ცა გაბაცდა ოდნავ თითქოს, დასალიერზე

მუხათწყაროში მაშინ შიდა ქუჩებს სახელები არ ჰქონდა. და იმ ქუჩის მცხოვრებლებმა, სადაც გურამ დოჩანაშვილის სახლი იდგა, გადაწყვიტეს, თავიანთი მოკლე სავალი გზისთვის აგარაკის საამაყო მწერლის, და ყველასთვის უზომოდ საყვარელი ადამიანის სახელი მიენიჭებინათ. დიდები და პატარები ერთად ჩაერთვნენ ამ საქმეში - ერთმა ფიცარი მოათრია, მეორემ გამოჭრა, მესამემ გადაღება, მეოთხემ „გურამ დოჩანაშვილის ქუჩა“ წააწერა, მეხუთემ ბოძი იპოვა, მეექვსემ ეს ფიცარი ბოძზე მიამაგრა... გამზადებული ფირნიში მთავარი გზის პირას უნდა დაესვათ. მაგრამ როგორც ველოდი, ისე მოხდა: ამბავმა მწერლის მეუღლის, ნათელა დეიდას ყურამდე როგორც კი მიაღწია, მან ინიციატორები მაშინვე დაიფრინა - სად გაგონილა, ცოცხალი კაცის სახელს არქმევდეთ ქუჩასო!.. გამზადებული ფირნიში ერთ-ერთმა გაწბილებულმა თავის ფარდულში შეათრია და ისტორიაც ასე დამთავრდა.

ეჭვი მაქვს, მთელი ეს ფაციფუცი ძია გურამს არც გაუგია. და ისედაც, მას ძალიან ცოტა რამ ესმოდა იმისი, რაც მუხათწყაროში ხდებოდა. ის თავის ჰაერში გამოკიდებულ აივანზე იჯდა ხოლმე გარინდებული და მორიგ ტექსტზე ფიქრობდა. ანდა თავის მეტისმეტად ვიწრო და კეთილმოუწყობელ „კაბინეტში“ საბეჭდ მანქანაზე უკაკუნებდა. გზის პირას ძალიან იშვიათად ჩნდებოდა. ძირითადად მაშინ, როცა მაღაზიაში გადაწყვეტდა ჩასვლას სასმელის საყიდლად. მის დათრობას ძალიან ებრძოდა მეუღლეზე დაუღალავად მზრუნველი ნათელა დეიდა, ამიტომ ასეთი ხრიკიც კი მოიგონა: უალკოჰოლო ლუდები იყიდა, მაღაზიის გამყიდველ სვეტას მისცა და დაავალა: როცა გურამი შემოვა ლუდის საყიდლად, ესენი მიეცი, მაგდენს არ დააკვირდება რამდენპროცენტიანიაო.

ზაფხულში ჩემთან ამოსული სტუმრები თუ გაიგებდნენ რომ ორი სახლის ქვემოთ, ორმოცდაათ მეტრში მაესტრო ცხოვრობდა, ხვეწნით თავს წამაჭამდნენ. ყველას უნდოდა, წამეყოლიებინა და ცოტა ხნით სასაუბროდ ჩავსულიყავით მასთან. ამ თხოვნას თითქმის ვერავის ვუსრულებდი - მწერლისთვის ძვირფასი მყუდროების დარღვევას უცხო ხალხით ვერიდებოდი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მეგობარი ამომაკითხავდა, რომელიც მას ასე თუ ისე კარგად იცნობდა, ჩავყვებოდი ხოლმე დაბლა მთავარი მუხათწყაროელის მოსანახულებლად.

ასე იყო, როცა ზაზა ბურჭულაძე ამოვიდა ჩემთან და ღამითაც დარჩა. საღამოთი კაი ხანი ვისხედით დოჩანაშვილების აივანზე, მეორე დღეს, დილით კი, როცა ნაბახუსევზე ვსაუზმობდით, „ზაზა, ზაზა!..“ გავიგონეთ. გავიხედეთ და ძია გურამი დავინახეთ, რომელიც ჩემი სახლისკენ მოიწევდა, რათა ზაზას დამშვიდობებოდა, სანამ ის თბილისში დაბრუნდებოდა. მაგიდას შემოუჯდა ჩვენთან ერთად, მაგრამ სადღაც ხუთიოდე წუთში იქვე ნათელა დეიდაც გაჩნდა მათლაფით ხელში -ხომ იცი, დილით შენთვის ეს ფაფა აუცილებელიაო. ძია გურამი იცინოდა, პირს მორჩილად აღებდა, მეუღლის ხელით მიწოდებულ დილის ულუფას იღებდა და თან გვესაუბრებოდა, ჩვენ კი არაყს ვურახუნებდით და რაღაც მჟავეულობას ვაყოლებდით. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, იათაშვილებს რომ ესტუმრა გურამ დოჩანაშვილი, თავისი დილის საუზმით, თვალებში ვარსკვლავებით და განუმეორებელი ღიმილით.

ადამიანის მეხსიერება ისეთი თავისებურია, რომ ძვირფასი საუბრებიდან შეიძლება ძალიან უცნაური მომენტები შემოგიტოვოს. მაგალითად, ერთხელ რომ შევუარე, იჯდა და სამხრეთამერიკულ სერიალს უყურებდა. გურამ ძია, ამას უცქერით-მეთქი? - გავიკვირვე. ჰოო, - დამიდასტურა. და რატომ-მეთქი? - ჩავეძიე. ავეჯს ვათვალიერებო, - ამიხსნა, - კარგი ავეჯი დგას ამ სერიალებშიო. აი, ასე, იჯდა, სამხრეთამერიკული სერიალების ავეჯს უყურებდა და სავარაუდოდ თავის ახალ პერსონაჟებზე ფიქრობდა. ასე ალბათ უფრო კარგად გამოსდიოდა.

მისი გარდაცვალების საშინელი ამბავი რომ მოვიდა და ფეისბუკზე ყველამ, ვისაც დიდ მწერალთან უშუალო შეხება ჰქონია, მისი გახსენება დაიწყო, მე პირველ რიგში ის ამბავი ამომიტივტივდა თავში, თუ როგორ მასწავლა უშეცდომოდ კორექტურის კითხვა და დავწერე ეს კიდეც ჩემს გვერდზე: ყოველი ახალი წინადადება უკნიდან უნდა წაიკითხოო, - ამიხსნა, - ანუ ჯერ ბოლო სიტყვა, მერე ბოლოსწინა და ასე შემდეგ, სულ ბოლოს - პირველიო. ასე როცა კითხულობ, აზრს არ მისდევ, სიტყვების გრაფიკას აკვირდებიო.

ადრე ერთი-ორჯერ ვცადე ამ ხერხის გამოყენება, მაგრამ ძალიან დამღლელი იყო. მერე წარმოვიდგინე ასე ამოყირავებული უშველებელი რომანები და ცოტა დაუჯერებელი მომეჩვენა. თუმცა აი, აქვეა ასეთი მოგონება-კომენტარიც: „მეო, მწერალი კი არა, კორექტორი ვარო, – მეუბნებოდა, – ორჯერ და სამჯერ მეტ დროს ვახმარ კორექტურას, ვიდრე წერასო.” - გაახსენდა ჩემს მონათხრობზე პაატა ნაცვლიშვილს. ასე რომ ალბათ მაინც უნდა დავუშვათ, რომ თავის წიგნებს სტამბაში გაშვების წინ ეს ჩვენი ჯადოქარი ავტორი უკუღმა კითხულობდა.

და თუ ასეა, „ცა გაბაცდა ოდნავ თითქოს, დასალიერზე, ერთგან მხოლოდ, ბნელოდა ძალიან კიდევ ჯერ“ - აი, ასეთი უნდა ყოფილიყო „სამოსელი პირველის“ პირველი წინადადება, ბოლო კორექტურისას გაჟღერებული. ისე, დიდად არც დაინგრა წინადადება არა, რას ფიქრობთ? ძალიან ელასტიურია ქართული ენა და იმიტომ. და გურამ დოჩანაშვილის ხელში ხომ კიდევ უფრო ელასტიური გახდა. ის ფორმალიზმი, რითიც სავსეა მისი შემოქმედების მეორე პერიოდი და ამის გამო ნაკლებად კითხვადი და პოპულარულია, ვიდრე ადრეული ტექსტები, რაღაც გაგებით, ხომ უკუღმა წაკითხული სინტაქსია, ენის დეკონსტრუქციაა. და საერთოდ, ძალიან რთული ფენომენი იყო გურამ დოჩანაშვილი - ერთი მხრივ ყველასთვის საყვარელი ტექსტების ავტორი, ყველას გულის გამთბობი და გამხარებელი, და მეორე მხრივ, ბოლომდე ჩაძირული ენის საიდუმლოებებში, ენის თამაშებში, ბოლომდე მოწყვეტილი „წესიერ მკითხველს.“ ის მუდამ ორი ქუჩით დადიოდა და ორივე ბოლომდე მისი იყო. თუმცა ჩვენ მხოლოდ დოჩანაშვილის ერთი შარაგზა ვიცით, მეორე ჯერ კიდევ გასააზრებელი და გამოსაკვლევია.

მალე ზაფხული მოვა. მუხათწყარო ისევ შეივსება. მაგრამ სამწუხაროდ პირველი და მთავარი მუხათწყაროელი იქ აღარ ავა. და ვიცი, ჩვენს ქუჩაზე დიდები და პატარები კვლავ მოგროვდებიან, აუცილებლად გააკეთებენ თავიდან ფირნიშს წარწერით „გურამ დოჩანაშვილის ქუჩა“ და გზის პირას დაასობენ.