Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურნავა ნამახვანჰესზე: „მოსახლეობას მივაკელით კომუნიკაცია“


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამ წუთებში ცაგერში, ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ.

„ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს მათ, ვინც კითხვებს სვამს და გულწრფელად გამოხატავს პროტესტს. თუმცა, ჩვენი აზრით, ისინი ბევრ რამეში გარკვეულები არ არიან და დიალოგი აუცილებელია. ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა დაინტერესებული პირი დავარწმუნოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოებისათვის ნამახვანი და მსგავსი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც საკუთარ რესურსს გამოიყენებენ და იმპორტზე ნაკლებად დამოკიდებულს გაგვხდიან, აუცილებლად უნდა აშენდეს. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიის გამო, მივაკელით კომუნიკაცია მოსახლეობას და ამდენი შეკითხვაც ამიტომ დაგროვდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ შეხვედრის დაწყებამდე.

ცაგერში მიმდინარე შეხვედრა თავდაპირველად დახურული იყო, ამიტომ მას არ ესწრებოდნენ რიონის ხეობის მცველები, ის ხალხი, ვინც თითქმის ოთხი თვეა გარეთ დგას და ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდნენ მათ, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „მათთანაც მივლენ“.

ჟურნალისტებმა შეხვედრის გახსნა მედიისთვისაც მოითხოვეს და დახურვის მიზეზი თავად ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა: „არა გვაქვს პრობლემა, შემობრძანდით“ - და შეხვედრა მედიისთვის მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნა.

ამ წუთებში მინისტრები მოსახლების კითხვებს პასუხობენ.

მთავრობის შეხვედრები მოსახლეობასთან ნამახვანჰესის საკითხზე მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ადგილზე ჩასვლა მინისტრებს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაავალა.

XS
SM
MD
LG