ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ნამახვანის ჰესის ხელშეკრულების შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებებს „სპეკულატიურს“ უწოდებს და წერს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 20-გვერდიან პასუხში დეტალურად განმარტა თითოეული საკითხი, რომლის მიმართაც მესამე სექტორის წარმომადგენელთა მიერ „არაზუსტი და არაკომპეტენტური შეფასებები იყო გავრცელებული“.
სამინისტრო მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნამახვანის ჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას.
„წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიურია, სრულიად დილეტანტური და გათვლილია მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდ აგორებული სადისკრედიტაციო კამპანიის ფარგლებში ვითომ კომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად, რომელსაც პრეტენზია სამართლებრივ შეფასებასა და კრიტიკაზე აქვს“.
3 მარტს, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) საქართველოს მთავრობასა და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიას, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოუსაფრთოებაში კი არ შეიტანს წვლილს, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ირწმუნება, არამედ, პირიქით, ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელი ფისკალური ტვირთი იქნება.
ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე, EMC ირწმუნება, რომ სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის მიცემულია არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით როგორც ძირითადი ნებართვების მიღება, ასევე მშენებლობის პროცესის დაწყება.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე - ეს კი „აბათილებს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებს“. ანალიზში ორგანიზაციას დეტალურად ჰქონდა მიმოხილული ტარიფის, მიწისა და წყლის რესურსის, კანონმდებლობისა და სხვა არაერთი კითხვის ნიშნის მქონე საკითხი.
სახელმწიფოს დამოკიდებულება ნამახვანჰესის მიმართ მკაფიოა - მთავრობის, კერძოდ, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, რომელიც საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტი გახდება.
ხელისუფლების აზრით, ამ საკითხში მთავარი პრობლემა მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა - სწორედ ამ მიზნით დაავალა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან დალაპარაკება.
პირველი შეხვედრა ნამახვანჰესის თაობაზე დღეს, 5 მარტს, ცაგერში იმართება.