რადიო თავისუფლებას გახარიას გუნდში უთხრეს, რომ პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს პრეტენზია სტრუქტურულად სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით; როგორც ალტერნატიულმა პოლიტიკურმა ძალამ სულ უფრო მეტი მხარდამჭერი მიიმხროს და გაიმარჯვოს, მათ შორის - 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც.
- რა შანსები აქვს გახარიას გუნდს პოლიტიკურ ველზე ამჟამად არსებული ვითარების გათვალისწინებით?
- "ნერვიულობს" თუ არა „ქართული ოცნება“?
- რა შემთხვევაში შეძლებს პარტია „საქართველოსთვის“ იმის დამტკიცებას, რომ არ არის „ქართული ოცნება 2“?
გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 29 მაისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება და საზოგადოება დაწვრილებით შეიტყობს პარტიის გეგმებსაც და გუნდის შემადგენლობასაც - ეუბნება რადიო თავისუფლებას დეპუტატი ბექა ლილუაშვილი, რომელმაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა, სხვა დეპუტატებთან ერთად, 14 აპრილს დატოვა და თავი გახარიას გუნდის წევრად გამოაცხადა.
შედეგად, გახარიას ჯერ არ შექმნილ პარტიას პარლამენტში 6 წარმომადგენელი ჰყავს და აქვს იმის იმედი, რომ მათ საკანონმდებლო ორგანოში სხვებიც შეუერთდებიან.
გახარიას გუნდში გადასვლის განცხადება 25 მაისს გააკეთა ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" აწ უკვე ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ჭეიშვილმა და შესაბამისი წერილობითი განცხადება ფეისბუკის საშუალებით გამოაქვეყნა. სულ ცოტა ხანში კი, მმართველი პარტიის აჭარის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჭეიშვილი უკვე გარიცხული იყო პარტიიდან - შიდაპარტიული დისციპლინის ხშირი დარღვევის გამო.
ასევე ნახეთ გახარია ხვალ პოლიტიკურ გაერთიანებას აფუძნებსბექა ლილუაშვილის განმარტებით, ახალი პარტიის ოფისები მალე მთელი საქართველოს ტერიტორიას დაფარავს და ყრილობის შემდეგ, კარი გაიხსნება ყველა იმ მოქალაქისთვისაც, რომელიც პარტიაში გაწევრიანებასა და გამარჯვების გაზიარებას მოისურვებს.
ვინ შევიდა უკვე პარტიის წევრებისთვის გაღებულ კარში?
ამ ინფორმაციას გახარიას გუნდში მკაცრად ასაიდუმლოებენ, თუმცა რამდენიმე პირმა ეს თავად გაამჟღავნა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ ბევრია უკმაყოფილო იმ ფაქტის გამო, რომ გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანდა ლევან დოლიძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ნატოში ელჩად გაგზავნილი ყოფილი პოლიტიკოსის, ვიქტორ დოლიძის ძმა.
მმართველი პარტიის რიგებში ამბობენ, რომ ეს ადამიანურად უხერხული ფაქტია, მაგრამ იქვე ახსნაც მოიძებნება - „რა ვიცით, ძმებს ყოველთვის კარგი ურთიერთობები არა აქვთ ხოლმე“ ანდა „ძმის გამო პასუხს ვერავინ ვერავის მოსთხოვს“.
ოპონენტებში კი გაჩნდა შეკითხვა - შესაძლებელია თუ არა, რომ სწორედ ეს ფაქტი მიანიშნებდეს „ქართული ოცნებისა“ და გახარიას პარტიის სამომავლო სიმბიოზურ ურთიერთობებზე, რაზეც ბევრს ლაპარაკობენ.
ასევე ნახეთ გიორგი გახარიას გუნდს ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძეც უერთდებაპარტიის სავარაუდო წევრების დასახელებაზე უარი გვითხრა გიორგი აბაშიშვილმაც, საქართველოს მეორე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა. ის მხოლოდ საკუთარ არჩევანს ადასტურებს და მიუხედავად იმისა, რომ პარტიის სადამფუძნებლო ყრილობაზე, 29 მაისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიდის, სამომავლო გამარჯვებებში სრულად დარწმუნებულია.
„მე გიორგისთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს, 2014 წლიდან, საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდიდან... ბევრიც გვიკამათია, მაგრამ ერთად მიგვიღია ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რაც ქვეყნისთვის სასიკეთო ყოფილა... ჩვენი გუნდი ამბიციურია და გამარჯვებაზეა ორიენტირებული“ - გვეუბნება აბაშიშვილი.
რას ემყარება გამარჯვების იმედი? ჩატარდა თუ არა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და როგორია გიორგი გახარიას რეიტინგი?
დეპუტატი ბექა ლილუაშვილი კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს იკავებს, მაგრამ გვპასუხობს, რომ „რეიტინგი ისევ მაღალია“ და „ახლოს არის იმ რეიტინგთან, რომელიც ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნდა“.
- IRI-ის ბოლო კვლევის თანახმად, გიორგი გახარიას პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა - 65%;
- პოლიტიკოსებს შორის ასევე გახარიას ჰქონდა ყველაზე დაბალი უარყოფითი მაჩვენებლით - 30%;
- IRI-ის კვლევა 2-დან 26 თებერვლამდე ჩატარდა; ექსპრემიერი გიორგი გახარია პოსტიდან 18 თებერვალს გადადგა; საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ბოლო 8 დღეში გახარია უკვე გადამდგარი იყო პოსტიდან.
ოპოზიციონერების მსგავსად, „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებმაც გააკეთეს არაერთი კომენტარი იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას ასეთი მაღალი რეიტინგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი მუშაობის ხიბლით იყო განპირობებული. საკითხი ამავე კონტექსტში განიხილება იმ შემთხვევაშიც, როცა დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ.
როგორც დეპუტატმა კახა კახიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დღემდე არ ესმის, რას უპირისპირდება გახარია მაშინ, როცა, რასაც ახლა იწუნებს, სხვადასხვა მაღალ და უმაღლეს თანამდებობაზე მისი მუშაობის დროს გაკეთდა.
„ვიდრე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ფაქტობრივად თანამდებობა არ დარჩა, რომელზეც მას არ უმუშავია. ის იყო ბიზნეს ომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც... გახარია იყო პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ყოველთვის იყო ჩართული ქვეყნის მართვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში... გახარიას სიტყვას მეტი ძალა ჰქონდა მინისტრობის დროსაც კი, ვიდრე მაგალითად - პრემიერ მამუკა ბახტაძისას...
ჩემთვის გაუგებარია, წასვლისა და ძველ გუნდთან დაპირისპირების გადაწყვეტილება ასე უცბად რომ მიიღო. რანაირად აკრიტიკებს იმ ხელისუფლებას, რომლის მართვის ბერკეტებთანაც თავად იყო?! ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მე რომ დავიწყო ახლა საუბარი სასჯელაღსრულების სისტემის იმ პერიოდზე, როდესაც მე ვიყავი მინისტრი“ - აცხადებს კახა კახიშვილი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს ასევე, რომ გახარია „ქარიზმატული ტიპაჟია“ და გარკვეული მხარდამჭერების მობილიზებაც შეძლო, მაგრამ არ იცის, რამდენად გამოუვა ყოფილ პრემიერს პოლიტიკურ ველზე წარმატებული მოქმედება „მთელი სახელმწიფო მანქანისა და პლუს - პარტიული მანქანის პიარის“ გარეშე.
ასევე ნახეთ პრემიერ-მინისტრი: "მინდა საერთოდ გავიგო, რას აპირებს გახარია"ვისი კონკურენტია გახარიას პარტია?
- „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას საკუთარი გუნდის მოტყუებასა და „ზურგში დანის დარტყმაში“ ადანაშაულებს. პარტიაში გაკეთდა განცხადებები, რომ ენმ-ის ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებული მიზეზით გადადგომით გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა. თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ გახარიას გუნდი მათ არჩევნებზე ვერაფერს დააკლებს.
- ამგვარი განცხადებების საპასუხოდ გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ სამომავლო მარცხის ეშინია და ნერვიულობას დაპირისპირებაში ჩათრევის მცდელობით გამოხატავს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბოლო დღეებში აქტიურად აკეთებდნენ კომენტარებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის შესახებ, რომ გახარიას გუნდს შესაძლოა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი კეზერაშვილი აფინანსებდეს. ამბობენ, რომ ზუსტად არაფერი იციან, მაგრამ თავიანთი კომენტარებით სწორედ ამ ვერსიის განმტკიცებას უწყობენ ხელს.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: გახარიას ფაქტორი გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე"ნაცები გვაბრალებენ, რომ (ვანო) ჩხარტიშვილი გვაფინანსებს, ქართული ოცნება გვაბრალებს, რომ (ირაკლი) კეზერაშვილი გვაფინანსებს. ნუ რეალურად, ეს ყველაფერი არის სასაცილო, ტყუილი, ერთადერთი სამწუხარო არის ის, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ამ ფეიკ ნიუსებს ავრცელებს" - უთხრა ჟურნალისტებს გახარიას გუნდის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.
ექსპერტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას გუნდი მომავალ არჩევნებში ხმებს პირველ რიგში სწორედ „ქართულ ოცნებას“ წაართმევს და შემდეგ უკვე გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მიმხრობას შეეცდება. ექსპერტები ასევე დარწმუნებული არიან, რომ გახარიას პარტია ვერ შეძლებს ოპოზიციური პარტიების და, მაგალითად - „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების გულის მოგებას.
ასევე ნახეთ ვისთან ერთად, ვის წინააღმდეგ? გახარიას გააქტიურების ორი ვერსიაოპოზიციის უდიდეს ნაწილს გახარიას პარტია დასუსტებული „ქართული ოცნების“ მაშველ რგოლად წარმოუდგენია და მას ხშირად მოიხსენიებენ „ქართული ოცნება 2“-ადაც. ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ამგვარმა აღქმამ შესაძლოა ხელი შეუშალოს პარტიას "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებულთა მიმხრობაში.
შეძლებს თუ არა გახარია, რომ თავისი პარტიის იმიჯი რეალურად გამიჯნოს „ქართული ოცნებისგან“?
ექსპერტი გია ხუხაშვილი გვეუბნება, რომ ეს „ძალიან რთული ამოცანა“ იქნება და პირადად მისთვის ეს დამაჯერებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებასაც შეძლებს.
„საზოგადოებაში რჩება განწყობა, რომ მიუხედავად პოლიტიკიდან წასვლის განაცხადისა, ძალაუფლებაზე კონტროლს ისევ ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს. შესაბამისად, თუკი გახარია მხოლოდ კობახიძეს და ღარიბაშვილს დაუპირისპირდება და არ შეეხება ივანიშვილს, მის პარტიას ძალიან გაუჭირდება, რომ ხალხმა ის „ქართული ოცნების“ ნამდვილ კონკურენტად აღიქვას...
ეს არის მისი ერთადერთი შანსი და თუკი შეძლებს, გახარიას ბევრი რამის მოყოლაც მოუწევს, მაგალითად - ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას პოსტი დაეტოვებინა ანდა რატომ ვერ შეძლო ხელქვეითების მოხსნა, თუკი ისინი მას ეწინააღმდეგებოდნენ?!“ - გვეუბნება ხუხაშვილი.
ის ფიქრობს, რომ გამოსაჩენად და პარტიის დასაფუძნებლად გიორგი გახარიამ კარგი დრო შეარჩია, რადგან მანამდე პოლიტიკურ ველზე დიდი ხმაური იყო, ხოლო უფრო მეტად დაგვიანება მას აშკარად დააზარალებდა.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ექსპრემიერს ახლა მხარდამჭერებში „საკმაოდ მაღალი მოლოდინის რეიტინგი“ აქვს; მაგრამ ეს რეიტინგი, გამოჩენის შემდეგ, შესაძლოა ერთ წამში ისევე გაიზარდოს, როგორც - შემცირდეს ან გაქრეს.