მდგომარეობა, ჩემს კოლეგებშიც კი არის გავრცელებული. ადამიანს შეიძლება გააზრებული ჰქონდეს ვაქცინის მნიშვნელობა, დაავადების სიმძიმე, მაგრამ ძალიან უჭირდეს გადაწყვეტილების მიღება და შიშს ვერ ერეოდეს. ასეთ ადამიანებს შეიძლება აცრაზე გავყვეთ და გავამხნეოთ. სჭირდებათ მიხმარება და ვფიქრობ, შესაძლებელია ეს მდგომარეობა გადავალახვინოთ“.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითებს ადამიანის უშუალო გარემოცვიდან.
„მაგალითად, მრევლისთვის, მისი მოძღვრის მიერ ნათქვამი გარკვეული მითითება. თუმცა არ შეიძლება ვაქცინა განსჯის საგანი გახდეს არაპროფესიონალ ადამიანებში“, - ამბობს ქეთი ომიაძე.
საუკეთესო გამოსავალი, მისი გამოცდილებით, მოყოყმანე ადამიანების მხარდაჭერა და პირადი გამოცდილების გაზიარებაა - „დამამშვიდებელია ადამიანისთვის, როცა ვიღაცა უზიარებს იმავე მდგომარეობას და ასე ნაკლები პრობლემითა და ნერვიულობით გადააქვთ აცრის შემდეგი პერიოდი“.
თუ ადამიანი აცრაზე ორჭოფობს, მიზეზები არ გამოელევა, სანამ უშუალო გარემოცვიდან არ მიიღებს ბიძგს - ნაცნობი ექიმისგან, მეზობლისგან ან უბრალოდ ადამიანისგან, რომელიც დროს დაუთმობს კითხვებზე პასუხის გაცემას. ისინი, ვინც გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, უმეტეს შემთხვევაში აცრის გულმხურვალე მხარდამჭერები უკვე პირველი დოზის შემდეგ ხდებიან - „მშვენივრად ვარ, ახლა ჩემს ოჯახზე ვაპირებ მუშაობას“, - ამბობს სოფო ჭალიძე.