ამ განჩინებით შესაძლებელია, ჟურნალისტების სახლებიც გაჩხრიკონ, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს პროპორციული ძალა იძულებისთვის.
სამოქალაქო სექტორი ამბობს, რომ გამოძიების დაწყება ჩანაწერების წარმომავლობის და არა ჩანაწერში გაჟღერებული სავარაუდო დანაშაულების დასადგენად ხელისუფლებას კიდევ ერთხელ წაიყვანს მედიის დევნის მოჯადოებულ წრეზე. არსებობს შიში, რომ თუკი ხელისუფლება „TV პირველის“ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, ქვეყანა, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია, თითქმის ერთპარტიული პარლამენტის პირობებში ცხოვრობს და ვერ წყვეტს პოლიტიკური პატიმრების პრობლემას, ძალიან იოლად და გამოუსწორებლად დაიზიანებს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს.
რატომ ასაჩივრებს "TV პირველი" სასამართლოს განჩინებას და რა საფრთხე ემუქრება მედიას?
„განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, ის უკანონოდ იჭრება ჟურნალისტთა პროფესიულ თავისუფლებაში, მისი აღსრულება ქმნის ჟურნალისტის აბსოლუტური პრივილეგიით დაცული პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნების საფრთხეს და უნდა გაუქმდეს”, - წერია საჩივარში, რომლითაც „TV პირველის“ ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ადვოკატი აღსრულებამდე ითხოვს გაუქმდეს სასამართლოს განჩინება, რომელიც პროკურატურის გამომძიებლებს უფლებას აძლევს, მომდევნო 30 დღის განმავლობაში, როცა საჭიროდ ჩათვლიან, მაშინ ჩაატარონ ჩხრეკა კომპანიაში. ყველაფერთან ერთად, განჩინება ბუნდოვანია და ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა:
- რა იგულისხმება ელექტრონულ მატარებელში, რომლის პოვნის უფლებაც აქვს პროკურატურას: მეხსიერების ბარათი, ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი, სერვერი თუ კიდევ რაიმე სხვა მოწყობილობა?
- სად ტარდება ჩხრეკა საჭირო მტკიცებულებების საპოვნელად: მთელ ტელევიზიაში, ჟურნალისტების სახლებში, ერთი გადაცემის ჯგუფის სამუშაო ოთახში თუ ყველგან?
- ვის ეკუთვნის ან შეიძლება ჰქონდეს მეხსიერების მატარებელი, რომლის ამოღებასაც გამოძიება გეგმავს?
- თუკი არ არსებობს არც კონვერტი და არც მეხსიერების ბარათი აუდიოჩანაწერებით, როგორც ამას ჟურნალისტები ამბობენ, მაშინ რა მიზნით ტარდება ჩხრეკა?
- როგორი შეიძლება იყოს პროპორციული ძალა იძულებისთვის, თუკი მედია გამოძიებას ამ მტკიცებულებებს არ გადასცემს?
- განჩინებაში არ გვხვდება მსჯელობა, რა გავლენა შეიძლება იქონიოს საგამოძიებო მოქმედებებმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
ომბუდსმენის შეფასებით, მხოლოდ ამ უკანასკნელი ფაქტორის გათვალისწინებით, განჩინება საპროცესო-სამართლებრივი დასაბუთებულობის ელემენტარულ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
ასევე ნახეთ ინგა გრიგოლია ხელისუფლებას: გაძლევთ პირობას, არ დავთმობთ არც ერთი წამით ამ ტელევიზიასმარტივად რომ ავხსნათ, სასამართლოს გაცემული ნებართვა სამართალდამცველებს უფლებას აძლევს, ნებისმიერ დროს მივიდნენ ტელევიზიაში ან ჟურნალისტების სახლებში და ამოიღონ მათგან ნებისმიერი დოკუმენტი ან გაჯეტი და ეს ამ განჩინებით კანონიერად მიიჩნიონ. თუკი სამართალდამცველები იპოვიან ნივთიერ მტკიცებულებას, რაც მოწმის იდენტიფიცირებაში დაეხმარებათ, ეს იქნება სიგნალი სხვა წყაროებისთვის, რომ მედიასთან თანამშრომლობისას დაცულები ვერც ისინი იქნებიან. ეს კი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია - ასე მისთვის არასასურველი ნაკლები ფაქტი გახმაურდება. განჩინების გასაჯაროების და საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურებების შემდეგ, მის შინაარსზე კომენტარი გააკეთეს პროკურატურამ, სასამართლომ და მმართველმა გუნდმა.
- პროკურატურამ თქვა, რომ „TV პირველს“ უფლება აქვს, არ გადასცეს მათ ის „ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი“, რომლის ამოღების უფლებაც სასამართლოსგან ითხოვეს და მოსამართლემ დაუკმაყოფილა. სახელმწიფო ბრალდების მხარემ ამავე განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ „TV პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გადასცემს მათ მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს და დროულად დაინიშნება ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დასადგენად.
- თბილისის საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ განჩინებაში შაბლონური ტექსტი ჩაწერა, რასაც ამგვარ განჩინებებში წერენ ხოლმე მოსამართლეები, შესაბამისად, არ უნდა იყოს ეს დოკუმენტი გაგებული ისე, თითქოს გამომძიებლებს ნებას რთავს, ძალა გამოიყენონ ტელევიზიის წინააღმდეგ. სასამართლოს განცხადებამ ნათელი გახადა, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს რიგ შემთხვევებში ვითარების შესწავლის და მსჯელობის შედეგად არ იღებენ და ფორმალურად განიხილავენ საქმეებს.
- ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ახლა ის დრო აღარ არის, როცა ხელისუფლება მედიას დევნიდა. პრემიერის განცხადებამდე ერთი დღით ადრე მამუკა მდინარაძემ დაამშვიდა საზოგადოება და უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთ მედიას პრობლემა არ შეექმნება.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს განჩინება არ აღსრულდება პოლიტიკური ნების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდება მართლმსაჯულების პოლიტიკური სახე. განჩინების მოქმედების შეჩერება შეუძლია სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც უკვე მიმართა ტელეკომპანიის იურისტმა, გიორგი მშვენიერაძემ საჩივრით.
რადიო თავისუფლების დილის ეთერში „TV პირველის“ ჟურნალისტმა და ნოდარ მელაძის გადაცემის პროდიუსერმა, მაკა ჩიხლაძემ თქვა, რომ მიუხედავად ამ განცხადებებისა, სასამართლოს განჩინება მოქმედების 30-დღიანი ვადით ამ დრომდე ძალაშია.
Your browser doesn’t support HTML5
„არ შეიძლება, ამოღება მოხდეს წყაროს იდენტიფიცირებისთვის“, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ის თვლის, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის ჩხრეკაზე უფლების მისაღებად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიემართა, თუკი ტელევიზია უარს ეტყოდა ჩანაწერების გადაცემაზე, ტელევიზიას კი არ უთქვამს, რომ გადაცემაში გამოყენებულ აუდიოფაილებს არ გასცემდა. ნიკა სიმონიშვილი თვლის, რომ თუკი გამოძიების მიზანი ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა და ამ მიზნით ექსპერტიზების დანიშვნაა, მაშინ მათ ტელევიზიისგან ჩანაწერები სჭირდებათ და არა ის ელექტრონული მატარებლები ან სულაც კონვერტი, რაზეც საუბარია განჩინებაში.
რა ხდება მაშინ, თუკი არ არსებობს რაიმე კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელსაც გამოძიება ეძებს?
„TV პირველის“ ჟურნალისტები ამბობენ, რომ არ არსებობს კონვერტი, რომელსაც გამოძიება ეძებს და წყაროს დაცვის მიზნით არ აკონკრეტებს, რა დროს და რა გზით მიიღო აუდიოჩანაწერები. ასევე, ვერავინ გამორიცხავს, რომ თუკი ჩანაწერები ჟურნალისტებმა 10 დღის წინ მეხსიერების ბარათით მიიღეს, ის ელექტრონული მატარებელი უკვე განადგურებული იყოს.
„TV პირველის“ ცნობით, ახლა არსებობს მხოლოდ ასლი იმ ინფორმაციის, რაც წყარომ გადასცა. ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან, რა ჩანაწერებზეა საუბარი და როდის და რა გზით არის ისინი მოპოვებული.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი კი ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩანაწერების ასლების ამოღების გარეშეც შეუძლია ჩანაწერების წარმომავლობის დადგენა, ვინაიდან ხელი მიუწვდება მოსმენისა და თვალთვალის მექანიზმებზე.
ასევე ნახეთ მელაძის განმარტებით, სასამართლომ სიუჟეტში რეკონსტრუქციის დროს გამოყენებული კონვერტის ამოღების ნებართვა გასცარა არის მთავარი - არარსებული კონვერტი თუ საუბრის შინაარსი?
„სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით“, - თქვა „TV პირველის“ მოვლენებთან დაკავშირებით 12 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.
„მსხვერპლები ვართ ჩვენ, პირადად მე”, - თქვა ჩანაწერების გავრცელებიდან მეექვსე დღეს ამ თემაზე გაკეთებულ პირველ კომენტარში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ის ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს, თუმცა იქვე ადასტურებს, რომ ბერას უსაფრთხოების დასაცავად ანზორ ჩუბინიძე მოქალაქეების სახლში მიდიოდა და ამ დროს ის იყენებდა არა მხოლოდ კერძო პირის დაცვის რესურსებს, თანამშრომლობდა პოლიციასთანაც. ანუ, ირაკლი ღარიბაშვილი არ უარყოფს ამ ჩანაწერის შინაარსის სიახლოვეს რეალობასთან, უბრალოდ მიიჩნევს, რომ „არ არსებობს დანაშაული, ვინაიდან არ არსებობს დაზარალებული”.
ჩანაწერების ავთენტურობა არც ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს დაუყენებიათ ეჭვქვეშ - მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერში მინიმუმ სამი სხვადასხვა ადამიანის მიმართ დაშინებასა და ანგარიშსწორებაზეა საუბარი და ჩანაწერების გავრცელების შემდეგ არაერთი სხვა ადამიანი გამოჩნდა მედიაში, ვისაც ჰქონია ბერას მისამართით გამოთქმული კრიტიკული აზრის გამო შევიწროების გამოცდილება, გამოძიება ამ დრომდე ჩანაწერების შინაარსს საინტერესოდ არ მიიჩნევს.
ასევე ნახეთ ვინ რა თქვა სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ და რატომ არის ეს განცხადებები პრობლემურისამაგიეროდ, გამოძიება დაიწყო ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ. მამალაძემ თქვა, რომ იგეგმება ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია. ამ განცხადების შემდეგ მელაძეს და მისი გადაცემის პროდიუსერს, მაკა ჩიხლაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო დაცვით სარგებლობა შესთავაზა, თუმცა საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოძიება დაიწყეს ლევან მამალაძის განცხადებების საფუძველზე, შსს-ს არ გაუკეთებია.
როგორც მაკა ჩიხლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ გამოძიების შესახებ მათ იმ სატელეფონო ზარით გაიგეს. ჟურნალისტებს სახელმწიფომ მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა შესთავაზა, მაგრამ მოწმის სტატუსით არ გამოუკითხავს.
ჩანაწერების გავრცელების შემდეგ წარმოებული გამოძიებების პრაქტიკა საქართველოში არაერთგვაროვანია - ამ დრომდე გამოძიებისთვის საინტერესო იყო არა იმდენად ჩანაწერების ავთენტურობა, რამდენადაც შინაარსი. მაგალითად, გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, რუსულ სერვერზე განთავსებულ უკრაინულ ბლოგზე სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ისე დაიწყო, რომ ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ იყო - ამ ჩანაწერს გავრცელებისას ეწერა, რომ მასში ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია მონაწილეობდნენ.
ასევე ნახეთ ბერას საუბარი ღარიბაშვილსა და ჩუბინიძესთან - რას გამოიძიებს პროკურატურამოქმედი პრემიერ-მინისტრის სავარაუდო მონაწილეობით აუდიოჩანაწერის გავრცელება, საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებს ემთხვევა - ამ პერიოდში პოლიტიკური მართლმსაჯულების ილუსტრაცია ან დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა, არსებულ კრიზისს მხოლოდ ამძიმებს.