თამარ გაბუნია: "ფაიზერით" ვაქცინაცია ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს

ისრაელში "ფაიზერის" ვაქცინით იცრება ორსული ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია უკიდურესად საგანგაშოს უწოდებს ბოლო ხანს, კოვიდინფექციით ორსულების გარდაცვალების ფაქტებს.

გაბუნიას ინფორმაციით, დღეს დილით იყო შეხვედრა მეან-გინეკოლოგთა ასოციაციების წარმომადგენლებთან, რათა გაძლიერდეს ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებები, მათ შორის - ტესტირება.

„ორსული თუ სადმე მივა, ნებისმიერი მიზეზით სამედიცინო გამოკვლევაზე, მნიშვნელობა არ აქვს, მას სიმპტომი აქვს თუ არა, კოვიდტესტირება უნდა შესთავაზონ“, - უთხრა მედიას თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანახმად, მიმდინარეობს მუშაობა ცალკე ონლაინკლინიკის შექმნაზე, სადაც ბინაზე მყოფ ინფიცირებულ ორსულებს კონსულტაციებს გაუწევენ მეან-გინეკოლოგები.

ასევე ნახეთ ექიმის განმარტებით, COVID 19-ით გარდაცვლილ 7 თვის ორსულს დელტა შტამი ჰქონდა

რაც შეეხება ორსულების აცრას, თამარ გაბუნიას თქმით, ამ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ დღეს უკვე ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ ორსულებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა სრულიად უსაფრთხოა. გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს და რაც უფრო სწრაფად გააკეთებენ ამას, უკეთესია.

ასევე ნახეთ პაატა იმნაძის ორსული შვილი Pfizer-ით აიცრა

საქართველოში ივლისიდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. ეპიდემიის მეოთხე და ჯერჯერობით ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში დაავადებულთა სულ მცირე 90%-ს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 59 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. 24 საათში ჩატარებული 46 389 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4743 შემთხვევა.

20 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გაკეთებულია 907 665 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 266 962. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს, შედარებით მოიმატა აცრის მსურველთა რაოდენობამ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ისევ საკმაოდ დაბალია.

საქართველოში აცრა შესაძლებელია "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებით.