კახა კუჭავა: ის რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ, ჩვენი მტრის ინტერესშია

კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პლენარული სხდომის დაწყების წინ, 12 ივლისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ქვეყნის მტრების ინტერესებშია. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესის ჩაშლას ცდილობდნენ იმ მოთხოვნით, რაზეც უმრავლესობა თანხმობას აცხადებს:

„ის, რაც დღეს ჩვენ აქ ვიხილეთ, არ ვიცი, რამდენად ვინმეს ინტერესებშია, თუ არა ჩვენი მტრის. როდესაც მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში არის მცდელობა, ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც თანახმაა უმრავლესობაც, ვისაუბრეთ ამაზე ბიუროზეც, სადაც იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც და ვთქვით კიდეც, რომ იქნება ეს საგამოძიებო კომისია და იქნება ეს რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრს მოვიწვევთ, თანხმობა არის, თარიღზე უნდა შევთანხმებულიყავით და მიგვეღწია შედეგისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კახა კუჭავას თქმით, არ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს ის, რომ პარლამენტის შენობაში ადამიანები საშვების გარეშე შეიპარნენ.

„არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ. და შემდეგ რაც სასესიო დარბაზში ხდებოდა, ეს ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალურად? თქვენ, ნებისმიერი თქვენთაგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ, დაუშვებდით მსგავს ფორმას?“, - მიმართა კახა კუჭავამ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

პარლამენტში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა დაპირისპირება, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი მედიამენეჯერები პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. როგორც ისინი ამბობენ, მმართველი პარტიის წევრებისთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურდათ.

მედიამენეჯერებმა პარლამენტის წინ გუშინ,, 11 ივლისს გააპროტესტეს 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი და მთავრობას გადადგომისთვის დრო 12 ივლისის 12 საათამდე მისცეს. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მათ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა, მედიამენეჯერები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადეს.

ასევე ნახეთ დაპირისპირებაა პარლამენტის შიგნით და გარეთ
ასევე ნახეთ "ტვ პირველის" დამფუძნებელს, ვატო წერეთელს პარლამენტის შენობა ძალით დაატოვებინეს

პარლამენტის სხდომის განახლების შემდეგ ოპოზიციის უმრავლესობამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ასევე ნახეთ პარლამენტის ოპოზიციის უმრავლესობამ სხდომათა დარბაზი დატოვა
ასევე ნახეთ ენმ წყვეტს პარლამენტში მუშაობას