ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად ჩატარდება ვაქცინაციის პროცესი, რამდენ ხანს გასტანს პოლიტიკური კრიზისი, როდის და რა მასშტაბით აღდგება ტურიზმი და გახდება თუ არა ისევ შეზღუდვების დაწესება ეპიდემიის სამართავად საჭირო.
ტურიზმის გახსნა ეკონომიკისთვის ხნას ნიშნავს, შეზღუდვების გამკაცრება - კიდევ უფრო გაღარიბებას. საქართველოს ეკონომიკას ახლა ყველაზე მეტად უცხოური ინვესტიციები სჭირდება, თუმცა მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი, რეგიონში არასტაბილური გარემო და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომლის ფონზეც სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა ღიად არის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო პარტნიორების მიერაც განხილული, ინვესტიციების შემოსვლისთვის მიმზიდველ სურათს არ ქმნის. დღეს, როცა წლის განმავლობაში ლარის რეკორდულად გაუფასურდა, თანამდებობა დატოვა ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა.
ლარი დოლართან ბოლო ერთი თვის განმავლობაში 3.4%-ით გაუფასურდა - დღეს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა. ლარი გაუფასურებას აგრძელებს ევროსთან მიმართებითაც - ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0426 ლარია, თუმცა ეს ეროვნული ბანკის კურსია. კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის და ევროს ღირებულება უფრო მეტია. ეროვნული ბანკმა 2021 წელს ლარის გასამყარებლად ჯამში 160$ მილიონი დოლარი გაყიდა. ბოლო ინტერვენცია წინა კვირას მოხდა - მაშინ 40 მილიონი დოლარის გაყიდა.
მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს ფარავს, ნათქვამია, რომ საქართველომ ის მიღწევა, რაც სიღარიბესთან ბრძოლაში ჰქონდა, პანდემიის დროს დაკარგა - 2020 წელს სიღარიბე ქვეყანაში 5,4%-ით გაიზარდა.
“ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის სამხრეთ კავკასიამ 2020 წელს ერთ-ერთი უმწვავესი ეკონომიკური კოლაფსი განიცადა, რაც კონფლიქტმა და COVID-19-ის შემთხვევებისა და სიკვდილობის მაღალმა მაჩვენებლებმა განაპირობა.
COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4 პროცენტული ერთეულით გაიზარდა. სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ფისკალურმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა” - ასე აფასებს მსოფლიო ბანკი საქართველოში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს.
“მთავარი წამალი ახლა რაც შეიძლება იყოს, უცხოური ინვესტიციებია. ჩვენ გვჭირდება როგორც კაპიტალი, ისე ცოდნა. არც ერთი არ გვაქვს - რაღაც რომ ვაწარმოოთ, ექსპორტი გავზარდოთ, ამ კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების შემოსვლა. მთავრობის მხრიდან ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა უნდა იყოს მთავარი საზრუნავი. ჩვენ გვაქვს ჩინეთთანაც და ევროკავშირთანაც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები, მაგრამ დიდი გარღვევა ექსპორტზე არ გვაქვს იმის გამოც, რომ კაპიტალის გარდა ცოდნაც გვჭირდება: რა ვაწარმოოთ, როგორ გავიტანოთ” - უთხრა რადიო თავისუფლებას ევა ბოჭორიშვილმა, “გალტ & თაგარტის” ანალიტიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტებში ნავარაუდევი იყო ლარის ამ ნიშნულამდე გაუფასურება - თუ პოლიტიკური კრიზისი დიდხანს გასტანს და ვაქცინაციის ტემპი არ აჩქარდება, პროგნოზები კიდევ უფრო პესიმისტური გახდება.
ასევე ნახეთ 2020 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2009 წლის მაჩვენებელს ჩამოსცდავაქცინაცია საქართველოში იმ ტემპით მიდის, რომ ძნელად წარმოსადგენია პირველადი გეგმა შესრულდეს და წლის ბოლოს მოსახლეობის 60%-ის აცრა მოესწროს, რაც ეკონომიკის გახსნისთვის აუდილებელი წინაპირობაა. მსოფლიო მესამე ტალღის მოლოდინშია, ქართველი ეპიდემიოლოგებიც ამბობენ, რომ კოვიდით ინფიცირების შემთხვევები კვლავ მზარდია და შესაძლოა კორონავირუსის შესაჩერებლად კვლავ მკაცრი შემზღუდავი ზომები გახდეს საჭირო. საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზე იყო მსოფლიოს 184 ქვეყნას შორის.
ორჯერ გამოცხადებული ლოქდაუნის შედეგად საქართველოს ეკონომიკამ 2020 წელს სავარაუდოდ 1 მილიარდი ლარის ზარალი მიიღო. “გალტ & თაგარტის” ანალიტიკოსების გათვლებით, ლოქდაუნისას საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ 16 მილიონ ლარს კარგავდა.
2020 წელს ლარი 14.3%-ით გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ. ქვეყანაში ტურიზმის სექტორი არ გაიხსნება, მოსალოდნელია რომ 2021 წელსაც 3,3 - 3,4-ის ფარგლებში დარჩება ლარის კურსი. ლართან მიმართებაში არც ოპტიმისტური სცენარია ძალიან ოპტიმისტური - 3,15 - 3,20-ის ნიშნულს ის არც ტურიზმის გახსნის შემთხვევაში ჩამოცდება. თიბისი კაპიტალის მარტის თვის გათვლებით, ლარის მნიშვნელოვნად გამყარება მომდევნო თვეებში რთულად წარმოსადგენია.
“პანიკა ისეთი რამეა, თუ ეროვნული ბანკი არ ჩაერია, ინტერვენციები არ მოხდა, არაორდინალური, ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა მთავრობის მხრიდან - მოლოდინების მართვაც ძალიან რთულია და დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციასაც და სწორ ნაბიჯებსაც. გუშინ დაანონსდა ასი საწარმოს პრივატიზაცია, ფიქრობენ გახსნან თუ არა სახმელეთო საზღვრი ტურისტებისთვის - შეიძლება ამ გზებით დიდი ფული არ შემოვიდეს ერთად, მაგრამ ცოტაც იქონიებს დადებით გავლენას” - ამბობს ევა ბოჭორიშვილი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ინტერვენციებსაც წელსაც განახორციელებს, როგორც ამას გასულ წლებში აკეთებდა, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი, რომელმაც გუშინ გააცოცხლა მთავრობის თვეების წინანდელი იდეა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ, დღეს ამბობს, რომ პრემიერი ღარიბაშვილი 10 წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობს, რომელიც “ბიზნესს უფრო მეტ კომფორტს, სტაბილურობის და განჭვრეტადობის განცდას შეუქმნის.” ნათია თურნავას თქმით, ეს გეგმა ბიზნესთან ერთად შეიქმნება.
ასევე ნახეთ თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5,1%-ით შემცირდა - წინასწარი მონაცემებიარსებული ეკონომიკური კრიზისი და მისი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე რამდენიმე სტატისტიკური მონაცემებით ასე შეიძლება ავხსათ:
საქსტატისა და იუნისეფის ერთობლივი კვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის მარტიდან ოჯახების ნახევარზე მეტს [ 53%-ს] შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავალი. შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება COVID-19 და მასთან დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ბიზნესის დახურვა, სადაც მუშაობდნენ ან რომელსაც ფლობდნენ, ხელფასის ან სამუშაო საათების შემცირება.
თებერვალში წლიური ინფლაცია 3,6% იყო, თუმცა კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის ცვლილება გაცილებით მაღალი. მაგალითად, სურსათის კატეგორიაში თითქმის ყველა ქვეჯგუფში ფასები მკვეთრად გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:
- ზეთი და ცხიმი - 34%-ით გაძვირდა;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 14,1%-ით;
- ყავა, ჩაი, კაკაო - 12,4%
- თევზეული - 10,6%
- პური და პურპროდუქტები - 8,7%
- რძე, ყველი და კვერცხი - 6,4%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 6,4%
- მარტის თვეში ლარის კურსის ვარდნა ფასების კიდევ უფრო გაზრდის. პროდუქტი, რომელშიც იმპორტიორი 1 ევროს იხდის, საქართველოში დახლზე საუკეთესო შემთხვევაში, 4 ლარი ეღირება, 1 დოლარის ღირებულების პროდუქტი კი 3,50 ლარი. რამდენიმე პირველადი საჭიროების პროდუქტზე ფასების ზრდას ჩვენ კრიზისის დაწყებიდან ვაკვირდებით და აი, ასეთი სურათი გვაქვს:
2019 წლიდან 2021 წლამდე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სოციალურ სააგენტოში რეგისტრირებულ იმ პირთა რაოდენობა, რომელიც სახელმწიფოსგან მიზნობრივ სოციალურ დახმარებას იღებს:
- 2021 წელს საარსებო შემწეობას იღებს 148 653 ოჯახი, ჯამში 532 242 ადამიანი - სოციალურად დაუცველები პანდემიის მეორე წელს მოსახლეობის 14,3%-ს შეადგენენ.
- 2019 წელს სოციალურ შემწეობას იღებდა 129 766 ოჯახი, ჯამში 442 112 ადამიანი, ანუ მოსახლეობის 11,9%.
2021 წლის დასაწყისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზდებული კვლევის თანახმად, რომელიც ეკონომიკის პოსტკრიზისულ პერსპექტივებს აანალიზებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, საქართველოში მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული პროგრამები ვერ აკმაყოფილებს ყველაზე ღარიბი და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს.
“არავითარ ეჭვს არ იწვევს შშმ პირებისა და შეჭირვებული ოჯახების ფულადი დახმარების მიზანშეწონილობა შეზღუდვების მოქმედების მთელ პერიოდში, COVID-19 მსოფლიოში უკვე ღარიბთა დაავადებად გახდა ცნობილი, ამგვარად სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის გაცემული შემწეობა ცალსახად გამართლებულია, თუმცა აქ უნდა დაისვას კითხვა, – საჭირო იყო თუ არა მეტი დახმარება ამ კატეგორიის ადამიანებისათვის და უნდა ყოფილიყო თუ არა მთავრობის ქმედება ზოგადად მოსახლეობისათვის დაკარგული შემოსავლების შესაძლებლობის ფარგლებში ანაზღაურებაზე და არა ბიზნესების დახმარებაზე ორიენტირებული? ბიზნესის დახმარების სქემები არაეფექტურია ნორმალურ დროს და რატომ უნდა იყოს ისინი ეფექტური ახლა?” - ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელიც სრულდება პროგნოზით, რომ 2021 წელს კრიზისის გაჭიანურების პერსპექტივა უფრო რეალისტურია, ვიდრე ეკონომიკის გამოცოცხლება.
ასევე ნახეთ 2020 წელს საქართველოში 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა იყო