„ტვ პირველში" აცხადებენ, რომ კონვერტი, რომლის ამოღების ნებართვაც პროკურატურას მისცა სასამართლომ, სინამდვილეში სიუჟეტში კადრების რეკონსტრუქციის დროს იყო გამოყენებული.
„ტვ პირველის" მთავარმა პროდიუსერმა ნოდარ მელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რეპორტაჟი იწყებოდა, სწორედ, ამ რეკონსტრუქციის კადრებით, რომელშიც ჩანს კონვერტი. „მეტი კონვერტი ვერ ვხვდებით, რაზე შეიძლება იყოს საუბარი. ალბათ ეგონათ, რომ ასე, ტელევიზიაში მოაქვთ [კადრები]. ჰგონიათ, რომ ასე მოიტანა ვიღაცამ და კამერებით გადავუღეთ. სხვა ვერსია მართლა არ გამაჩნია. პროკურორს როგორ შეიძლება ეგონოს, რომ ტელევიზიაში ასე კამერებით ხვდებიან და შეაქვთ კონვერტი", - გვითხრა ნოდარ მელაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა კლდიაშვილის განჩინებაში, რომლითაც მან გენერალურ პროკურატურას კონვერტის ამოღების ნებართვა მისცა, ვკითხულობთ: „2021 წლის 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“-ს რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველი“-სთვის გადაცემული (გაგზავნილი) კონვერტი (ან/და სხვა შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა".
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემაც ბრიფინგზე მიმართა „ტვ პირველის" ჟურნალისტს: „თქვენს სიუჟეტში, როგორც მახსოვს, კონვერტი და „ფლეშკა" იყო წარმოდგენილი. თუ ატყუებთ საზოგადოებას, არ ვიცი".
„ფეისბუკზე" „ტვ პირველის" ჟურნალისტმა ანუნა ახალაიამ დაწერა: „როდესაც კადრი არ არსებობს და შენ მაყურებელს სურათის უკეთესად აღსაქმელად აჩვენებ რეკონსტრუქციას, როგორც ეს იყო „ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსსა და სიუჟეტში".
სიუჟეტში კადრების ნაწილს მართლაც გასდევს წარწერა „რეკონსტრუქცია”, თუმცა კონკრეტულად იმ მონაკვეთზე, სადაც კონვერტი არის ნაჩვენები - არა. მიუხედავად ამისა, ადვილი მისახვედრია, რომ ეს კადრები სიუჟეტის გასაფორმებლად არის გამოყენებული.
გენერალურმა პროკურატურამ ასევე მიიღო ნებართვა, ამოეღო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები.
„ტვ პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. სიუჟეტში გასულ ჩანაწერში ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინების საკითხს, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.
ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი „იმედთან" ინტერვიუში და თქვა: „თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.