ვინ და რატომ მიდის "კანონიერ ქურდებთან" "სიმართლის" საძებნელად?

დავა დაიწყო დიდ ფულზე და როცა ბიზნესპარტნიორებმა შემოსავალი ვერ გაიყვეს, მტყუან-მართლის გასარჩევად არა სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ კანონიერ ქურდს მიმართეს. სასამართლოს სხდომის ნაცვლად, „ქურდული გარჩევა“ გაიმართა. 

10 ივნისს შს სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობის გამო 13 პირი დააკავა და პარალელურად, ბრალი წარედგინა კანონიერ ქურდს, რომელიც იმავე ტიპის დანაშაულში წინა წლებშიც იყო მხილებული. საქართველოსთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადამიანები სიმართლის პოვნის მოტივით არა საგამოძიებო სტრუქტურებს, არამედ „ქურდულ სამყაროს“ აკითხავენ.

  • რითი იკვებება „ქურდული სამყაროს“ ავტორიტეტი და ვინ ეძებს სამართალს „ქურდული გარჩევებით“?
  • რატომ არ სუსტდება „ქურდული სამყაროს“ ზეგავლენა, სახელმწიფოს მხრიდან ხმაურით გამოცხადებული ბრძოლისა და ათეულობით პირის დაკავების მიუხედავად?
  • რას შეუძლია რეალურად ჩაანაცვლოს „ქურდული სამყაროს“ გავლენები სახელმწიფოში?

უკანონო "გარჩევა"

შს სამინისტროს ინფორმაციი, ამჟამად დაკავებულ ერთ-ერთ პირს „ბიზნესსაქმიანობის პროცესში“ ბიზნესპარტნიორთან „შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან“ დაკავშირებული „ფინანსური დავა წარმოექმნა“ და დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს. შედეგად, „საზღვარგარეთ მყოფმა“ კანონიერმა ქურდმა - ზ.მ.-მ (იგივე „გლეხოვიჩი“) საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს - მ.მ.-ს დაავალა.

შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალის შინაარსიდან ირკვევა, რომ მხარეებს შორის დავის საგანს 80 ათასი ლარი და ტრაქტორი წარმოადგენდა.

მხარეები 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, „დავის ქურდული წესით გარჩევის“ მიზნით შეხვდნენ. სავარაუდოდ, ეს ის სახლია, რომლის დათმობასაც ფარული აუდიოჩანაწერის ერთ-ერთ ფრაგმენტში „გლეხოვიჩის“ შვილი ვინმე „ბონძღს“ სთხოვს და ეუბნება, რომ ერთი საათით დასჭირდება „სახლი“ - რათა მან, „ბაჩომ და ბიჭებმა“ მშვიდად ლაპარაკი შეძლონ.

შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული აუდიომასალა „ქურდული გარჩევისთვის“ მზადებისა და უშუალოდ „გარჩევის“ პროცესსაც ასახავს.

  • ვინმე „პუპუშა“ (გ.რ.) ვიღაცებს გაურკვეველი პირის შესახებ ხმამაღლა უხსნის, რომ „შინაურია“ და სჯერა მისი;
  • „შენ როგორც ქუჩის ბიჭს უფლება გაქვს, რომ სანამ ორივეს არ მოუსმენ, თქვა, რომ ერთის მჯერაო?! - სავარაუდოდ „პუპუშას“ მიმართავს ვინმე ა.შ.;
  • საუბარში „გლეხოვიჩის“ შვილიც ერთვება და მხარეებს ხმადაბლა, თანმიმდევრობით ლაპარაკისკენ მოუწოდებს - „მოვუსმინოთ... მაგიტომ ვზივართ აქ ამდენი ხალხი მაგიტომ... იქით ქურდი არის საქმის კურსში ... ხმადაბლა მივყვეთ „პარიადკაში“, როგორცაა“;
  • შემდეგ ისევ ა.შ. მოითხოვს, რომ დეტალების გარკვევის მერე, ყველას თავისი მოეთხოვოს - „მაგისთვის ვართ შეკრებილი, რომ ბოლოში გავიყვანოთ და მტყუან-მართალი გავარჩიოთ. მერე კიდე, როგორც წესია, ისე მივუდგეთ და მოვთხოვოთ - ვის რა მოსატანი ექნება და ვის რა „მოსახვედრი“ ექნება, მაგაზე „იტოგი“ რომ დადგება, მერე...“

შს სამინისტროს ინფორმაციით, აუდიოჩანაწერებში ისმის თავად „გლეხოვიჩის“ ხმაც. ის საქართველოში არ არის. ჩანს, დისტანციურად არჩევს საქმეს. შეკრებილთა ჯგუფს ეუბნება, რომ ოთხნი დარჩნენ და ზედმეტი ხალხი ადგილიდან გაუშვან.

შემდეგ მოდის ისევ ა.შ.-ს ფრაგმენტი, სადაც ის ამბობს: „ჩვენ ქურდ ძმას, ქართულად იქნება თუ რუსულად, ბალაგანი არ უნდა დახვდეს. ჩვენ აქ ვბლატაობთ, აქ ქურდულს ვეხებით და ქურდულად თემას ვშლით, თემას ვაკაჩავებთ“.

ვინმე „ჯეკო“ ერთ ეპიზოდში „ხონსკის“„რუსულად“ ატყობინებს, რომ მოლაპარაკების პროცესში ვინმე „ოსმანასაც“ ჩართავს და „სურგუტსკიც“ ხაზზე იქნება.

„ხონსკი“, „ჯეკო“, „ვიტო“, „პუპუშა“, „ბაჩო“, „გიბონა“, „ტყვლიპე“ და სხვები, სულ 13 პირი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; ხოლო ბრალი, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს - „გლეხოვიჩს“ დაუსწრებლად წაუყენეს, 9-15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ვინ არის „გლეხოვიჩი“?

„გლეხოვიჩის“ ნამდვილი სახელი და გვარია ზაალ მახარობლიძე, ცაგერშია დაბადებული, საქართველო დიდი ხნის წინ დატოვა და, ბოლო მონაცემებით, ავსტრიის დედაქალაქ, ვენაში ცხოვრობდა. სხვადასხვა წყარო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ:

  • ავსტრიაში „გლეხოვიჩი“ ორჯერ გაასამართლეს - 2007 და 2010 წლებში. საპატიმრო მან 2012 წელს დატოვა.
  • „გლეხოვოჩი“ ორჯერ იყო დაკავებული საქართველოშიც - 1988 და 1999 წლებში.

52 წლის ზაალ მახარობლიძის სახელი ფიგურირებს საქართველოში გახსნილ კიდევ ორ საქმესთან მიმართებით:

  • შს სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის მარტში, ერთი მხარის მოთხოვნით, სწორედ „გლეხოვიჩი“ იყო ჩართული ბიზნესპარტნიორებს შორის დავის „კრიმინალური გავლენის გამოყენებით“ მოგვარებაში. ოფიციალური ინფორმაციით, ლაპარაკი იყო ბიზნესწილის იძულებით დათმობაზე. შედეგად, კანონიერი ქურდისთვის მიმართვის გამო - ერთი პირი, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობისთვის კიდევ ორი პირი დააკავეს. 2019 წლის მარტში არ გავრცელებულა ინფორმაცია - წაუყენეს თუ არა ბრალი თავად „გლეხოვიჩს“;
  • რუსულენოვანი მედიის ინფორმაციით, „გლეხოვიჩის“ მოკავშირე იყო ის 3 პირიც, რომლებიც საქართველოში 2017 წლის აგვისტოში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორი გვარად მახარობლიძე იყო. „გლეხოვიჩის“ ნათესავები. არ არსებობს ცნობები, წაუყენეს თუ არა იმ დროს ბრალი თავად „გლეხოვიჩს“.

შს სამინისტრო დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს და რადიო თავისუფლებამ ვერც იმის გარკვევა მოახერხა - დადგება თუ არა „კანონიერი ქურდის“ საქართველოში ექსტრადიციის საკითხი.

რატომ მიმართავენ ბიზნესმენები ქურდებს?

შს სამინისტრო თავის განცხადებაში ბიზნესდავებს ახსენებს და არ ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ დავები მაინცდამაინც უკანონო საქმიანობის შედეგად იყო წარმოშობილი.

შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა - რატომ არ მიმართავენ მოდავე მხარეები პოლიციასა თუ სასამართლოს და რატომ მიმართეს მაინცდამაინც კანონიერ ქურდებს, რომლებიც დავებში უკანონო გზებით ერთვებიან?

ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ჩვენთან საუბრისას ამ ყველაფრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ნდობის არარსებობასა და ინსტიტუტების სისუსტეს ასახელებს. ის ფიქრობს, რომ ადამიანებს ალტერნატიული გზების მოძიება უწევთ.

„ვინაიდან მართლმსაჯულების სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები არ არის მოწოდების სიმაღლეზე, სწორედ ამიტომ ჩნდება მათი ალტერნატიული მექანიზმები...

ვინაიდან ბაზარზე არის მოთხოვნა, ჩნდება მიწოდებაც, თუნდაც ასეთი არაკანონიერი მექანიზმებისა. ამას ემატება სოციალური პრობლემა, განათლების პრობლემა და ეს ყველაფერი ასეთ მოცემულობას გვაძლევს. ეს არის სახელმწიფოს სისუსტის გამოვლინება და სახელმწიფოს პრობლემა“, - გვეუბნება არჩილ ჩოფიკაშვილი.

ასევე ნახეთ „ქუჩური გარჩევის“ კანონი - კრიმინალთან ბრძოლის იარაღი თუ საფრთხე შეკრების უფლებისთვის?

თსუ-ს „სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ წამყვანი მეცნიერ-თანაშრომელი, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის სპეციალისტი გიორგი ღლონტი რადიო თავისუფლებას კიდევ ერთ შესაძლო მიზეზს უსახელებს, რაც ასევე სახელმწიფოს პრობლემას წარმოადგენს.

ღლონტი ფიქრობს, რომ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება შეუძლია საარბიტრაჟო სისტემას - დავების გარჩევის არასასამართლო ინსტანციას; მაგრამ ასეთი მექანიზმი არ არსებობს. შესაძლო მიზეზად სახელდება გაძნელებული ბიზნესსაქმიანობაც.

„არ არსებობს არბიტრაჟი, სახელმწიფო ან კერძო ორგანო, რომელიც მოდავეებს მოუწესრიგებელი დოკუმენტაციითაც მიიღებდა. ძნელად წარმოსადგენია, რომ გამართული ბიზნესი ქურდებთან საქმის გასარჩევად მივიდეს. ამ გზას ისინი მიმართავენ, ვისაც აქვთ რაღაც ტიპის ბიზნესინტერესები, ვალები, გაუფორმებელი წილები და ასე შემდეგ...

სახელმწიფო დონეზე დღეს არსებულ სისტემებში ასეთი რაღაცეები ვერ წყდება, როცა დოკუმენტები არ არის გაფორმებული ანდა, ვთქვათ, გადასახადები არ არის გადახდილი...

აქვე ვიტყოდი, რომ ზოგჯერ ჩვენთან ლეგალურად, გაფორმებულად, ლამაზად და კეთილსინდისიერად ბიზნესის მართვა ძალიან ძნელია, ხოდა ასეთებიც ეძებენ კანონის მიღმა არსებულ გზებს“, - გვეუბნება გიორგი ღლონტი.

მისი აზრით, სახელმწიფო მხოლოდ „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, რადგან მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი ხვრელებს ყოველთვის იპოვის.

ბრძოლა „ქურდულ სამყაროსთან“

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხელისუფლების დროს დაწყებული ინტენსიური პროცესი, შესაძლოა სხვაგვარი მეთოდებით, მაგრამ ამჟამინდელმა ხელისუფლებამაც გააგრძელა და 2018-19 წლებში კანონმდებლობაც გამკაცრდა.

ე. წ. ქურდული სამყაროს წევრობის გარდა, დღეს კანონით ისჯება ასევე, მაგალითად: ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის – „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა და სხვა.

ასევე ნახეთ მასშტაბური ძარცვა ევროპაში - რას ნიშნავს "ქართული მეთოდი"?

ხშირად ვრცელდება ინფორმაცია პირთა ჯგუფების დაკავების შესახებაც და მაგალითად:

  • 2018 წლის აპრილში - ევროპოლთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და სიღნაღში კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავა.
  • 2020 წლის მაისში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით, 13 პირი დააკავა.
  • 2020 წლის ივლისში - შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
  • 2020 წლის დეკემბერში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა.
  • 2021 წლის მარტში - „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

„კანონიერი ქურდების“ უმრავლესობამ საქართველო დატოვა და ისინი ამჟამად საქმიანობას ყოფილი საბჭოთა კავშირის თუ ევროკავშირის ქვეყნებში განაგრძობენ. მაგრამ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილისთვის ცხადია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში მანძილი პრობლემა აღარ არის და, შესაბამისად, მათთან ბრძოლაც გაძნელებულია.

ასევე ნახეთ შსს: 2018 წელს დაკავებულია „ქურდული სამყაროს" 52 წევრი

„ქურდული სამყაროს“ მიერ ზეგავლენის შენარჩუნებას კაჭკაჭიშვილი იმ ფაქტორსაც მიაწერს, რომ - საზოგადოების გარკვეული ჯგუფები და მათ შორის - პოლიტიკოსებიც, უნებლიეთ, სწორედ „ქურდული სამყაროს“ რეკლამირებას უწყობენ ხელს.

"რეკლამა" და აღქმები

პოლიტიკოსები ხშირად ახსენიებენ კრიმინალებსა და ქურდებს, როცა ერთმანეთის წინააღმდეგ ილაშქრებენ. მაგალითად, ბოლო თვეების განმავლობაში „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ძირითადად „კრიმინალურად“ მოიხსენიებდა; ხოლო ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ თუ სხვებმა „ქართულ ოცნებას“ არაერთხელ დაუძახეს „ქურდული ოცნება“.

ასევე ნახეთ გრიგოლ ვაშაძე: „ქურდული ოცნება“ "კარუსელისთვის" ემზადება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ექსპერტები და მედია ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება გარიგებულია „ქურდულ სამყაროსთან“. მაგალითად, ითქვა, რომ ხელისუფლებამ დმანისის ვნებათაღელვის ჩასაცხრობადაც სწორედ კრიმინალური ავტორიტეტის დახმარება გამოიყენა. ასევე, არჩევნების პერიოდში მედიაში აქტიურდება საუბარი ხელისუფლების ორგანიზებით პროცესებში „ქურდული სამყაროს“ ჩარევასთან დაკავშირებით.

ქურდულ მენტალიტეტსა და ცხოვრების წესს იწონებენ სასულიერო პირთა წრეში. მაგალითად, დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ ქადაგებისას მრევლს უთხრა, რომ „ვაჟკაცი“ და „სამართლიანი“ ქურდებისგან სახელმწიფოსაც ბევრი რამ აქვს სასწავლი.

ასევე ნახეთ "ჩვენით მოვაგვარებთ": როცა არც მშობელს, არც პოლიციას ენდობი

„რასაკვირველია, ამ ფაქტორებით ხდება რეკლამირება... სოციოლოგიაში არსებობს ერთი ძალიან კარგი ტერმინი - „განუზრახველი შედეგები“... ფაქტია, რომ ამგვარი აქტიურობით ეს სამყარო ცოცხლდება და მოქალაქეების ცნობიერებაში ინარჩუნებს აქტუალობას. დარწმუნებული ვარ, ხშირ შემთხვევაში არავის უნდა „ქურდული სამყაროს“ რეკლამირება, მაგრამ ეს ამგვარი პროცესების ფარული შედეგია“, - გვეუბნება იაგო კაჭკაჭიშვილი.

სოციოლოგი პრობლემად მიიჩნევს, რომ საქართველოში თითქოს ერთმანეთს ეჯახებიან „ცუდი პოლიციელისა“ და „სამართლიანი კანონიერი ქურდის“ იმიჯები.