უკანონო მოსმენა და თვალთვალი ისევ განხილვის თემაა - ამზადებს თუ არა სუს-ი ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილისთვის?

1 აგვისტოს „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა, მისი თქმით, სუს-ის მიერ მომზადებული პირადი ცხოვრების და პროფესიული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის აგროვებდა.

ჩანაწერების უმეტესობა სავარაუდოდ 2020 წელსაა გაკეთებული და თუკი ისინი ავთენტურია, გამოდის, რომ სუს-ი უთვალთვალებს ყველას: პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, სასულიერო პირებს, დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მსახიობებს.

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, რომელსაც მთავრობის და ოცნების წარმომადგენლებმა “ავადმყოფური ბოდვა” და “ნ. გ.-ს ზღაპრები“ უწოდეს, სუს-ის განსაკუთრებულ ინტერესს პირადი ცხოვრება იწვევს. ნიკა გვარამიას მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ თანაგუნდელების და ოპონენტების სექსუალური კავშირებით ინტერესდება, არამედ ერევა და გავლენასაც ახდენს სხვების პირად ცხოვრებაზე. ერთ-ერთ ანგარიშში, რომელიც „მთავარ არხზე“ გასაჯაროვდა, საუბარია, რომ ჟურნალისტ ქალს, რომელსაც ორ სხვადასხვა პოლიტიკოსთან ჰქონდა სექსუალური კავშირი, ორსულობა ბიძინა ივანიშვილის სურვილით შეაწყვეტინეს. გავრცელებულ ჩანაწერებში არაერთ ადგილას არის ხაზგასმა „არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე” და აღნიშვნა, რომ კონკრეტული ადამიანი, ვინც თავად იყო თვალთვალის ობიექტი, ან ობიექტთან დაკავშირებული ადამიანი, იყო ლესბოსელი, გეი ან ტრანსგენდერი. ჩანაწერებში ნახსენები პირების უმეტესობაზე თვალთვალი და მიყურადება, ჩანაწერებისვე მიხედვით, გრძელდება.

სუს-ში ჯერ თქვეს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარს არ გააკეთებდნენ და კითხვებს არ უპასუხეს, შემდეგ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას მიერ წაკითხული ანგარიშები დეზინფორმაციაა და ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას, შეცდომაში შეჰყავს სახოგადოება და აღვივებს უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

„სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტირებელი, დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის. მსგავსი ქმედება ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას და მოქალაქეების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, - წერია სუს-ის მიერ 2 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ გომელაური ფარულ მოსმენებზე: კარგი იქნება, რომ მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვამბობ ხოლმე

სუს-ის განცხადების გავრცელებამდე, რამდენიმე ადამიანს, ვინც სავარაუდო თვალთვალის ობიექტები იყვნენ, უკვე დადასტურებული ჰქონდა ჩანაწერებში აღწერილი შეხვედრების თუ სატელეფონო საუბრების იდენტურ შეხვედრებსა და საუბრებში მონაწილეობა.

გავრცელებული ჩანაწერების ერთ-ერთ ანგარიშში საკუთარი საუბარი ამოიცნო რადიო თავისუფლების გამომძიებელმა ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ, რომელსაც 1 წლის წინ, წყარო დაუცველი სატელეფონო ხაზით დაუკავშირდა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების ნეპოტიზმის შესახებ მოუყვა.

ასევე ნახეთ "მთავარი არხის” მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი ჩანაწერი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის საუბარს ასახავს

„უკანონო ფარული მიყურადების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, ყველაზე მეტად, "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები უნდა დააფიქროს. მათ პარტია უბრალოდ არაფრად მიიჩნევს. ნებისმიერ დროს გაწირავენ, თუ დასჭირდათ.

როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური საფრთხედ მოქალაქეებს აღიქვამს, მათ, ვისაც უბრალოდ განსხვავებული აზრი შეიძლება ჰქონდეს, ის უკვე ყველაფერზეა წამსვლელი. მას არ ამოძრავებს არაფერი ეროვნული, სახელმწიფოებრივი, გამომპალია და დაბურულშუშებიანი შკოდებით მორბენალი ლაწირაკების თავშესაფრად არის ქცეული, ვისაც სხვების პირადი ცხოვრების დევნა უბრალოდ სიამოვნებს”, - ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი.

ასევე ნახეთ სუს-ი "მთავარი არხის" ჩანაწერებზე: ჩვენს დისკრედიტაციას ემსახურება

რა გავიგეთ გამოქვეყნებული ტექსტებიდან - დეტალები

ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული ჩანაწერები, მისივე თქმით, მხოლოდ მეხუთედია იმ დოკუმენტებისა, რაც მის ხელში აღმოჩნდა. ამ ჩანაწერების ნაწილი, რომელთა ნამდვილობასაც მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ადასტურებენ, სავარაუდოდ, ჩვეულებრივი სამუშაო სატელეფონო ზარების ტრანსკრიპტებია და მათში არაფერია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საყურადღებო.

მაგალითად, გიორგი მშვენიერაძე [GDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი], გიორგი ონიანი [საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო] და გურამ იმნაძე [სოციალური სამართლიანობის ცენტრი] ერთმანეთს ელაპარაკებიან თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე და თანხმდებიან, რომ თუკი საჭირო გახდება, მზად არიან ორგანიზაციების სახელით მისი მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელონ. თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარების გამო 2020 წლის 16 ივნისს, შვიდმა ორგანიზაციამ მართლაც გაავრცელა ერთობლივი განცხადება.

რუტინული სატელეფონო ზარია მოხვედრილი ანგარიშებში ჟურნალისტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შორის - ჟურნალისტი ურეკავს ნათია პავლიაშვილს და სთხოვს მეტ დეტალებს პრეზიდენტის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, ადმინისტრაციას პასუხები არ აქვს.

შედარებით საყურადღებოა ხელისუფლების წარმომადგენელთა საუბრების ტრანსკრიპტები, რომლის ნამდვილობას ისინი არ ადასტურებენ, და სადაც გავრცელებული ტექსტების მიხედვით, საუბარია, რომ:

  • თეა წულუკიანი და გოგა ხაინდრავა განიხილავენ გიორგი გაბუნიას შეკვეთილ მკვლელობას და აქვე, ხაინდრავა სთხოვს წულუკიანს, დააწინაუროს თენგიზ ასანიძის შვილი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელია. წულუკიანი ამბობს, რომ ასანიძის შვილი ოდიოზური პიროვნებაა, არაერთხელ უთქვამს აუგი ბიძინა ივანიშვილზე და ასეთი პირი ვერ დაწინაურდება.
  • პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატ გია ვოლსკის ეუბნება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები კონგრესმენების კრიტიკაზე არასაკმარისია, ვოლსკი ამბობს, რომ გადიან კონსულტაციებს ვაშინგტონთან და თუ საჭირო გახდა, დამატებითი განცხადებები გაკეთდება.
  • დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ერთ-ერთი ჟურნალისტისგან აინტერესებს, ვინ ემტერება დეპუტატ გოჩა ენუქიძეს. ჟურნალისტი პასუხობს, რომ ენუქიძეს „საგანელიძის ხალხი” ერჩის.
  • დეპუტატებს, გელა ქვარაიას და ნინო წილოსანს სთხოვენ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულის, „მათე მოტორსის” დამფუძნებლის, გელა ბარკალაიას სასჯელის შემსუბუქებას. გელა ქვარაია თხოვნას თანხმდება. ბარკალაიას 2016 წელს, გარდა დამამცირებელი მოპყრობისა, ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება.

დეპუტატმა წილოსანმა ნაწილობრივ დაადასტურა მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია, და მედიას უთხრა, რომ სასჯელის შემსუბუქება მას ოფიციალური წერილით სთხოვეს. „ოფიციალურად შემოსულ წერილზე რომ აკეთებთ კომენტარს, რომ თურმე ეს სუს-ის ანგარიშში მოხვდა, [არასერიოზულია]. პარლამენტის წერილები ოფიციალურად შემოსული არის საჯარო“, - ამბობს დეპუტატი მედიასთან.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: „სუს-ი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება ქვეყანას“

ნიკა გვარამიას მიერ სუს-ის სავარაუდო ანგარიშების გასაჯაროებული ფრაგმენტების დიდი ნაწილი ეხება სექსუალური კავშირების დეტალების აღწერას. მაგალითად, ერთ-ერთი ჩანაწერი აღწერს, როგორ უთანხმდება პარლამენტარი სექსუალურ პარტნიორს შეხვედრაზე; მეორე ჩანაწერში ერთ-ერთი აიპ-ის ხელმძღვანელი, რომელსაც სასიყვარულო კავშირი აქვს საკუთარ თანამშრომელთან, ცდილობს პარტნიორის მამის საპატიმრო დაწესებულებიდან დახსნას; ასევე აღწერილია, რომ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს „23 წლის საყვარელი ჰყავს”; მითითებულია „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის” ბიზნესმენების ვინაობები, და განხილულია ერთ-ერთი ჟურნალისტის სექსუალური კავშირები და მისი გადაწყვეტილება, დასთანხმებოდა ბიძინა ივანიშვილის სურვილს ორსულობის შეწყვეტის შესახებ.

ანგარიშებში ხაზგასმითაა მითითებულია დაკვირვების ობიექტების სექსუალური ორიენტაცია და იდენტობა. ორ ჩანაწერში გვხვდება ორი სხვადასხვა ლესბოსელი ქალი, რომლებიდანაც ერთი პოლიტიკოსია, მეორე არასამთავრობო სექტორში მუშაობს. თუ ჩანაწერები ავთენტურია, სუს-მა იცის, როდის და სად ხვდება ლესბოსელი ქალი არასამთავრობო ორგანიზაციიდან თავის ბიზნესმენ პარტნიორს. აქვე ჩნდებიან ტრანსგენდერები. ერთ-ერთი ეპისკოპოსი ტრანსგენდერ ქალს უყვება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან ის თავდასხმის მსხვერპლი ხდება, სხვა ტრანსგენდერ ქალს ხვდება ერთ-ერთი ბიზნესმენი.

სუს-ი სწავლობს ეკლესიაში „განსხვავებული ორიენტაციის მქონე” სასულიერო პირებს და მათ კავშირებსაც. გავრცელებულ ტექსტებში ნახსენებია მინიმუმ სამი გეი სასულიერო პირი [ეპისკოპოსი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური და ერთ-ერთი მონასტრის ბერი]. ასევე, ეკლესიაში ჰომოსექსუალური კავშირების შესახებ „სუს-ის გასაგონად” საუბრობენ პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ცნობილი მოძალადე ჰომოფობი, გურამ ფალავანდიშვილი. გურამ ფალავანდიშვილი ლევან ჩაჩუასთან ერთად გეგმავს ეპისკოპოს სპირიდონის სურვილის ასრულებასაც - ამ სამის მიზანია ჩაშალონ იუნისეფის ორგანიზებული შეხვედრები, რომელშიც ეკლესიის მხრიდან ეპისკოპოსები შიო მუჯირი და თეოდორე ჭუაძე იღებდნენ მონაწილეობას.

ჩანაწერებში ჩნდება ასევე ფეისბუკპროფაილების ყიდვის თემა: 300 პროფაილი წინასაარჩევნო პერიოდში პარტია „კონსერვატორების“ სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" ფარულ ჩანაწერებს დანაშაულის მტკიცებულებად მიიჩნევს

რა არის ახალი "მთავარი არხის" გავრცელებულ ჩანაწერებში

უკანონო მიყურადება და თვალთვალი, როგორც ბოლო მრავალი წლის მანკიერი პრაქტიკა, რომელზეც ხელისუფლებები უარს ვერ ამბობენ, ხშირად ხვდება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის განმავლობაში, გუნდის ყოფილი წევრების მონაწილეობით არაერთი ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერი გავრცელდა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი, ქალი პოლიტიკოსების მონაწილეობით.

„ისევ ტოტალური თვალთვალი და უკანონო მოსმენა ყველასი, შინაურის თუ გარეულის, ისევ იგივე ჭაობი, რისგანაც გამოსვლა იყო ერთ-ერთი მთავარი დაპირება…. და რა? ისევ იგივე მეთოდები, რასაც ვებრძოდით!” - ამბობს დღეს ეკა ბესელია, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც ინტერნეტში ღიად გავრცელდა. ეკა ბესელია ამ დრომდე ამტკიცებს, რომ კადრების გავრცელება მის გაჩუმებას ისახავდა მიზნად. ის ამბობს, რომ დღეს ხელისუფლება იმავე მეთოდებს იყენებს, რასაც თითქოს ემიჯნებოდა.

აქცია 2016 წლის მარტში, თბილისი

2021 წლის გაზაფხულზე „მთავარმა არხმა” გაავრცელა სუს-ის ყოფილ თანამშრომელთან, ივანე გულაშვილთან ინტერვიუ, რომელიც ჰყვებოდა, როგორ უსმენდა და უთვალთვალებდა სისტემა მუსლიმთა შეიხს, პოლიტიკოს ანა დოლიძეს და სხვა პირებს. გამოძიება 23 მარტიდან ამ საქმეზე ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე არავის ბრალეულობა არ გამოკვეთილა. ივანე გულაშვილის ინტერვიუს გასაჯაროების შემდეგ თანამდებობა დატოვა კახაბერ საბანაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომელიც, გულაშვილის თქმით, ერთ-ერთი იყო, ვინც 20 ივნისის პარლამენტის სერვერზე არსებული ჩანაწერების განადგურების განკარგულება გასცა.

ასევე ნახეთ "ქართული ოცნების" დეპუტატი: უკანონო მოსმენას, მით უმეტეს, სისტემური ხასიათი არ აქვს

ბოლო პერიოდში გავრცელებული ყველაზე სკანდალური აუდიოჩანაწერი მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მოქმედი სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის და ბიძინა ივანიშვილის ვაჟის სატელეფონო საუბრებია, რომლის ავთენტურობაც არც პრემიერს და არც ბერა ივანიშვილს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, თუმცა გამოძიება არა ამ ჩანაწერებში გაჟღერებული სავარაუდო დანაშაულთა გამოძიებით, არამედ ჩანაწერების წარმომავლობის დასადგენად დაიწყო. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჩანაწერები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს არის გაკეთებული, რომელიც „არასრულწლოვან ბერას” უსმენდა.

ასევე ნახეთ ვინ რა თქვა სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ და რატომ არის ეს განცხადებები პრობლემური

რა არის სუს-ის ფუნქცია და რას აკეთებს ის რეალურად?

სახელმწიფო უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახური 2015 წლის 1 აგვისტოს შეიქმნა, როგორც დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სამსახური. უწყების მისია მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფაა - ამ მიზნის მისაღწევად უწყებას 4 000-მდე თანამშრომელი ჰყავს. წლიდან წლამდე იზარდება მისი ბიუჯეტიც. 2016 წელს უწყებისთვის 103 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, 2020 წელს ეს რიცხვი 136 მილიონია.

სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, ამ თანამდებობის დაკავებამდე იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, იქამდე კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში [შპს „ბურჯი”, ასოციაცია „ATU”, „ქართუ მშენებელი”, „ქართუ” ჯგუფი, „ქართუ” ბანკი] მუშაობდა. ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა [დაცვის უფროსის თანამდებობაზე] გრიგოლ ლილუაშვილის წინამორბედი ამ პოსტზე და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

„სუს-ის კონტროლის და მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არც ერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელები”, - წერია განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ „მთავარ არხზე“ სავარაუდოდ სუს-ის ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ.

ასევე ნახეთ შერიფები, დანაწევრებული სუს-ი, ანტიკორუფციული პროკურატურა - ოპოზიციის რეფორმა

„ოკუპაციის, შიდა და საგარეო საფრთხეების სიჭარბის მიუხედავად, ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსი სახელმწიფოსათვის პოლიტიკურად საინტერესო კონკრეტული ჯგუფების კონტროლზე იხარჯება და არ ხდება სამსახურის რესურსების მობილიზება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების იდენტიფიცირების, მათზე რეაგირების მიზნით.

მყიფე დემოკრატიის, მძიმე პოლიტიკური კრიზისების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყანაში მკაცრად პოლიტიზირებულ, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ინტერესების სადარაჯოზე მყოფ უწყებად, რომელიც კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, თვალთვალით, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტით ცდილობს. ქვეყანაში სუსტია სამსახურის უკანონო საქმიანობაზე რეაგირების მექანიზმები. მოქალაქეების შესაძლო უკანონო კონტროლის და მეთვალყურეობის საქმეების გამოუძიებლობასთან ერთად, ქვეყანაში არ არსებობს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობის ინსტრუმენტები. ფიქციურია სასამართლო კონტროლის მექანიზმები, ხოლო საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტები იშვიათ შემთხვევაში იწვევს პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობებს. რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს უწყებას, დაუსჯელად, ყოველავარი ანგარიშვალდებულების გარეშე აკონტროლოს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ნებისმიერი სფერო”, - წერენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.