Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატებს ლაშეტი ხელმძღვანელობს, მერკელის შემცვლელი კვლავ უცნობია


16 იანვარს გერმანიის უდიდესი პარტიის, კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატების (CDU) კავშირის ხელმძღვანელი არმინ ლაშეტი გახდა კენჭისყრით, რომლის შედეგები გასცდება საკუთრივ გერმანიას - ევროკავშირის უდიდეს წევრ ქვეყანას. ამ ფაქტს განიხილავენ ევროპის პოლიტიკაში ანგელა მერკელის შემდგომი ეპოქის ოფიციალურ დასაწყისად, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ლაშეტი თუ იქნება ის ფიგურა, რომელიც მერკელს კანცლერის თანამდებობაზე შეცვლის. მერკელი სექტემბრის ბოლოს აპირებს გადადგომას, ამ პოსტზე 16-წლიანი მუშაობის შემდეგ.

მყისიერი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ლაშეტი დგას, არის ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ის ორ მიმზიდველ კონსერვატორ აუტსაიდერს, რომლებიც შორიდან უმზერენ კანცლერის პოსტს, რა მოხდება რეგიონულ არჩევნებზე, COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკური და საზოგადოებრივი შედეგები და, სავარაუდოდ, დიდი ძალისხმევის წამღები მოლაპარაკებები პოტენციურ კოალიციურ პარტნიორებთან, 26 სექტემბრის საყოველთაო არჩევნების შემდეგ.

ერთი შეხედვით, თითქოს იოლია იმის გაგება, თუ რატომ ვერ დაინახა ყრილობის 1001-მა დელეგატმა მნიშვნელოვანი განსხვავებები პარტიის ხელმძღვანელის პოსტისთვის მებრძოლ სამ კანდიდატს შორის. სამივე მათგანი 50 წელს გადაცილებული, კათოლიკე კაცია, სამივე ყველაზე მეტი მოსახლის მქონე ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწიდანაა, და სამივე უჭერს მხარს უფრო ძლიერ ევროკავშირს და უფრო მტკიცე ტრანსატლანტიკურ ერთობას.

მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები იყო სტილში და ღირებულებებშიც - განსაკუთრებით ორ ლიდერს, ლაშეტს და ფრიდრიხ მერცს შორის.

ხელმძღვანელად არჩევის შემთხვევაში მერცი პარტიას ორიენტაციით უფრო მარჯვნივ დააბრუნებდა - მის კონსერვატიულ და ნეოლიბერალურ ფესვებთან. მკაფიო მესიჯებით მოლაპარაკე, 65 წლის მილიონერი ადვოკატი პოპულარული ფიგურაა პარტიის ბიზნეს-ფრთის წარმომადგენლებს შორის, თუმცა ის ნაკლებად მოსწონთ პარტიის წევრ ქალებს. ის, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნას შეეცდებოდა გერმანიის მცირე ლიბერალურ პარტიასთან, FDP-სთან, და დაიბრუნებდა ქრისტიან-დემოკრატებისგან გაუცხოვებული იმ ამომრჩევლის ნაწილს, რომელიც ბოლო პერიოდში ულტრამემარჯვენე Afd-სკენ გადაიხარა. თუმცა, მისი გამარჯვების შემთხვევაში გართულდებოდა შეთანხმების მიღწევა მწვანეებთან, რომლებსაც, ამჟამინდელი რეიტინგებით, 20-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ.

მერცმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა კენჭისყრის პირველ ტურში, თუმცა ვერ შეძლო აუცილებელი, 50-პროცენტიანი ნიშნულის გადალახვა. მეორე ტურში მერცის მეტოქეს, ლაშეტს, მიემხრნენ დელეგატები, რომლებიც მანამდე მესამე კანდიდატს უჭერდნენ მხარს - საგარეო პოლიტიკის სპეციალისტს, ნორბერტ რიოტგენს. შესაბამისად, ლაშეტმა მცირე უპირატესობით, 521 ხმით გაიმარჯვა, მერცის 466 ხმის წინააღმდეგ. რაც ნიშნავს, რომ ახალი მიმართულების არჩევის ნაცვლად, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა კვლავ მერკელის კურსის გაგრძელება აირჩია - ამჯერად უკვე მერკელის გარეშე, მაგრამ მისი მოკავშირის, ლაშეტის სახით.

ლაშეტი 2017 წლიდან ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის პრემიერია და მერკელთან ის თითქმის ყველა საკითხში თანხმდებოდა ხოლმე - თუმცა მას საგარეო პოლიტიკაში უფრო რბილი მიდგომის მომხრედ მიიჩნევენ, რაც ნიშნავს, რომ მან, შესაძლოა, უფრო შემრიგებლური ტონალობა აირჩიოს მოსკოვთან მიმართებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი არის ის, რომ პარტიის ხელმძღვანელად ლაშეტის არჩევა გზას უხსნის პოტენციურ კოალიციას მწვანეთა პარტიასთან, შემოდგომის ფედერალური არჩევნების შემდეგ. ეს იქნება წყვეტა ამჟამინდელ კოალიციურ პარტიასთან, სოციალ-დემოკრატებთან, საკუთრივ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი კი კვლავ ცენტრისტულ პოლიტიკას გაატარებს - რამაც ის ხელისუფლებაში ამდენი ხნის განმავლობაში დატოვა.

მთავარი შეკითხვა ახლა შემდეგია: რამდენად განხორციელდება ეს ყოველივე, თუკი კანცლერობის კანდიდატი ლაშეტი იქნება?

კანცლერობის კანდიდატად ყოფნა შესაძლოა მოინდომოს ლაშეტის ალბათ ყველაზე მაღალი რანგის მხარდამჭერმა, ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა - და ამ შემთხვევაში უცნობია, რა რეაქცია ექნებ ამაზე თავად ლაშეტს. შპანი პოპულარული ფიგურაა ქვეყანაში, და თუკი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა გაზაფხულზე შედეგს გამოიღებს, ის კიდევ უფრო მეტ ქებას დაიმსახურებს. 40 წლის შპანს პარტიის გაახალგაზრდავების პოტენციალი აქვს. ის ღიად გეია, რაც ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას საშუალებას მისცემს შეიქმნას ახალი, უფრო ტოლერანტული იმიჯი. თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ მისი ახალგაზრდა ასაკი და სექსუალობა შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი ამომრჩევლის ბირთვისთვის, რომლის მხარდაჭერის მოპოვებასაც ეს პარტია ტრადიციულად ესწრაფვის.

კანცლერობის კიდევ უფრო ძლიერი კანდიდატია მარკუს ზიოდერი, ბავარიის ამჟამინდელი პრემიერი, რომელიც, ამავდროულად, ხელმძღვანელობს ქრისტიანულ-სოციალურ კავშირს - ქრისტიან-დემოკრატთა მოკავშირე პარტიას ბავარიაში. მთელ ამომრჩეველში მისი პოპულარობის რეიტინგი 55 პროცენტს უტოლდება, კონსერვატიული შეხედულებების მოქალაქეებში კი მას განსაკუთრებით მაღალი, 80-პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

ისევე, როგორც მერკელმა ქრისტიან-დემოკრატების შემთხვევაში, ზიოდერმაც უფრო პოლიტიკური ცენტრისკენ წაიყვანა თავისი პარტია, ქრისტიანულ-სოციალური კავშირი. ამომრჩევლის ფართო სპექტრის მიზიდვის უნარის გამო მას ხშირად ადარებენ ხოლმე ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს.

ზიოდერი ჯერჯერობით ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი ბავარიაა და არა ბერლინი - თუმცა ამის ბევრს არ სჯერა. გაზაფხულზე, როცა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და ქრისტიანულ-სოციალური კავშირი კანცლერის კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ, მისი სახელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება სიაში. ქრისტიან-დემოკრატები, როგორც უფრო დიდი პარტია, როგორც წესი თავიანთ წევრს წამოაყენებენ ხოლმე ამ პოსტის კანდიდატად. ქრისტიანულ-სოციალური კავშირის წევრები კანცლერობის კანდიდატები მხოლოდ 1980 და 2002 წელს იყვნენ, და არჩევნები ორივე ჯერზე წააგეს. ბევრი თვლის, რომ პარტიას შესაძლოა წელს, მესამე ჯერზე გაუმართლოს.

ახლა შემდეგი მთავარი მოვლენა იქნება 14 მარტს დანიშნული არჩევნები ბადენ-ვიურტემბერგის მდიდარ შტატში. 2016 წელს ამ შტატის ამომრჩეველმა მწვანეები პირველად გადააქცია ყველაზე დიდ პარტიად, ქრისტიან-დემოკრატები კი მათი უმცროსი პარტნიორები გახდნენ კოალიციაში. ამჟამინდელი გამოკითხვებით, ამ ორ პარტიას თითქმის თანაბარი მხარდაჭერა აქვს. ამ არჩევნებს ბევრი განიხილავს ერთგვარ რეპეტიციად ნახევარი წლის შემდეგ დანიშნული ფედერალური კენჭისყრისთვის. ამავე დროს, ეს არჩევნები იმასაც გამოაჩენს, თუ ვინ იტვირთავს ანგელა მერკელის გავლენიან პოლიტიკურ მანტიას - იქნება ეს ლაშეტი, თუ რომელიმე სხვა პოლიტიკური ფიგურა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG