გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, მერაბ გაფრინდაშვილის სიტყვებით, ნამახვანჰესი არ არის საფრთხის მომტანი რიონის ხეობისათვის. ცაგერში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებთან ერთად, დარგის სპეციალისტებიც ესწრებიან, გაფრინდაშვილმა თქვა, რომ ცაგერის მუნციპალიტეტში, იქ, სადაც 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანჰესი უნდა აშენდეს, ბოლო ათი წლის განმავლობაში 988 სახლი და საკარმიდამო ნაკვეთია გეოლოგიური სამსახურის მიერ შეფასებული.
„თუ იქ გვენდობით, მაშინ, აქაც უნდა გვენდოთ“, - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.
ასევე ნახეთ თურნავა ნამახვანჰესზე: „მოსახლეობას მივაკელით კომუნიკაცია“მისი თქმით, თუ ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესში ჩართავენ კვალიფიციურ ექსპერტებს და საპირისპიროს დაასაბუთებენ, ის მზად არის, თქვას, რომ ისინი მართლები ყოფილან.
გეოლოგი ხაზგასმით ამბობს, რომ არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კაშხალი სუსტ გრუნტებზე შენდება:
„პირიქით, მე აქ წამოღებული მაქვს გეოლოგიური რუკები, რომელიც აჩვენებს, რომ კაშხალი განთავსებულია მტკიცე პორფირიტულ ქანებში. ისევე როგორც არასწორია გავრცელებული აზრი, რომ მეწყერი შექმნის 34-მეტრიან ტალღას, რაც წალეკავს დასავლეთ საქართველოს“.
მერაბ გაფრინდაშვილი არ უარყოფს, რომ რიონის ამ ხეობაში მართლაც ბევრი მეწყერია. სწორედ გონის მთის მეწყრული ხასიათის გამო ითქვა უარი ჰესის კიდევ ერთი საფეხურის აშენებაზე.
ასევე ნახეთ შეჩერდეს ნამახვანჰესზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედება - საია და „მწვანე ალტერნატივა“ სასამართლოს მიმართვენმისი სიტყვებით, წყალსაცავის არეალში ყველაზე დიდი დერჩის მეწყერია, თუმცა გამორიცხულია მისი ერთიანად მოწყვეტა:
„რასაც ამბობენ, ეს 34-მეტრიან ტალღას გამოიწვევსო, ჯერ ერთი, გამორიცხულია, ერთიანად როგორ ჩამოვა, და მეორეც, რომ ჩამოვიდეს, 170 მილიონი კუბური მეტრის ტევადობის სივრცეა ეს ზონა... როგორ ფიქრობთ, შავ ზღვაში ცუნამი რატომ არ ვითარდება? იმიტომ, რომ ფართობი არ ჰყოფნის, გაქანების საშუალება არ არსებობს და ამ ვიწრო ხეობაში როგორ წარმოგიდგენიათ 34-მეტრიანი ტალღის წარმოქმნა, რომელიც დასავლეთ საქართველოს წალეკავს?“
ცაგერში გამართულ შეხვედრაზე მერაბ გაფრინდაშვილმა ასევე უპასუხა წყალტუბოს ბალნეოლოგიური წყლების გაქრობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და თქვა, რომ არავითარი საფრთხე ამ კუთხით წყალტუბოს არ ემუქრება, რადგან „აბსოლუტურად სხვადასხვა ზონაშია წყალტუბო და რიონის ხეობის ის ნაწილი, სადაც ნამახვანი უნდა აშენდეს“.
მერაბ გაფრინდაშვილმა ასევე თქვა, რომ საფრთხე შეიძლება გაჩნდეს მუხრანის ველზეც, ფარცხანაყანებშიც და სხვაგანაც, თუ რამე ცუდად აშენდება.
რაც შეეხება სეისმურ საფრთხეებს, მისი სიტყვებით:
„ბევრად უფრო ძლიერ სეისმურ ზონაშია ენგურჰესი, ვიდრე ნამახვანი იქნება“.
5 მარტს ცაგერში ნამახვანჰესის მშენებლობის გარშემო დაგროვილ კითხვებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები პასუხობდნენ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ საკითხზე მეტი კომუნიკაცია და ვითარების ახსნა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი დღით ადრე დაავალა.