ვინ არის მოლა ბარადარი - ყველაზე ცნობილი თალიბი?

მოლა აბდულ ღანი ბარადარი. დოჰა, 2021 წ. 18 ივლისი.

აბდულ ღანი ბარადარი, რომელსაც მოლა ბარადარს უწოდებენ, თალიბანის ერთ-ერთი დამაარსებელი და გასამხედროებული ისლამისტური დაჯგუფების ყველაზე მაღალი რანგის ლიდერია. როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მიერ ავღანეთზე კონტროლის დაწესების შემდეგ სწორედ მის ხელში იქნება ქვეყნის მართვის მთავარი სადავეები.

ბარადარი - თალიბანის ყველაზე უფრო საჯარო სახე - ხელმძღვანელობდა თალიბების ჯგუფს, რომელმაც 2020 წლის თებერვალში აშშ-სთან ხელი მოაწერა საკვანძო მნიშვნელობის შეთანხმებას ავღანეთში 20-წლიანი ომის დასრულების თაობაზე.

1968 წელს პროვინცია ურუზგანში დაბადებული ბარადარი არის პუშტუნი ტომების გაერთიანება დურანის წარმომადგენელი, პოპალზაის ტომიდან. მას ერთ პერიოდში თალიბანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ბარადარი პაკისტანში გაიქცა, როცა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-მა ავღანეთში ჯარები შეიყვანა და დაამხო თალიბანის რეჟიმი.

მოლა ბარადარი (ცენტრში) ვიდეომიმართვის ჩაწერისას. 2021 წ. 16 აგვისტო (ფოტოს გადაღების ადგილი უცნობია).

ბარადარმა რვა წელი გაატარა პაკისტანის ციხეში. გავრცელებული ინფორმაციით, ის კარაჩიში დააპატიმრეს 2010 წელს, აშშ-ისა და პაკისტანის უშიშროების სამსახურების აგენტების ერთობლივი ოპერაციის შედეგად. მოგვიანებით ის ავღანეთის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლის, ზალმაი ხალილზადის თხოვნით გაათავისუფლეს, რათა მონაწილეობა მიეღო სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ამერიკელები ანგარიშს უწევდნენ მის ავტორიტეტს და მის, როგორც გამოცდილი მომრიგებლის, რეპუტაციას.

მაგრამ თუკი 2020 წელს აშშ-სთან შეთანხმებამ დაასრულა ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი, ამავე დროს მან გზა გაუხსნა ქაბულში თალიბანის ტრიუმფით დაბრუნებას 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა დაჯგუფებამ ქვეყნის უდიდესი ნაწილი დაიკავა ერთკვირიან მონაკვეთში, ავღანეთის სამთავრობო ჯარები კი დადნა.

ასევე ნახეთ ვინ არიან თალიბები და როგორ მოქმედებენ ისინი?

ბარადარს, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციით, 15 აგვისტოს ოცი წლის განმავლობაში პირველად გაემგზავრა ქაბულში, წამყვანი როლის თამაში შეუძლია ავღანეთის მომავალ ხელისუფლებაში.

როგორც თალიბანის პრესსპიკერმა და მოლაპარაკებების მონაწილემ, სუჰაილ შაჰინმა უთხრა 16 აგვისტოს Associated Press-ს, გასამხედროებული დაჯგუფება უახლოეს დღეებში გამართავს მოლაპარაკებებს, რათა ჩამოყალიბდეს „ღია, ინკლუზიური ისლამური მთავრობა“.

ბარადარი, რომელიც თალიბანის პოლიტიკურ ბიუროს ხელმძღვანელობდა, დიდი გავლენის მქონე პირია, რომელსაც თალიბანში პატივს სცემენ როგორც სამხედრო, ისე მოლაპარაკებების წარმოების უნარებისთვის.

15 აგვისტოს გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში ბარადარმა განაცხადა, რომ თალიბანის გამარჯვება მოულოდნელად იოლი აღმოჩნდა და დასძინა, რომ ნამდვილი გამოცდა ახლა იწყება, ხალხის მსახურების და მათი პრობლემების მოგვარებისას.

ჟურნალისტი სამი იუსაფზაი მრავალი წლის განმავლობაში აშუქებდა თალიბანთან დაკავშირებულ მოვლენებს და შეხვედრია ბარადარს.

„ბარადარი ძალიან მშვიდი ადამიანია, მე მას სამჯერ თუ ოთხჯერ შევხვდი. ძალიან დიპლომატიურია, მხოლოდ საქმის არსზე ლაპარაკობს. დაპატიმრებამდეც ცნობილი იყო როგორც ადამიანი, რომელიც [თალიბანისთვის] უსიტყვოდ ასრულებდა საქმეს, რომელიც ფიქრთანაა დაკავშირებული. თალიბანში მას დიდ პატივს სცემენ“, - უთხრა იუსაფზაიმ რადიო თავისუფლებას.

„მე ვფიქრობ, მას აქვს იმის ამბიციები, რომ ლიდერი გახდეს და ის არის ერთადერთი ადამიანი, ვინც წარმატებით მოახერხა ამერიკელებთან გარიგება“, დასძინა მან. „როგორც თალიბებისგან მსმენია, მას ასევე სურს, მაღალი რანგის როლი ითამაშოს მომავალში“.

ასევე ნახეთ თალიბანის მიერ ავღანეთის საკვანძო ქალაქების დაკავება გარდატეხის მომასწავებელია

ბარადარი თალიბანის ხელმძღვანელობაში რიგით მეორე პირი იყო მას შემდეგ, რაც დაჯგუფების დამაარსებელი მოლა ომარი გარდაიცვალა 2013 წელს. სხვადასხვა ცნობის თანახმად, ბარადარი წლების განმავლობაში მუშაობდა ჩრდილში, ქმნიდა თალიბანის მოქმედებების სტრატეგიას და ნიშნავდა დაჯგუფების სამხედრო მეთაურებს.

როგორც იტყობინებიან, პაკისტანში პატიმრობის დროს მან შეერთებულ შტატებს „სასარგებლო“ ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს თალიბანის შიდა წრე.

სხვათა შორის, ბარადარი იმავე ტომიდანაა, რომელსაც განეკუთვნება ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი. კარზაი ამჟამად ქაბულში დარჩა და განაცხადა, რომ თალიბანის ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობს ავღანეთის საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე.

ბარადარს, რომელიც 1980-იან წლებში საბჭოთა არმიის წინააღმდეგ იბრძოდა, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა 1996-2001 წლებში, თალიბანის სასტიკი რეჟიმის პერიოდში, როცა ქალებს ჩამოერთვათ ძირითადი უფლებები, მათ შორის, სწავლისა და მუშაობის უფლება, და შეეზღუდათ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში ისლამისტური დაჯგუფება ცდილობს, უფრო ზომიერი იმიჯი შეიქმნას, მაგრამ ბევრნი კვლავაც ეჭვით უყურებენ მათ. მათ შორის ის ათასობით ავღანელი, ვინც თალიბანის ხელში გადასული ტერიტორიებიდან გაქცევით შველოდა თავს.

2009 წელს Newsweek-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბარადარმა თქვა, რომ თალიბანი მანამდე აპირებს ბრძოლას, სანამ ავღანეთიდან არ განდევნის აშშ-ის ჯარებს.

„ავღანეთის ისტორია ცხადყოფს, რომ ავღანელები არასოდეს წყვეტენ ბრძოლას, სანამ საკუთარ ქვეყანას არ გაათავისუფლებენ. ჩვენს ჯიჰადს მანამდე გავაგრძელებთ, სანამ მტერს ჩვენი ქვეყნიდან არ გავაძევებთ“, თქვა მან.

2020 წლის მარტში აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა თალიბანის პოლიტიკურ ლიდერს და ამ საუბარს „ძალიან კარგი“ უწოდა“.

ნოემბერში ბარადარი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა დოჰაში.

უკანასკნელ დღეებში ის ასევე მონაწილეობდა წარუმატებელ მოლაპარაკებებში ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან, რომელიც 15 აგვისტოს გაიქცა ქვეყნიდან.