ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ თვითთმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება პოლიტიკური პარტიების მხრიდან არასწორია და ახლა არა ბოიკოტის, არამედ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის უნდა იყოს ოპოზიციის ძალისხმევა მიმართული. თავად მელია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, მანდატს ტოვებს და წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება სრულად.
"ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. უკვე დამარცხებული „ქართული ოცნების“ გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არავინ უნდა დაძრას სიტყვა ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებთანაა მიმართული. ესაა „ქართული ოცნების“ ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში. ეს არის ცხადზე უცხადესი.
სიმართლე არის ჩვენ მხარეს, ძალა არის ჩვენს მხარეს, რიცხოვნობა არის ჩვენს სასარგებლოდ. მაშ რაშია საქმე? რწმენაშია საქმე?! რწმენაც აქაა. თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. მომავლის გადმოსახედიდან შევხედოთ დღევანდელ ყოფას, საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ აქვს უფლება ოდნავ მაინც დავუშვათ, რომ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალოს ჩვენი პასიურობით. „ქართული ოცნება“ მიხედავად მცდელობისა, ამას ვერ განახორციელებს, იმიტომ ქართველი ერი ამას არ დაუშვებს. მეასეხარისხოვანია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ერი უნდა გაერთიანდეს ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე. „ქართულმა ოცნებამ“ ცხადად დაინახა, რომ ამ არჩევნებში მისი გენერალური მდივანი თბილისში მარცხდება და ახლოსაც ვერ მივა 43%-იან ბარიერთან. მნიშვნელობა არ აქვს „ქართული ოცნება“ აღიარებს თუ არა 43%-იან პრინციპს. ჩვენ გავალთ ამ რეფერუნდუმზე და დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ და ის იქნება იძულებული ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“,- თქვა მელიამ ელენე ხოშტარიასთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე.
თვითმმართველობის არჩევნების მიმართ შესაძლო ბოიკოტი ახსება პარტია "ლელომ" მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ "შარლ მიშელის დოკუმენტი" ანულირებულად გამოცხადა და ცალმხრივად დატოვა მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი. ამ დროისათვის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზოცია კონსულტაციებს მართავს საერთაშორისო პარტნიორებთან, რის შემდეგაც საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა საპარლამენტო საქმიანობას.
ასევე ნახეთ საბა ბუაძე: „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ასევე ნახეთ შარლ მიშელი მხარეებს მოუწოდებს პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები