ექსპერტებისთვის ცხადია, რომ ამ პრიორიტეტული პრობლემის მოგვარება ევროკავშირისთვის რეპუტაციის საკითხსაც წარმოადგენს და ამიტომ, ბრიუსელის გეგმა აუცილებელ შედეგზეა ორიენტირებული. შედეგი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის კომპრომისს უნდა მოჰყვეს. საქართველოს ხელისუფლება ისევ ეჭვქვეშ აყენებს კრიზისის არსებობას და მიიჩნევს, რომ შეთანხმების მიღწევა უპირატესად ოპოზიციისთვის არის ხელსაყრელი. საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ბრიუსელში უწევს ლაპარაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.
მოულოდნელი დარჩენა
15 მარტს, როცა უკვე წასული უნდა ყოფილიყო საქართველოდან, შვედმა დიპლომატმა ევროკავშირიდან, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის პროცესი განაგრძო და დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოში დარჩენის შესახებ მოულოდნელი გადაწყვეტილება მან მედიას 14 მარტს, გვიან საღამოს აცნობა, დაახლოებით ერთ საათში მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები იმ ეტაპზე დასრულებული იყო და გაგრძელება მხოლოდ პრემიერ ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი.
„ჩვენ დაველოდებით შემდეგ მისიას. მოლაპარაკებები გაგრძელდება უკვე [პრემიერის ბრიუსელში] ვიზიტის შემდეგ... შეხვედრები დღეს დასრულებულია, მომდევნო პერიოდში გაგრძელდება დიალოგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 14 მარტს, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ. მან ასევე თქვა, რომ ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი „სავსე ხელებით“ იქნება წარმოდგენილი, რადგან „ასოცირების დღის წესრიგს ზედმიწევნით ახორციელებს ხელისუფლება“, ხოლო ოპოზიცია „ცარიელი ხელებით“ ქუჩაში რჩება.
ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგის კონკრეტული ეტაპი ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებამდე რომ დასრულდა, ამის შესახებ 14 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც განაცხადა.
სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა კრისტიან დანიელსონმა, რომ ის საქართველოში რჩება კიდევ ერთი დღით და იმედი აქვს, რომ რთული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდება.
15 მარტს კი, მასთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციამ გამოიტანა ამბავი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა საქართველოში ვიზიტი არა მხოლოდ ერთი დღით გაახანგრძლივა, არამედ აქ დარჩება მანამდე, ვიდრე მოლაპარაკებები შედეგით არ დასრულდება.
ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ კრისტიან დანიელსონის მოულოდნელი დარჩენა სწორედ ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შინაარსმა და კერძოდ - მოლაპარაკებების პროცესის დასრულებულად გამოცხადებამ განაპირობა.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე გვეუბნება, რომ კობახიძის ბრიფინგი გამაოგნებელი იყო ოპოზიციისთვის, რადგან 14 მარტს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დანიელსონი ისევ ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეხვედროდა.
„ველოდებოდით კიდევ ერთ შეხვედრას ჩვენთან, „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის შემდეგ და იყო ასევე მოლოდინი, რომ გვიან გაიმართებოდა ორმხრივი შეხვედრაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
მთელი დღე კავშირზე ვიყავით და ამიტომ (ირაკლი) კობახიძის ბრიფინგი აბსოლუტური მოულოდნელობა და გაოგნება იყო. მან პრაქტიკულად თქვა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები... ამიტომ დავიწყეთ კონტაქტზე გასვლა - რა ხდება? ჩვენ არ უნდა შეგვხვდეთ? რატომ?
სადღაც ერთ საათში, ვიდრე (კრისტიან დანიელსონი) საჯარო განცხადებას გააკეთებდა, ჩვენც მივიღეთ მესიჯი - ხვალ გაგრძელდება შეხვედრებიო. შემდეგ ეს მან პრესკონფერენციაზეც თქვა. დღეს კი გვითხრა, რომ რჩება შეთანხმების მიღწევამდე“.
ხათუნა სამნიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „როგორც კი გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა შეთანხმება შედგეს, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ თვითონ შეეძლო მოლაპარაკებები დაემთავრებინა... ევროკავშირმა თავისი რეაქციით აჩვენა, რომ ეს ასე არ დასრულდება და არავინ არის „ცარიელი ხელებითა“ და „სავსე ხელებით“, ვიდრე შეთანხმება არ დაიდება მაგიდაზე“.
ასევე ნახეთ გიორგი ვაშაძე: კრისტიან დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერავინ გაექცევა შეთანხმებასოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა მხარეებს კონსტრუქციული მუშაობისკენ მოუწოდა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა და კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს.
ოპოზიცია მოელის, რომ კრისტიან დანიელსონთან განმეორებითი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. 15 მარტს, საღამომდე არაფერი იყო ცნობილი, როდის შეხვდებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს „ქართული ოცნების“ ლიდერები. შეხვედრა გვიან საღამოს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაიწყო.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დამშვიდობების შემდეგ კრისტიან დანიელსონის საქართველოში დარჩენა „სასიამოვნო სიურპრიზი“ იყო მისთვის.
რას განიხილავენ მხარეები?
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი შეთავაზება ისეთი კონსტრუქციული და სამართლიანია, რომ ოპოზიციას, წესით, უარის თქმა უნდა გაუჭირდეს. ასეთი შინაარსის განცხადება 15 მარტს, უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
ასევე „სამართლიან შეთავაზებაზე“ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
„ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული. ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს, ვინაიდან, შეთანხმებისათვის მხარეებმა უნდა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ გააკეთოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც, სამართლიანი შეთავაზებების სახით, უკვე გავაკეთეთ“, - განაცხადა მან 14 მარტს, დეტალების დაუკონკრეტებლად.
ოპოზიციაში არ იციან, თუ რომელ „სამართლიანობაზე“ ლაპარაკობს „ქართული ოცნება“. ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულება არ აძლევს ხელს და ურჩევნია, რომ გააგრძელოს ცალკეული პირების დაყოლიების მცდელობა, პარლამენტში მათი შეყვანის მიზნით. თუმცა, ასევე ისმის ვარაუდები, რომ ბევრი რამ გაირკვევა ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის შინაარსიდან გამომდინარე.
მოლაპარაკებების დეტალების დაკონკრეტებას ყველა ერიდება, თუმცა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე რადიო თავისუფლებას უდასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრების დროს ოპოზიცია შარლ მიშელის მიერ დატოვებული 6-პუნქტიანი ნუსხის უფრო დეტალური ვარიანტის გარშემო მსჯელობს. ამ ნუსხის პუნქტები კი ასეთი იყო:
1) ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
2) კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;
3) პოლიტიკური მართლმსაჯულება, კერძოდ, პატიმრების საკითხის გადაჭრა;
4) პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიას და პასუხისმგებლობებისა და როლების სამართლიან გადანაწილებას;
5) პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის;
6) ფასილიტაცია-მედიაციის გაგრძელება და მიღწეული პროგრესის გადამოწმება, 16 მარტს, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საპატიმროდან დახსნისა და რიგგარეშე არჩევნების პრიორიტეტული მიზნებისთვის. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია სწორედ ამ ორი საკითხის „სწრაფად“ გადაწყვეტას მიიჩნევს აუცილებლად იმისათვის, რომ სხვა საკითხებზე „მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი ჰქონდეს“.
ოპოზიციაში მზად არიან იმისთვისაც, რომ ევროკავშირი მხარეებს საბოლოო შეთანხმების ტექსტს თავად შესთავაზებს.
„ვფიქრობ, მედიატორის როლი ეს არის, რომ ცალმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ უკვე ვნახოთ ევროკავშირის მიერ მომზადებული ორმხრივი დოკუმენტი. ჩვენ ახლაც სწორედ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს განვიხილავთ და არა „ოცნების“ შემოთავაზებებს.
ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის ბაზაზე კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტი. ვფიქრობ, ევროკავშირის საბოლოო დოკუმენტი იქნება ისეთი, რომელთან მიმართებითაც არცერთი მხარე არ იქნება გამარჯვებული ან დამარცხებული.
ვფიქრობ, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვების დოკუმენტი და ვინც მას ხელს არ მოაწერს, პირდაპირ ვიტყვი, რომ ის შეაფერხებს ქვეყნის წინსვლასა და წარმატებას“, - გვითხრა ხათუნა სამნიძემ.
ასევე ნახეთ მამუკა ხაზარაძე: "შემდეგი საათები უფრო ნაყოფიერი იქნება"„მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ 14 მარტს განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.
ამ მიმართულებით 15 მარტს აღარაფერი დაკონკრეტებულა. თუმცა მხარეები ბოლო ორი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მოხერხდა პოზიციების დაახლოება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და გარკვეულ ოპტიმიზმს გამოხატავდა თავად დანიელსონიც.
„მხარე, რომელიც ობსტრუქციას მოუწყობს ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე პროცესს, რეპუტაციულად აუცილებლად დაზარალდება, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, ასევე ქვეყნის შიგნითაც... ამან შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების გაციება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ვფიქრობ, რომ ამის ფუფუნება არა აქვს საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ამას დრო გვანახებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
მისი თქმით, საბოლოოდ, პასუხისმგებლობის უდიდესი წილი ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კონსტრუქციული მიდგომები და საღი კომპრომისი ასევე ოპოზიციის მხრიდანაც.
„ჩიხი“ თუ „ხელოვნური კრიზისი“
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და ინტენსიურ შეხვედრებს უკვე მეოთხე დღეა მართავს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა თბილისში ჩამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის შეშფოთება საქართველოს „პოლიტიკურ ჩიხში“ ყოფნას უკავშირდება.
მანამდე, თბილისში იმყოფებოდა თავად შარლ მიშელიც, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში კრიზისია და პოლარიზაციამ შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო საქართველოში კიდევ უფრო გამწვავებული კრიზისის ფონზე.
თუკი მიშელის ვიზიტის დროს ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ოცნებამ“ კრიზისის არსებობა აღიარა, 14 მარტს ეს აღქმა ისევ შეიცვალა. „ქართული ოცნება“ საქართველოში კრიზისს ეგრეთ წოდებულს უწოდებს და მის ხელოვნურ წარმოშობაზე საუბრობს.
„ეს ე.წ. პოლიტიკური კრიზისი არის თავიდან ბოლომდე ხელოვნური და როდესაც რაღაც ხელოვნურია, ის აუცილებლად ძალიან მალე დაიძლევა და ჩვენ ამაში ვართ დარწმუნებული“, - განაცხადა 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
არჩილ თალაკვაძემ შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „თუ ვინმეს სჭირდება დღეს პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, პარლამენტში დაბრუნება და ამ გადაწყვეტილებების მათი ჩართულობით განხილვა“, ეს არის ოპოზიციის ის ფრთა, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ხელოვნური და იოლად დაძლევადი კრიზისისთვის ევროკავშირი ასე ძალიან რომ არ შეიწუხებდა თავს, ცხადია ექსპერტებისთვის.
გია ნოდია ჩვენთან საუბრისას სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ კრიზისის აღიარებასთან დაკავშირებით ასე რადიკალურად განსხვავდება საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის პოზიციები და, შესაბამისად, ჩნდება საფრთხე კრიზისის გადაწყვეტასთან დაკავშირებითაც.
„როგორც ვხედავთ, ხელისუფლება არ აღიარებს კრიზისის არსებობას და ვითარების მისეული შეფასება რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის შეფასებასთან... „სავსე ხელები“ უნდა ნიშნავდეს კრიზისის გადაწყვეტას და როგორ უნდა გადაწყდეს კრიზისი, თუკი ხელისუფლება არ აღიარებს მის არსებობას?! გადაწყვეტა ნიშნავს შეთანხმების მიღწევას ოპოზიციასთან და ხელისუფლება ასე არ თვლის“, - გვეუბნება გია ნოდია.
პოლიტოლოგი რადიო თავისუფლებას ასევე ეუბნება, რომ პოლიტიკური დიალოგისთვის უპრეცედენტო ფორმატის დაწესებით ევროკავშირმა თავისი მიზნის სიმტკიცე უკვე დაადასტურა და ამით სასწორზე დაიდო როგორც თავად ევროკავშირის რეპუტაცია, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები. შესაბამისად, ბრიუსელისთვის უმნიშვნელოვანესია ამ მოლაპარაკებების შედეგით დასრულება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თბილისში ყოფნის დროს განაცხადა, რომ პოლიტიკური დიალოგის პროგრესი შეფასდებოდა ბრიუსელში, როცა იქ საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდოდა. „ოცნება“ პრობლემად არ თვლის, რომ ახალ პრემიერს ამ მხრივ თავის მოსაწონებელი არაფერი ექნება.
პრემიერი ღარიბაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბელგიის დედაქალაქში 15 მარტს გაემგზავრა და უკვე შეხვდა შარლ მიშელსაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე აუცილებლად იქნებოდა განხილული კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე დიალოგის პროცესი.
„თავად ის ფაქტი, რომ მან საკუთარი წარმომადგენელი გამოაგზავნა და მისი ჩართულობით მიდის ეს პროცესი, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას, რადგანაც სტაბილურობის გარეშე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა წარმოუდგენელია. პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მასთან ერთად განიხილოს თბილისში, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესები“, - განაცხადა ზალკალიანმა.