რეფორმები ჰაერში და წარსულში დაბრუნების ბიძგი

„შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ „ქართული ოცნების“ გასვლის შემდეგ, ამ დოკუმენტით განსაზღვრული რეფორმების ისედაც მდორედ მიმდინარე პროცესი, მხოლოდ მმართველი პარტიის კეთილ ნებაზე რჩება დამოკიდებული.

ოპოზიციის უდიდესი ნაწილი და, მათ შორის, „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“ ხელმომწერები პარლამენტში იმ იმედით რჩებიან, რომ ისინი, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მაინც აიძულებენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათთვის ძალაში რჩება 43%-იანი ზღვარიც. საერთაშორისო პარტნიორების რეაქციები მწვავე იყო და განსაკუთრებით, აშშ-ის მხრიდან, თუმცა „ქართული ოცნება“ დათმობას არ აპირებს.

  • რა ვითარებაა საქართველოს პოლიტიკურ ველზე არჩევნებამდე ორი თვით ადრე?
  • დაუბრუნდა თუ არა პოლიტიკური ცხოვრება „შარლ მიშელის შეთანხმებამდე“ არსებულ მდგომარეობას?

შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან. ისინი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე განცხადებების შემდეგ, ქმედით ნაბიჯებსა და კონკრეტულ რეაგირებას ელოდებიან. ოპოზიციის საერთო და პრინციპული ამოცანაა, რომ მიაღწიოს „შარლ მიშელის შეთანხმებით“ განსაზღვრულ საკონსტიტუციო რეფორმას - პროპორციული საარჩევნო სისტემისა და 2%-იანი ბარიერის მოპოვების მიზნით.

მაგრამ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ცალმხრივად გამოეთიშა 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებას და რეფორმების გაგრძელების ცალმხრივი პირობა დადო, ავტომატურად ეჭვქვეშ დადგა საკონსტიტუციო კანონპროექტის მომავალიც.

ასევე ნახეთ გარემოებების შეცვლის გამო "ქართული ოცნებამ" შესაძლოა, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი შეცვალოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის 9-წევრიან შემადგენლობაშია.

ეს სია 12 ივლისს დამტკიცდა და, წესით, იმ დღესვე დაიწყო საყოველთაო სახალხო განხილვისთვის განსაზღვრული ერთთვიანი ვადის ათვლაც. მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. „ორშაბათს უნდა მოვიკითხო ეს საკითხი და ყველაფერი მეცოდინება“, - გვეუბნება მანჯგალაძე.

„ქართული ოცნება“ არ გამორიცხავს, რომ გარემოებების შეცვლის გამო, შესაძლოა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხიც გადაიხედოს. „უნდა გავითვალისწინოთ სხვა პოლიტიკური სუბიექტების აზრი, საზოგადოების აზრი და ამის შემდეგ უნდა ვთქვათ, რას ვაპირებთ... გარემოებები შეიცვალა და გამოჩნდა, რომ არათუ კონსენსუსისკენ მივდივართ, არამედ კონფრონტაციის უფრო მაღალ ხარისხზე მივდივართ“, - თქვა „ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ითხოვს, რომ „შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ გასვლის გამო პერსონალური სანქციები დაუწესდეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს - ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და კახა კალაძეს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი 28 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას უკან არ წაიღებს. სანქციებისა და სხვა მექანიზმების გამოყენებაზე ლაპარაკობენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს, რადგან ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი თავიდანვე არ მოაწერა 19 აპრილს გაფორმებულ „შარლ მიშელის შეთანხმებას“.

ასევე ნახეთ რეიტინგის პროცენტები და "ოცნების" ნულოვანი სვლა

„ქართული ოცნების“ იძულებისა და „ქვეყნის დასავლური კურსის დაცვის“ მოტივით, „შარლ მიშელის შეთანხმებას“, არ არის გამორიცხული, მაინც მოაწეროს ხელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკმა.

როგორც რადიო თავისუფლებას პარტიაში უთხრეს, ამ საკითხზე დისკუსია საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის პარალელურად მიმდინარეობს და შესაბამისი გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემთხვევაში და საერთაშორისო პარტნიორების წნეხის პირობებში, ამ დოკუმენტს „ქართული ოცნებაც“ დაუბრუნდეს და ისიც კი განაცხადოს, რომ მისი გადაწყვეტილება სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ იძულების მიზანს ემსახურებოდა.

ასევე ნახეთ გიორგი რუხაძე: ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დასავლელი აქტორების ამოცანა „ოცნების“ „მიშელის შეთანხმებაში“ დაბრუნებაა

ექსპერტები ხედავენ, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობა რადიკალური ნაბიჯებისგან თავს იკავებს და „ქართული ოცნების“ დარწმუნებას ცდილობს. მაგრამ „შარლ მიშელის დოკუმენტთან“ დაბრუნებას გამორიცხავს თავად „ქართული ოცნება“. „არ ვართ ბავშვები, ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ“, - თქვა 30 ივლისს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლის შემდეგ, დეპუტატის მანდატები დატოვეს ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და ასევე თავმჯდომარემ პარტიისა - „გირჩი - მეტი თავისუფლება“, ზურაბ ჯაფარიძემ. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია. სხვა ყველა დეპუტატი პარლამენტში რჩება.

  • „მიშელის დოკუმენტამდე“ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში სულ 99 დეპუტატი იყო: 84 - „ოცნება“, 6 - გიორგი გახარიას გუნდი, 2 - „მოქალაქეები“, 4 - „ევროპელი სოციალისტები“ და 3 - „გირჩი“.
  • შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, თანდათან ყველა შევიდა პარლამენტში - „ევროპული საქართველოს“ ერთი დეპუტატისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთი დეპუტატის გარდა.
  • „შარლ მიშელის შეთანხმებით“ მოთხოვნილი რეფორმებიდან მხოლოდ „საარჩევნო კოდექსის“ განახლება მოესწრო. ექსპერტები გარკვეულ წინსვლას ნამდვილად აღნიშნავენ, თუმცა, მათი შეფასებით, კოდექსი იდეალურისგან ჯერ ისევ შორსაა.
  • „მიშელის დოკუმენტის“ მოთხოვნების შესაბამისად გათავისუფლდნენ „პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირები“ - გიორგი რურუა და ნიკა მელია.
  • ვერ მოხდა შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის ხმაურიან, სადავო კანონპროექტზე - საბოლოოდ „ოცნებამ“ თავისი პროექტი ორი მოსმენით დაამტკიცა და მესამე მოსმენაზე აღარ გაუტანია.
  • მუშაობაც კი არ დაწყებულა „ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე“, რომელიც „მიშელის დოკუმენტის“ მთავარ სადავო თემას წარმოადგენდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პოლიტიკური ვითარება 19 აპრილამდე არსებულ მდგომარეობას სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ დაუბრუნდება, თუკი „ოცნება“ ვერ შეძლებს გადალახოს 43%-იანი ბარიერი, რომელსაც მას „შარლ მიშელის შეთანხმება“ უწესებს. დოკუმენტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს.

ოპოზიციური პარტიები მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ისევ „ოცნების“ მიერ ანულირებული დოკუმენტის პირობებით აპირებენ ხელმძღვანელობას.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ აცხადებს, მათთვის ძალაში რჩება 43%-იანი ზღვარი და თუკი „ოცნება“ ამ ზღვარს ვერ გადალახავს და არც ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, ფრაქციის წევრები პარლამენტიდან გავლენ; დიდი ალბათობით, ასე მოიქცევიან სხვა პარტიებიც და ვადამდელი არჩევნები მაინც დაინიშნება.

ასეთი ცალსახა და ერთსულოვანი საშინაო და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოქცეული პოლიტიკურ-სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ერთპარტიული პარლამენტი აუცილებლად დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. სწორედ ეს უნდა იყოს ოპოზიციის ეფექტური პასუხი "ოცნების" მზაკვრულ გეგმაზე“, - აცხადებს „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: კვლევები აჩვენებს, რომ შეგვიძლია წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 43%-იანი ზღვარი მათთვისაც რელევანტურად რჩება და თუკი მმართველი პარტია ამ ზღვარს ვერ გადალახავს, გადაწყვეტილი იქნება მისი ლეგიტიმაციის საკითხიც.

„ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯის მისამართით ამერიკის საელჩოს განცხადებაში გამოყენებული სიტყვა - „გაბრაზებული“ მოთმინების რესურსის ამოწურვის მაჩვენებელია ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტისთვის, ტომას ჰენდრიკ ილვესისთვის.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ მის პოსტში ნათქვამია, რომ საელჩოს განცხადებებში მსგავსი სიტყვა არასოდეს შეხვედრია და ეს უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

„აშშ-ს მოთმინება ეწურება, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც ამ დრომდე ზრუნავს საქართველოზე. ეს სერიოზულია. გაიღვიძეთ“, - წერს ილვესი.

თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად არაფერი მიუღია და კვლავაც ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს კარგად გააცნობიერებენ.