პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არსებული კვლევები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში შეუძლია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამეორება და გაუმჯობესებაც კი.
„დიახ, 48 პროცენტი. შეგვიძლია ამ შედეგის გამეორება და გაუმჯობესება. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, თუმცა წინ არის 2 თვე და წინ არის საარჩევნო კამპანია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კამპანიაზე და მთავარი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საზოგადოებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" პროპორციული წესით ამომრჩეველთა ხმების 48,22 პროცენტი მოიპოვა, მაჟორიტარული წესით კი 30-ე მაჟორიტარული ოლქი მოიგო. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს, არჩევნების შედეგების გაყალბების მოტივით, ოპოზიციის ექვსთვიანი ბოიკოტი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა და პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.
2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას.
შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას, ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, ასევე, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". შეთანხმება მოიცავს დათქმასაც, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა. ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტების ერთი ნაწილის შეფასებით კი, "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების მიზეზი გახდა შიდა კვლევები, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებას" ხმების 43 პროცენტის აღება გაუჭირდებოდა.