TV პირველის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანი ინგა გრიგოლია ხელისუფლებას მიმართავს, რომ ვერასოდეს დახურავს TV პირველს:
„გავლილი გვაქვს ყველაფერი, ვართ ძალიან გამოწრთობილი თაობა ამ ბრძოლისთვის რომ ვიყოთ მზად და გაძლევთ პირობას, არ დავთმობთ, არც ერთი წამით ამ ტელევიზიას. რომელიც აი ამ ხელებით გვაქვს აშენებული ამ სტუდიაში, როცა ორი მიკროფონი იყო და მართლა ორი კამერით როცა ვმაუწყებლობდით. ამიტომ, გითხრათ, რომ არ ველოდითთქო მოგატყუებთ, რასაკვირველია ველოდი, რასაკვირველია ამ ჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ ველოდი ძალიან დიდ შემოტევას ტვ პირველზე და დღეს რაც არ უნდა ენა მოიჩლიქონ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და საზოგადოებას უთხრან პროკურატურის ორი სხვადასხვა განმარტებით, რომ უი, არა შეჭრა თურმე არ იგეგმება ტვ პირველში, მაშ მე მაქვს კითხვა, რას ნიშნავს ჩანაწერი იძულებით შესვლასთან დაკავშირებით. წინააღმდეგობის შემთხვევაში იძულებით პროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით...რას ნიშნავს იძულების პროპორციული ზომის მწვანე შუქის ანთება? არ გამოგივათ, გაძლევთ ამის პირობას“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ TV პირველში გამართულ ბრიფინგზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.
კერძოდ:
- ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
- კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ "TV პირველს" უფლება აქვს არ გადასცეს მათ ის "ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი", რომლის ამოღების უფლებაც სასამართლოსგან ითხოვეს და მოსამართლემ დაუკმაყოფილა. ამ შინაარსის განცხადებას თავად უწყებამ გაავრცელა.
"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.
ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.