“ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - გადაწყვეტილია თუ არა ევროპის "ცუდი გარიგების“ ბედი?

კრემლმა, რომელიც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაპატიმრებისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩებში გამოსული განრისხებული ათასობით რუსი დემონსტრანტის დაკავების გამო, ახალი სანქციების მუქარის წინაშე დადგა, ცოტა ხნის წინ სასიხარულო ცნობა მიიღო.

7 თებერვალს დანიის წყლებში მილების დადების სამუშაოები განაახლა კონსორციუმმა, რომელიც რუსეთის ბუნებრივი გაზის ევროპისკენ მიმავალ 12000-კილომეტრიან გაზსადენს აშენებს.

აღნიშნული გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, მაგრამ 2020 წელს, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა შეჩერდა.

ვაშინგტონი, დიდი ხანია, მტკიცედ ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას, რადგან მიაჩნია, რომ გაზსადენის ამოქმედება კიდევ უფრო მეტად გაზრდის ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე და მილიარდობით დოლარის შემოსავალს დააკარგვინებს უკრაინას, რუსეთის ბუნებრივი აირის სატრანზიტო ქვეყანას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან ერთად იზიარებს ვაშინგტონის შეშფოთებას.

გერმანია არ ცვლის პოზიციას

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“, თავისი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ნავალნის დაპატიმრებისა და რუსეთის ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო, მაგრამ, ევროკავშირის კრიტიკის პასუხად, სულ მალე კრემლმა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა რამდენიმე ქვეყნის - მათ შორის გერმანიის - დიპლომატებს.

მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, გასულ კვირაში განაცხადა, რომ იგი კვლავინდებურად მხარს უჭერს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას და მისი ეს აზრი „მოცემულ მომენტში“ არ იცვლება.

„რუსეთში განვითარებულ მოვლენებთნ დაკავშირებით უკვე განვაცხადე, რომ ვიტოვებთ უფლებას გავაგრძელოთ სანქციები კონკრეტული პირების მიმართ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არანაირ გავლენას არ ახდენს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ არსებულ გერმანიის პოზიციაზე“, - განაცხადა მერკელმა 5 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის გიგანტმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მილგამყვანი რუსული ხომალდ „ფორტუნას“ საშუალებით განახლდა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის სამშენებლო სამუშაოები ბალტიის ზღვის ფსკერზე, „გერმანიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში“.

ასევე ნახეთ „გაზპრომი“ აცხადებს, რომ განახლდა სადავო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა

მცირე პაუზის შემდეგ, იმავე მილგამყვანმა ხომალდმა 5 თებერვლიდან განაახლა დანიის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის მილსადენის გაყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ გემი „ფორტუნა“ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ იმყოფება, როგორც კონსორციუმში განუცხადეს „როიტერსს“, „ყველა სამუშაო ტარდება არსებული ნებართვის შესაბამისად“.

საფრანგეთმა მოუწოდა გერმანიას, ალექსეი ნავალნის დაკავების გარშემო შექმნილი ვითარების გამო უარი თქვას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის მშენებლობაზე“, იტყობინება სააგენტო France-Presse-ი.

რადიოსადგურ France Inter-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა, თქვა, რომ რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არ არის საკმარისი. ბონს მიაჩნია, რომ პროექტის ბედი მხოლოდ ბერლინს შეუძლია გადაწყვიტოს, რადგან გაზსადენი მის ტერიტორიაზე მთავრდება.

ასევე ნახეთ საფრანგეთმა გერმანიას მოუწოდა, უარი თქვას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაზე

საპრეზიდენტო კაპმანიის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, „ევროპისათვის ცუდი გარიგება“ უწოდა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს და როგორც თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯენ პსაკი, აცხადებს, პრეზიდენტი ახლაც იმავე პოზიციაზეა.

მაგრამ ახლა, როდესაც „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისთვის მილების გაყვანა მხოლოდ 120 კილომეტრის მონაკვეთზეა დარჩენილი, არსებობს თუ არა რაიმე ისეთი მიზეზი, რამაც შეიძლება შეაჩეროს ეს პროექტი?

ენერეგია და გავლენა

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ეს არის რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული „გაზპრომის“, გერმანული Uniper-ისა და Wintershall Dea-ს, ასევე ანგლო-ჰოლანდიური Shell-ის, ავსტრიული OMV- ისა და საფრანგეთში მდებარე Engie-ის ერთობლივი ინიციატივა.

როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ბუნებაში არსებობს „ჩრდილოეთი ნაკადი 1“, ხოლო „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ აორმაგებს უკვე არსებული გაზსადენის გამტარუნარიანობას, ჯამში, 110 მილიარდ კუბურ მეტრ გაზამდე წელიწადში.

„ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისათვის, როგორც მსოფლიოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყნისთვის, რომლის ხელისუფლებაც ნავთობითა და გაზით მიღებული შემოსავლით ხაზინასაც ავსებს და თავის გეოპოლიტიკურ გავლენასაც აძლიერებს.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არ ჩაერევა გაზსადენის მშენებლობაში. მან ივარაუდა, რომ ეს იქნებოდა დაბრუნება „საერთაშორისო ბაზარზე პატიოსნად კონკურენციაში“. პუტინმა აქ მიანიშნა სანქციებზე, რომელთა მეშვეობითაც, მოსკოვის მტკიცებით, ვაშინგტონი ცდილობს საკუთარი მოგების მისაღებად საერთაშორისო ბაზრიდან გააძევოს რუსეთი.

ამ ბრალდებას უარყოფს აშშ, რომლის შეშფოთების მთავარი მიზეზი ისაა, რომ დარწმუნებულია, გაზსადენის ეს პროექტი გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ბუნებრივ აირზე, საფრთხის წინაშე დააყენებს ევროკავშირის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და პოტენციურად გააძლიერებს რეგიონში მოსკოვის პოლიტიკურ გავლენას.

კომპანია „გაზპრომი“ ამაყობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად ზრდის ექსპორტს ევროპაში, სადაც ბუნებრივი აირის ბაზრის სულ უფრო დიდ ნაწილს იპყრობს. 2018 წელს ევროპაში იმპორტირებული რუსული გაზის მოცულობა 36 %-მდე გაიზარდა, მაშინ როცა 2011 წელს ის 27 % იყო. ევროპის ბაზარზე მეორე ადგილი ამჟამად, 27%-ით, ნორვეგიას უჭირავს.

რუსული გაზსადენის ბედი დიდწილად დამოუკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ აშშ და გერმანია მომდევნო კვირებში პოზიციების შეცვლას.

„გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბედი ჯერჯერობით გარკვეული არ არის, ვინაიდან ის დამოკიდებული იქნება აშშ-ისა და გერმანიის მოლაპარაკებაზე“, - განაცხადა ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა, მარია შაგინამ.

ჯო ბაიდენი, რომელმაც პრეზიდენტის ფიცი 20 იანვარს დადო, 25 იანვარს ანგელა მერკელს ესაუბრა ტელეფონით, მეორე დღეს კი - ვლადიმირ პუტინს, მაგრამ თეთრი სახლის ოქმში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ნახსენები არ ყოფილა.

„ჩვენ კვლავინდებურად გვჯერა, პრეზიდენტს კვლავინდებურად სჯერა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ეს არის „ცუდი გარიგება“ ევროპისათვის“, - განაცხადა ჯენ პსაკიმ 26 იანვარს და დასძინა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გადასინჯავს დონალდ ტრამპის მიერ შემოღებულ სანქციებს.

NDAA, CAATSA, PEESCA

„ჩვენთვის ცნობილია, რომ წინა ადმინისტრაციამ ახალი შეზღუდვები დააწესა გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებულ გარკვეულ საქმიანობაზე აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის კანონის (NDAA) ფარგლებში და ჩვენ ვაპირებთ გადავსინჯოთ ეს ზომები“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა

1 იანვარს აშშ-ის სენატმა კენჭი უყარა ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ვეტოს გაუქმებას. ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების (PEESCA) დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, NDAA-ს წარმოდგენილი პროექტი შეიცავდა „ჩრდილოეთის ნაკად 2“ -ის წინააღმდეგ მიმართულ მთელ რიგ დებულებებს.

კერძოდ, პროექტი უფრო მეტი სანქციებით ემუქრებოდა იმ სუბიექტებსა და კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ გაზსადენის მშენებლობაში ჩაბმულ მილგამყვან ხომალდებს და, ასევე, მონაწილეობენ გაზსადენის პროექტის გამოცდაში, ინსპექტირებასა და სერტიფიცირებაში.

თავის ბოლო სამუშაო დღეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მეტოქეთა სანქციებით დაპირისპირების კანონპროექტის (CAATSA) ფარგელბში, 19 იანვარს სანქციები დაუწესა რუსულ კომპანია KVT-RUS-ს, რომელიც ფლობს ზემოხსენებულ მილების გამყვან ხომალდ „ფორტუნას“.

და მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მრავალი კითხვის ნიშანი არსებობს გაზსადენის მშენებლობის დასრულების თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, 9 თებერვალს გერმანიის გარემოს დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (DUH) გაავრცელა ანგარიში, რომლის თანახმად, გერმანიის მთავრობა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციას დახმარების სახით სთავაზობდა, სავარაუდოდ, 1 მილიარდ ევროს (1,21 მილიარდი დოლარი), სადავო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის მიმართ ვაშინგტონის სანქციების თავიდან ასარიდებლად.

ორგანიზაცია „გერმანიის ეკოლოგიური საქმიანობის“ (DUH) მიერ 9 თებერვალს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ოლაფ შოლცმა, აღნიშნული თანხა შესთავაზა აშშ-იდან თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად მაშინდელ ფინანსთა მინისტრ სტივ მნუჩინს წერილში, რომელიც 2020 წლის აგვისტოთია დათარიღებული.

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს DUH-ის ამ ინფორმაციაზე ოპერატიული რეაგირება არ მოუხდენია.

თავის წერილობით კომენტარში მარია შაგინამ ივარაუდა, რომ აშშ შესაძლოა მზად იყო უარი ეთქვა PEESCA-ს სანქციებზე, თუ გერმანია გააფორმებდა ისეთ „დიდ გარიგებას“, რომელიც შეამცირებდა ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე და სამომავლოდ უზრუნველყოფდა უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, ფუნქციის შენარჩუნებას.

„მაგრამ ძნელი სათქმელია, თუ როგორი გარიგება იქნებოდა მისაღები აშშ-ისათვის „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის გამო შეშფოთების შესამცირებლად“, - ამბობს მარია შაგინა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, ერთი წლის თავზე, 2015 წლიდან უკრაინამ თანდათანობით შეწყვიტა რუსეთიდან ბუნებრივი აირის შეძენა და, ნაცვლად ამისა, გაზარდა გაზის იმპორტი ევროპიდან. შესაბამისად, „გაზპრომიც“ უკრაინის გავლით სულ უფრო მცირე რაოდენობის გაზის ტარნზიტს ახდენს ევროპაში.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის ამოქმედების შემთხვევაში, უკრაინა წელიწადში, დაახლოებით, $3 მილიარდ დოლარს დაკარგავს, - ამბობს შაგინა.

„პოლიტიკურად დამუხტული“ პროექტის შესაჩერებლად

როგორიც არ უნდა იყოს ვაშინგტონისა და მისი ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ, ბერლინის საბოლოო გადაწყვეტილებას განსაზღვრავს შიდა პოლიტიკა. უმთავრესი ეს არის. ქვეყანაში სექტემბისთვის დაგეგმილია საყოველთაო არჩევნები, როდესაც 15-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ თავის პოსტს დატოვებს კანცლერი ანგელა მერკელი.

მის მემკვიდრედ სახელდება გერმანიის უდიდესი პარტიის, კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატების (CDU) კავშირის ხელმძღვანელი, არმინ ლაშეტი, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის მშენებლობას.

ასევე ნახეთ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატებს ლაშეტი ხელმძღვანელობს, მერკელის შემცვლელი კვლავ უცნობია

სამაგიეროდ, CDU-ს პოტენციური პარტნიორები, „გერმანელი მწვანეები“, პირიქით, უფრო მწვავედ ილაშქრებენ გაზსადენის წინააღმდეგ.

ალექსეი ნავალნის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ „მწვანეები“ მოითხოვენ პროექტის მშენებლობის შეჩერებას და მათი ასეთი პოზიცია, როგორც ექსპერტები აცხადებენ, სერიოზული დარტყმის წინაშე დააყენებს ქვეყნის მომავალ კანცლერს.

გერმანელ „მწვანეთა“ ლიდერმა, ანანელა ბაერბოკმა, ცოტა ხნის წინ მკაფიოდ განაცხადა, რომ ის მოახდენს ზეწოლას გერმანიის მთავრობაზე, პოლიტიკურად დამუხტული გაზსადენის პორექტის შეჩერების მიზნით. „ჩვენ მთელი ძალით ვეცდებით ამას ახლაც და მომავალშიც“, - განაცხადა ბაერბოკმა გასულ კვირაში ტელეკომპანია ZDF-ან ინტერვიუში.

არის კიდევ ერთი მომენტი, რაზეც ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის გარშემო მიმდინარე ცხარე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. ენერგეტიკის საკითხების ნორვეგიელი მკვლევარი, არილ მო, ამბობს, რომ დღეისათვის ამ გაზსადენის აუცილებლობა ევროპისათვის შეიძლება აღარც კი არსებობდეს იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივ აირზე მოთხოვნა ევროკავშირში მოსალოდნელზე უფრო ნელა იზრდება.