აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებულ შტატები ძალიან შეწუხებულია 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი კანდიდატის დამტკიცებით, რაც ეწინააღმდეგება მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მედიაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებამ ხელმომწერ მხარეებს დააკისრა ვალდებულება, რომ სასამართლოში „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ შეეჩერებინათ მანამ, სანამ „სასამართლოს ამბიციური რეფორმა“ არ განხორციელდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის გზით.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ, მათ შორის უზენაესი სასამართლოს დანიშვნების შეჩერებით, ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ეს არის ის, რაზეც შეთანხმდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით. ამის შეუსრულებლობა კიდევ უფრო შეარყევს ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიული განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ შეიძლება ასევე შეასუსტოს ინვესტორთა ნდობა და საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა შეამციროს", - აღნიშნულია განცხადებაში. მასში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აღადგინოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის მიმართ და გააძლიეროს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენი წერს, რომ შეერთებული შტატები შეწუხებულია მომხდარი ფაქტით, რომელიც წინააღმდეგობაშია 19 აპრილის შეთანხმებასთან.

ასევე ნახეთ ენტონი ბლინკენი: აშშ ღრმად შეწუხებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებით

მოსამართლეთა უდავადოდ დანიშვნის საკითხზე 15 ივლისს სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა საქართველში აშშ-ის საელჩომაც. საელჩოს შეფასებით, მოსამართლეთა დანიშვნის შეუჩერებლობა არის დაკარგული შესაძლებლობა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: აუცილებელი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა და მას ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ:

  1. გოჩა აბუსერიძე: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
  2. გიორგი გოგიაშვილი: 79 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
  3. ლევან თევზაძე: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  4. რევაზ ნადარაია: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  5. ბიძინა სტურუა: 78 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  6. ლაშა ქოჩიაშვილი: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი