გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ 5-დან 8 საათამდე საარჩევნო უბნებზე იგეგმება ე.წ. კარუსელის დატრიალება და მასობრივი გაყალბება. მისი მტკიცებით, არსებობს ჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ სთავაზობენ კომისიის წევრებს გაყალბების სანაცვლოდ 500 ლარს. განცხადება ამის შესახებ მან ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ჩვენ გამარჯვებას კარგად გრძნობს „ქურდული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლებაც. ამიტომ ასობით შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული გაყალბების მცდელობისა. ასობით შემთხვევაა დაფიქსირებული ამომრჩევლის მოსყიდვისა, ეს სიები და მტკიცებულებები, ყველაფერი ატვირთულია ჩვენს საიტზე და გადაცემულია საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მივმართავ ჩემს თანამოქალაქეებს, მეგობრებო, 50 ლარი ძალიან სწრაფად დაგეხარჯებათ. ამ 50 ლარად თქვენ ყიდით შვილების და შვილიშვილების მომავალს, რადგან 50 ლარის დახარჯვის შემდეგ გაიღვიძებთ ზუსტად ისეთივე ამაზრზენ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ უკვე 6 წელია. მივმართავ კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს. მეგობრებო, თქვენზე გადის ახლა ჩვენი სამშობლოს დაცვის ხაზი. ნუ შეუწყობთ ხელს „ქურდული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი მოიპაროს. გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქურდული ოცნება“ 5-დან 8 საათამდე აპირებს მასობრივ გაყალბებას და კარუსელის დატრიალებას. ძალიან გთხოვთ მხარდამჭერებს, დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს, იყავით ფხიზლად. ნუ გადაერთვება თქვენი ყურადღება ნურც მობილურ ტელეფონზე, ნურც რაიმე საუბარზე, რადგან 2012 წლიდან ყველა არჩევნებში ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება კარგად ფლობს გაყალბების ყველა მეთოდს“, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.