Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი: "მინდა საერთოდ გავიგო, რას აპირებს გახარია"


ბათუმში მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას სამომავლო პოლიტიკური აქტივობის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან განაცხადა, რომ თავად სურს გაიგოს, რას აპირებს გახარია: "მე მინდა საერთოდ გავიგო, რას აპირებს გახარია. მინდა გავიგო მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო. იცოდეს ყველა ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა, რომ ყველა ადამანის ქმედებას მიეცემა შესაბამისი განარტება და შეფასება. ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი", - ირაკლი ღარიბაშვილმა აღარ განმარტა, თუ რას გულისხმობდა და ბრიფინგის ადგილი მალევე დატოვა.

მანამდე კი ისაუბრა, რომ ბათუმში შეხვდა "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებს, წარმომადგენლებს და აქტივისტებს. მისივე თქმით, პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტია ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ღარიბაშვილი დღეს ბათუმში სასტუმრო "ჰილტონში" დახურულ კარს მიღმა შეხვდა პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, რეგიონში თანამდებობის პირებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ტყუილში დაადანაშაულა: "გახარიამ მოიტყუა ფართო გაგებით 17-18 თებერვალს და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი, სამწუხაროდ, ეს გრძელდება და ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც იყო ძალიან მძიმე ნაბიჯი მისი მხრიდან", - განაცხადა ბათუმში მყოფმა ირაკლი კობახიძემ, "ქართული ოცნების" წევრებსა და აქტივისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაპატიმრებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის.

XS
SM
MD
LG